Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 12 ოქტომბერი 2010

  • ნიკო ნერგაძე

”რეზონანსი” დღეს გვაუწყებს, მომავალი ზამთარი ყველაზე მძიმე იქნება ბოლო 3 წლის განმავლობაშიო. ”ეკონომიკის დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯის შემცირება მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის ხარჯზე მოუწევს”, - წერს გაზეთი.

„რეზონანსშივე“ ნახავთ სტატიას გმირთა მოედნის ესტაკადაზე. მისი მშენებლობა 80 მილიონი დაჯდა და ქალაქის ეს მონაკვეთი კიდევ უფრო გაუვალი გახდაო, - წერს გაზეთი და ამატებს: არადა, ამ მაგისტრალის მშენებლობის დაწყებამდე სააკაშვილიც და უგულავაც ერთხმად ირწმუნებოდნენ, რომ მისი ერთი ფრთის გახსნის დღიდანაც კი თბილისის ცენტრალურ უბნებში მოძრაობა ნაწილობრივ მაინც განიტვირთებოდაო.

„ალია“ დღეს აქვეყნებს ინტერვიუს პარლამენტარ გია თორთლაძესთან, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების კანონით აკრძალვას ითხოვს. "საბჭოთა სიმბოლიკაში იგულისხმება საბჭოთა პერიოდის დროინდელი ქანდაკებები, ბარელიეფები, დასახელებები, ქუჩის სახელწოდებები და ა.შ., ანუ ყველაფერი, რაც კავშირშია საბჭოთა სიმბოლოებთან. საერთოდ, საქართველოსთვის ბოლშევიზმი და საბჭოთა პერიოდი იყო ისეთი პერიოდი, როგორიც მონღოლების, არაბობის პერიოდი და ა.შ. ამიტომ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ამ სიმბოლიკას, რაც იმ პერიოდს უკავშირდება.” - უთხრა გაზეთს გია თორთლაძემ და დეტალებსაც ჩაუღრმავდა: ”ომის ვეტერანებს არავინ არ აუკრძალავს სამკერდე მედლების ტარებას. თუ სახლში სტალინის სურათი უდევთ, არავინ შეუვარდება და არ ეტყვის, რატომ გაქვსო. რაც შეეხება საბჭოთა სიმბოლიკის მშრალ ხიდზე გაყიდვის საკითხს, ეს უკვე შემდგომი ეტაპია, ეს ყველაფერი მერე განისაზღვრება.”

აქვე ნახავთ ვარაუდებს იმის თაობაზე, თუ ვინ შეუერთდება მომავალში ახლად დაფუძნებულ ”ქართულ პარტიას”. "როგორც "ალიას" კომპეტენტური წყარო უყვება, გამორიცხული არაა, მალე "კონსერვატორებიც" შევიდნენ ამ გაერთიანებაში. როგორც შიდაპარტიული წყაროებიდან ხმები მოდის, ოქრუაშვილთან გაერთიანებას კობა დავითაშვილი და კახა კუკავა ემხრობიან, ზვიად ძიძიგური კი ეწინააღმდეგებაო... ინფორმატორის თქმით, ოქრუაშვილის ახალ პარტიაში მისვლას გეგმავს კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა, გოგა ხაინდრავა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში, სათაურით „რა პირობებს უყენებენ ძიძიგური, ხაინდრავა და გამყრელიძე ოქრუაშვილ-გაჩეჩილაძის ახალ მოძრაობას?!”
XS
SM
MD
LG