Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონს რთული ამოცანა აქვს ბალკანეთში


ჰილარი კლინტონი ბოსნია-ჰერცეგოვინაში
ჰილარი კლინტონი ბოსნია-ჰერცეგოვინაში
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სარაევოში ვიზიტით დაიწყო ტურნე ბალკანეთის ქვეყნებში და, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ეთნიკური განხეთქილებების დაძლევა გრძელვადიანი პროგრესისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბოსნიელებს სარაევოში, ასობით სტუდენტის წინაშე გამოსვლისას მიმართა მოწოდებით, დაძლიონ ეთნიკური დაპირისპირება და განახორციელონ პოლიტიკური რეფორმები, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ევროკავშირისა და ნატოს მიღმა დარჩნენ.

„ბოსნია-ჰერცეგოვინა ერთად გაცილებით უფრო ძლიერი, უფრო უნარიანია და უფრო შეძლებს საერთო ევროპული მომავლისაკენ სვლას, ვიდრე ცალ-ცალკე სიარულის შემთხვევაში“, - განაცხადა კლინტონმა, რომლის თქმითაც, ვაშინგტონი არ ემხრობა სეპარატიზმს ბოსნიაში, ან თუნდაც ამ საკითხის განხილვას.

ჰილარი კლინტონი, ბოსნია-ჰერცეგოვინის გარდა, სერბიასა და კოსოვოში ჩადის - შეერთებულ შტატებს, როგორც ცნობილია, აღიარებული აქვს კოსოვოს დამოუკიდებლობა. ამასთან, კლინტონის განცხადებით, ის სამივე ქვეყანას ერთი და იმავე მოწოდებით მიმართავს: „დროა, გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, გამყარდეს მშვიდობა მეზობლებს შორის, შეიქმნას პირობები გრძელვადიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის“.

სარაევოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გამოსვლისთვის ბოსნიის ეროვნული თეატრი შეირჩა, სადაც ის ბოსნიის მმართველი პრეზიდიუმის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მივიდა და სტუდენტებს აუწყა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიდერებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ ქვეყნის კეთილდღეეობის ხელშესაწყობად.

„თქვენ მეტისმეტად გრძელი გზა გაიარეთ, მეტისმეტად ბევრი გაქვთ დასაკარგი, თუ ამ უთანხმოებათა დაძლევას ვერ შეძლებთ“, - ასე მიმართა კლინტონმა ბოსნიელ სტუდენტებს მას შემდეგ, რაც, მისივე თქმით, პრეზიდიუმის სამ წევრთან შეხვედრაზე ძალიან გულახდილად ისაუბრა ამ მხრივ ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში კლინტონის ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე, 4 ოქტომბერს გაიმართა არჩევნები, რომელთა შედეგმაც კიდევ ერთხელ ცხადყო ეთნიკური დაპირისპირებების არსებობა - სამოქალაქო ომის დასრულებიდან 15 წლის შემდეგაც.

არჩევნების შედეგად, მუსულმანი და ხორვატი ბოსნიელების ლიდერებად, მართალია, ზომიერი კურსის მომხრეები აირჩიეს, მაგრამ ეთნიკური სერბების ადმინისტრაციულ ერთეულში ნაციონალისტმა ნებოისა რადმანოვიჩმა გაიმარჯვა, რომელიც ბოსნიისაგან რეპუბლიკა სრპსკას ჩამოშორებას, მის დამოუკიდებლობას ემხრობა.

შესაბამისად, ჰილარი კლინტონის ტურნეს დაწყებამდე მისმა მოადგილემ, ფილიპ გორდონმა განაცხადა - შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პროცესი ბოსნიაში ჩიხშია მოქცეული, ეთნიკური დაპირისპირების გამოო.

ჰილარი კლინტონს რთული ამოცანა მოელის ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტის შემდეგაც: უკვე სერბ და კოსოვოელ ლიდერებთან შეხვედრების დროს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ტურნეს დაწყებამდე, ვაშინგტონში განაცხადა, რომ შეეცდება სერბი და კოსოვოელი ლიდერების დარწმუნებას პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობაში.

„ძალიან მიხარია, რომ ვესტუმრები როგორც ბელგრადს, ისე პრიშტინას და მექნება შესაძლებლობა, ვესაუბრო არა მარტო ლიდერებს, არამედ მოქალაქეებსაც, რადგან მნიშვნელოვანია, რომ როგორც სერბებს, ისე კოსოვოელებს მიზნად შევუნარჩუნოთ ევროპული მომავალი, რადგან არსებობს რთული საკითხები, რომელთა მოგვარებაც მათ მოუწევთ“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. მისივე თქმით, ევროკავშირი და შეერთებული შტატები მზად არიან „ხელშესაწყობად და პირობების შესაქმნელად, მხარდასაჭერად და იმის სათხოვნელად, რომ მხარეებმა ერთმანეთთან ამ შეთანხმებებს მიაღწიონ“.

სერბია, როგორც ცნობილია, კვლავაც თავისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს კოსოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობა, შეერთებულ შტატებთან ერთად, კიდევ 70-მდე ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრების უმრავლესობას აქვს აღიარებული. არადა, ბელგრადს და პრიშტინას შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია ითვლება აუცილებელ პირობად ორივეს - ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის და მეტიც: მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის.

სექტემბერში სერბიამ გამოთქვა მზადყოფნა, მოლაპარაკება დაიწყოს პრიშტინასთან მიუხედავად იმისა, რომ, მისივე განმარტებით, არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ამოცანად სახელდება, შეამზადოს პირობები, ასეთი, ბელგრადს და პრიშტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.
XS
SM
MD
LG