Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

აქტიური და პასიური პარტიები


ბოლო პერიოდში შიდა ქართლი პოლიტიკოსებისთვის აქტიური რეგიონი გახდა. კვირა არ გავა ისე, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი გორის რაიონში, კონფლიქტის ზონის სოფლებში, არ ჩავიდეს და იქ არსებული მდგომარეობით არ დაინტერესდეს. ადგილობრივი პოლიტიკური ორგანიზაციების აქტიურობასაც მათი ლიდერების აქტიურობა განაპირობებს. ამ მხრივ გამორჩეულები არიან ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელები და ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ამ პარტიის აქტიურობა არჩევნების პერიოდში უფრო თვალშისაცემია ხოლმე. პარტიას ოფისი გორის ცენტრში აქვს, მაგრამ იგი მუდმივად დაკეტილია. როგორც ცნობილია, პარტიის ძირითადი ბირთვი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შედგება, ამიტომ ისინი ამჟამად გამგეობის შენობაში - სამუშაო კაბინეტებში - იმყოფებიან. ეროვნული ფორუმის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისად ადმინისტრაციული შენობა გადაიქცა და ქალაქის ცენტრში არსებული ოფისი მხოლოდ ფორმალობაა.

ეროვნული ფორუმის ოფისი გორში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის რაიონში 2000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა. ფორუმის მსგავსად, რესპუბლიკური პარტიის ოფისიც ყოველდღიურად მუშაობს, მაგრამ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის დავით რაზმაძის თქმით პარტია ამჟამად ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

ცოტა ხნის წინ გორში კონსერვატორების, “ჩვენი საქართველო- თავისუფალი დემოკრატების“ და სახალხო კრების ოფისები გაიხსნა. რაც შეეხება დახურულ ოფისებს, არჩევნების შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტეს „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, „თორთლაძე – დემოკრატების“ და ახალი მემარჯვენეების ადგილობრივმა ორგანიზაციებმა. მათი ყოფილი ოფისებიდან ბანერებიც ჩამოხსნილია. ქრისტიან-დემოკრატებმა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოში ერთი კაცი გაიყვანეს. პარტიას გორში ოფისი აქვს, მაგრამ გორის ორგანიზაციის ლიდერის ზურაბ როსებაშვილის თქმით, ფინანსური პრობლემების გამო კასპისა და ქარელის პარტიული ოფისები დახურეს.

გორში, ძირითადად, სამი პოლიტიკური ორგანიზაცია აქტიურობს. სხვა პარტიები კი მხოლოდ არჩევნების წინ აფუძნებენ ადგილობრივ ორგანიზაციებს და არჩევნების შემდეგ პარტიულ ოფისებს მალევე ხურავენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG