Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შეშფოთებულია ჩინეთისა და მისი მეზობლების უთანხმოებით


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი

წყნარი ოკეანის აზიის წყლებში კუნძულების გარშემო მიმდებარე ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოება, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის თანახმად, რეგიონალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ამის თაობაზე მან ჰანოიში, სამხრეთ აზიის სახელმწიფოთა შეხვედრაზე, შეშფოთება გამოხატა.

გეიტსმა ჰანოიში შეხვედრის მონაწილეთ განუცხადა, აშშ-ს არაერთხელ ჰქონია საუბარი აზიის ამ კუნძულებთან დაკავშირებით, თუ ვისა აქვს მათი გაკონტროლების უფლებაო. გეიტსს არ უხსენებია ჩინეთი, მაგრამ ცნობილია, რომ პეკინი სულ უფრო აგრესიულ ხერხს მიმართავს და იმ არეალებში საზღვაო ფლოტის ძალის დემონსტრირებას ახდენს. ესაა ვაშინგტონის მიერ გამართული საუბრების თემა. გეიტსმა აშშ-ის სახელმწიფო ინტერესი ასე ჩამოაყალიბა:

„აშშ-ის სახელმწიფო ინტერესში შედის ზღვაზე თავისუფალი მოძრაობა, ეკონომიკისა და ვაჭრობის შეუფერხებელი განვითარება და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.“

გეიტსმა თქვა, აშშ ყოველთვის განახორციელებდა თავის უფლებას გადაადგილებულიყო და ემოქმედა საერთაშორისო წყლებში, მხარს უჭერდა სხვების ამ უფლებასაც და ეს არ შეიცვლებაო. გეიტსმა ილაპარაკა ჩინეთის პრეტენზიაზე, გააკონტროლოს ზღვის არეალები, რომლებიც მის სანაპიროს დაშორებულია და რომელთაც ვაშინგტონი საერთაშორისო წყლებად მიიჩნევს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა აზიის ქვეყნებს, რომლებიც ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეს გრძნობენ და ამერიკის მხრიდან ზურგის გამაგრება სურთ მაშინაც კი, როცა პეკინთან მეგობრულ ურთიერთობას ესწრაფვიან. გეიტსმა ჰანოის შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ აშშ ამ უთანხმოებებში არავის მხარეს არ არის და მათ მოსაგვარებლად უპირატესობას ერთობლივ ძალისხმევას ანიჭებს. ჩინეთს კი, ამისგან განსხვავებით, ორმხრივი მოლაპარაკებებით სურს უთანხმოების მოგვარება. ტერიტორიები, რომლებზეც ლაპარაკია, სტრატეგიული და წიაღისეულით მდიდარი არეალებია. ჰანოის შეხვედრის არაერთმა მონაწილემ გეიტსს შესჩივლა ჩინეთის აგრესიული ქმედებების თაობაზე. იაპონია, მაგალითად, შეშფოთებულია იმ მოვლენებით, რომლებიც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში სექტემბერში მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. მას შემდეგ ტოკიო-პეკინის ურთიერთობა გაუმჯობესდა, მაგრამ ბოლო წლებში ყველაზე ცივ წერტილს მიაღწია. ორი ქვეყანა პრეტენზიას აცხადებს ტერიტორიაზე, რომელსაც იაპონელები „სენკაკუს“, ხოლო ჩინელები „დიაოიუს“ უწოდებენ. ამავე დროს, ჩინეთი და ვიეტნამი ვერ თანხმდებიან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე პარასელსის კუნძულების,ისევე როგორც უფრო სამხრეთით მდებარე სპრატლის არქიპელაგის თაობაზე. ვიეტნამი ასახელებს არაერთ შემთხვევას, როცა ჩინეთის საზღვაო ფლოტმა ვიეტნამელი მეთევზეები დააკავა და აღჭურვილობა ჩამოართვა. სპრატლის არქიპელაგზე პრეტენზია აქვთ ფილიპინებს, მალაიზიას და ბრუნეის. აშშ შიშობს, რომ ამ უთანხმოებებმა შეიძლება საერთაშორისო საზღვაო მოძრაობა შეაფერხოს. ზოგიერთი მიმომხილველი იმასაც ფიქრობს, რომ ჩინეთის აგრესიულ ქმედებას შეიძლება საომარი დაპირისპირება მოჰყვეს. ჩინეთი ჰანოიში ცდილობს თავისი მეზობლები დააშოშმინოს და მათ მოლაპარაკებას სთავაზობს. გენერალი ლიან ჟუანლი, ჩინეთის სამკაციანი წარმომადგენლობის წევრი, რომელიც გეიტსის პარტნიორადაა აღიარებული, ამბობს, რომ ჩინეთის ყოველი მოძრაობა მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა, რომ ის არავის ემუქრება და მიზნად მშვიდობასა და სტაბილურობას ისახავს. ვიეტნამის თავდაცვის მინისტრი ფუნ სუან თანი მიესალმა პეკინის გადაწყვეტილებას, უპირობოდ გაათავისუფლოს ცხრა ვიეტნამელი მეთევზე, რომლებიც სადავო არეალში, პარასელსის კუნძულებთან დააკავეს. თანის თქმით, ეს გადაწყვეტილება ჩინეთის „კეთილ ნებას“ გამოხატავს. ჰანოიში ეს შეხვედრა სამშაბათს დაიწყო ოფიციალურად. მასში 10 ქვეყნის - სხვათა შორის, სამხედრო თვალსაზრისით მძლავრი ქვეყნების - ჩინეთის, რუსეთის, აშშ-ის, ავსტრალიისა და ინდოეთის სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელები მონაწილეობენ. ორშაბათს მათ ერთმანეთს შეუთანხმეს ხუთი საკითხი თავდაცვის სფეროდან. მათ შორისაა: ჰუმანიტარული დახმარება და სამაშველო მხარდაჭერა კატასტროფების დროს, ზღვის უსაფრთხოება, ანტიტერორიზმი და სამშვიდობო ოპერაციები.

გეიტსს ორშაბათს ორმხრივი მოლაპარაკება ჰქონდა ჩინეთის გენერალ ლიანთან და იაპონიის თავდაცვის მინისტრ ტოშიმი კიტაცავასთან. მოლაპარაკების თემა ტერიტორიული უთანხმოებები იყო.
XS
SM
MD
LG