Accessibility links

logo-print
პროგრამის დღევანდელ გამოშვებაში გიამბობთ გასულ კვირაში, 7 და 8 ოქტომბერს, ბერლინში გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „ევროპის აღმოსავლეთი: ევროპის პოლიტიკა მისი აღმოსავლელი მეზობლების მიმართ“. დისკუსიების დროს საკმაოდ აქტუალური იყო საქართველოს საკითხი.

როგორი უნდა იყოს ევროპა 2025 წელს? რა ფორმით უნდა წარიმართოს ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის, რათა რეგიონის „გავლენის ზონებად“ დაყოფის ნაცვლად მათ შორის თანამშრობლობა დამყარდეს? რა დაგვანახა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა, ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებულ სხვა პოტენციურ კონფლიქტებთან მიმართებით? - ეს გახლავთ რამდენიმე იმ მრავალი კითხვიდან, რომელთა პასუხების მოძებნასაც ცდილობდნენ ბერლინში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეები - დიპლომატები, პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ექსპერტები.

კონფერენცია ჰაინრიხ ბიოლის ბერლინის ოფისისის მიერ იყო ორგანიზებული, საგარეო ურთიერთობების ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობით. როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრმა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა თინა ხიდაშელმა გვითხრა, მსგავს კონფერენციებს ფონდი ყოველწლიურად ატარებს:

„[ეს კონფერენცია] ყოველ წელს ტარდება, მე უკვე რამდენიმე წელია დავდივარ. ძირითადი მიზეზი არის ხოლმე კონფლიქტები. ანუ პრაქტიკულად ყოველ კონფერენციაზე ეს ერთ-ერთი თემაა ხოლმე. და დემოკრატია, ცხადია. შესაბამისად, საქართველო აქტუალურია. იყო ერთი წელი, როცა თემა იყო ევროკავშირი-რუსეთი, თუმცა საქართველო, ბუნებრივია, მაშინაც აქტუალური იყო.“

წლევანდელი კონფერენციის სტრუქტურა რამდენიმე, თემატურად განსხვავებულ, დისკუსიას მოიცავდა, თუმცა თითქმის ყველა განხილვის თანმდევი თემა იყო ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და, კიდევ უფრო კონკრეტულად, 2009 წლის მაისში დაწყებული აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა. როგორც იცით, ამ პროგრამაში 6 ქვეყანა მონაწილეობს - საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსია. პროგრამა, ძირითადად, ორი ფორმით ითვალისწინებს ამ ქვეყნების დაახლოებას ევროკავშირთან - სავაჭრო კავშირების გააქტიურებით და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით (აქვე შეგახსენებთ, რომ ვიზებთან დაკავშირებული პროცესის დაწყების შეთანხმება ევროკავშირმა და საქართველომ ივნისში გააფორმეს. უფრო ფართო - ასოცირების - ხელშეკრულება კი 15 ივლისს დაიდო ბათუმში).

მნიშვნელოვანია, რომ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. ანუ ახლანდელი, 27 წევრისგან შემდგარი სტრუქტურის მიღმა ევროკავშირი ამ ეტაპზე გაფართოებას აღარ გეგმავს. არადა, კონფერენციის არაერთი მონაწილის აზრით, გაწევრიანების მკაფიო პირობის გარეშე აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა არ იძლევა საკმარის სტიმულს საიმისოდ, რომ მასში ჩართულმა ქვეყნებმა დემოკრატიას რეალურად შეუწყონ ხელი და რეფორმები გაატარონ.

ამ მთავარი საკითხის გარდა, აღმოსავლეთის პარტნიორობა სხვა მახასიათებლებითაც ხდება ხოლმე კრიტიკის საგანი. ბევრი კითხულობს, რამდენად ეფექტიანი იქნება პროგრამა, რომელიც ამ 6 ქვეყანას შორის არსებითად აუქმებს სხვაობებს და, მაგალითად, ავტორიტარულ აზერბაიჯანს და ბელორუსიას იმავე დონეზე აყენებს და იმავე სიკეთეებს ჰპირდება, რასაც ბევრად უფრო დიდი ევროენთუზიაზმით გამორჩეულ საქართველოს, უკრაინას და მოლდავეთს. თუმცა ამის პასუხად სხვები რეგიონალური კონკურენციის საკითხს წამოსწევენ ხოლმე - აცხადებენ, როდესაც ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთი დაინახავს, რომ მისი მეზობელი უფრო წინ წავიდა დემოკრატიზაციისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში, ისიც ეცდება მეზობელს დაეწიოსო.

ცხადია, ბერლინში ჩატარებული კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთი, რომელიც ძალიან ნეგატიურად შეხვდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ დაწყებას და ის ევროკავშირის მხრიდან რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოების მცდელობად შეაფასა, მოსკოვის გავლენის კლების ხარჯზე.

„ვიცი, რომ ეს საქართველოში უცნაურად გაიჟღერებს, მაგრამ, ჩემი აზრით, რუსეთის შესახებ არსებული შიშები გაზვიადებულია. ვფიქრობ, რუსეთს საკმარისი პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში“, - გვითხრა კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თომას ნიკოლსმა - აშშ-ის საზღვაო სახედრო კოლეჯის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების პროფესორმა, რომელიც ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრობლობს. - „რუსეთ-საქართველოს ომი ყველა მხარის მიერ დაშვებული შეცდომა იყო. მე ევროკავშირის კომისიის დასკვნებს ვიზიარებ ამ ომის თაობაზე. ამასთან, საქართველოსთან ომის წარმოებისას რუსეთის არმიამ სისუსტეები გამოავლინა - და ეს თავად რუსებმაც კარგად იციან. [გამარჯვება] რუსეთმა მხოლოდ იმის გამო მოიპოვა, რომ საქართველოს ზომით აღემატებოდა ბევრად. მაგრამ ზოგადად თუ ვიტყვით, მე რუსეთს არ მივიჩნევ ისეთ [საერთაშორისო] ძალად, რომელსაც ყველაფერში ანგარიში უნდა გაეწიოს.“

თუმცა კონფერენციაში მონაწილე რუსეთის წარმომადგენლის - გერმანიაში რუსეთის ელჩის, ვლადიმირ გრინინის - განცხადებებმა არ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მათი უგულებელყოფა მართლაც ადვილი იყო.
ვლადიმირ გრინინს რუსეთის და მანამდე საბჭოთა დიპლომატიის სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - 1973-დან 1980 წლამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა. კონფერენციის პირველ დღეს - 7 ოქტომბერს - მან ბევრი ისაუბრა ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შემოღების აუცილებლობაზე იმისათვის, რომ „ყველამ“ - ევროკავშირმა, რუსეთმა, უკრაინამ, საქართველომ - თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ახალი არქიტექტურის ამუშავება პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ინიციატივაა, რომელსაც დასავლეთი დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება.

რუსეთის ელჩს აუდიტორიიდან დაუსვეს შეკითხვა, ამ ახალი არქიტექტურის ამუშავების შემთხვევაში დათანხმდებოდა თუ არა რუსეთი საქართველოდან ჯარი გაეყვანა. ელჩის პასუხი იყო, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადებული პირობა შეასრულა და საქართველოდან თავისი ბაზები გაიყვანა - ახლა კი საქართველოს ტერიტორიაზე „ორი სუვერენული სახელმწიფო“ გაჩნდა, სადაც რუსეთს თავისი ჯარები ჰყავს განლაგებული. შესაბამისად, საქმე სულ სხვა ვითარებასთან გვაქვსო, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

ეს, არსებითად, საკმაოდ სტანდარტული განცხადება იყო, რომელსაც რუსეთის მხარე ხშირად იმეორებს ხოლმე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. თუმცა კონფერენციის მონაწილეები გრინინის გამოსვლას მეორე დღესაც აქტიურად განიხილავდნენ - მათ შორის იმ დისკუსიაზე, რომელიც უშუალოდ რუსეთ-საქართველოს ომს და ამ ომის შედეგებს მიეძღვნა.

როგორც იცით, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით ევროკავშირი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს - კონფლიქტების პრევენციის მიზნით წარგზავნილი ჰყავს მონიტორინგის მისია, თუმცა მას საკუთრივ სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის საშუალება არა აქვს. ევროკავშირი ასევე ერთ-ერთი სპონსორია კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებისა. ამასთან, ის კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობასაც ცდილობს მხარეებს შორის ნდობის და კავშირების აღდგენაზე მუშაობის გზით.

თუმცა, როგორც ამ დისკუსიის ერთ-ერთმა მომხსენებელმა - მაგდალენა ფრიჩოვა გრონომ - გვითხრა, გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვისას ევროკავშირი მაინც პრობლემებს აწყდება.

„ევროკავშირს ძალიან უჭირს ამ კონფლიქტთან მიმართებით პრაქტიკული პოლიტიკის შემუშავება. ერთი მხრივ, არსებობს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული საზავო ხელშეკრულება, თუმცა ევროკავშირი რუსეთს მისი პირობების შესრულებას მკაცრად არ თხოვს და რუსეთის სამხედრო ძალები სულ უფრო მყარად იკიდებენ ფეხს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მეორე მხრივ, ევროკავშირი არც საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს საკმარისად აქტიურად იმისათვის, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ შემოქმედებითი მიდგომები რეალურად ამუშავდეს“, - გვითხრა მაგდალენა ფრიჩოვა გრონომ, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტი და საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის ყოფილი დირექტორია. ის კარგად იცნობს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას - ამ ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.

ფართო სურათზე და მსხვილ მოთამაშეებზე - ევროკავშირზე, რუსეთზე, ნატოზე - საუბარი საჭირო და საინტერესოა, თუმცა ადგილობრივ კონტექსტსაც დიდი მნიშვნელობა აქვსო, - გვითხრა მაგდალენა ფრიჩოვა გრონომ. კონფლიქტების რეალურად გადაჭრისთვის მათი აღქმის შეცვლაა აუცილებელი ლოკალურ - საქართველოს - კონტექსტშიო, დასძინა მან: „მედიისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კონფლიქტების შესახებ სიღრმისეული დისკუსია ჯერჯერობით არ გამართულა. ადმინისტრაცია ძალიან ძლიერ პროპაგანდისტულ მანქანას ამუშავებს და ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ-რუსულ კონფლიქტად აღწერს. ცხადია, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო-რუსეთის განზომილებაზე კონცენტრაცია ლოგიკური და მართებულია, თუმცა ამან კონფლიქტის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური განზომილებების გაქრობა გამოიწვია.“

ზოგადად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე საუბრისას კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობის გამოსვლაში იკვეთებოდა მოსაზრება, რომ ამ ომმა საქართველო - და რეგიონის სხვა ქვეყნებიც - მნიშვნელოვნად დააშორა როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას. ამ ომით დასავლეთს რეგიონის შესახებ ყველაზე ნეგატიური სტერეოტიპები გაუმყარდაო, - გვითხრა საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს სოფიის ოფისის დირექტორმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელმა დიმიტარ ბეჩევმა:

„გარკვეული თვალსაზრისით, ევროპელებისთვის ეს წინასწარმეტყველების ახდენაც იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ ომამდე, ბუქარესტში [გამართულ სამიტზე] ძირითადი ევროპული ქვეყნები [ნატოს] გაფართოების წინააღმდეგ გამოვიდნენ - განაცხადეს, უკრაინის და საქართველოს მსგავს ქვეყნებთან ინსტიტუციურ კავშირებს თუ გავაღრმავებთ, ეს ევროკავშირის ძველ წევრებს რუსეთთან კონფლიქტის საფრთხეს შეუქმნისო. მათი შეხედულებით, [რუსეთ-საქართველოს ომით] ზუსტად ეს დამტკიცდა. ომმა გაამყარა ყველაზე ნეგატიური წინასწარი განწყობები, რომ დასავლეთს საქმე არასტაბილურ ადგილებთან ჰქონდა.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG