Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადება ჟენევის მოლაპარაკებათა მე-13 რაუნდისთვის


გაეროს შტაბბინა ჟენევაში
გაეროს შტაბბინა ჟენევაში
14 ოქტომბერს დაგეგმილი მე-13 რაუნდისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეები კვლავაც განსხვავებული პრიორიტეტებით, პოზიციებითა და განწყობით ემზადებიან. თუკი საქართველო ძირითად აქცენტს, მაგალითად, დევნილების ღირსეული დაბრუნების თემაზე აკეთებს, რუსეთის მფარველობის ქვეშ მოქმედი სეპარატისტული რეგიონები კვლავაც უპირველეს ამოცანად თვლიან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას თბილისთან. ამასთან, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერები მე-13 რაუნდის წინ ძლიერ უკმაყოფილებას გამოხატავენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და განსაკუთრებით შეერთებული შტატების მისამართით.

უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავება, დეოკუპაცია და დევნილების ღირსეული დაბრუნება, - ამ უცვლელი პრიორიტეტებით გაემგზავრა 13 ოქტომბერს საქართველოს დელეგაცია ჟენევაში. თუმცა, როგორც დელეგაციის წარმომადგენელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი აღნიშნავს, კონკრეტული შედეგები ნაკლებად არის მოსალოდნელი:

”სამწუხაროდ, რაიმე გარღვევას არ ველოდებით... თუმცა იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების შემდეგ, თუ რუსული მხარე წავა კომპრომისზე, ჩვენ შევძლებთ პროგრესის მიღწევას...”

მთავარ საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთი და მისი მფარველობის ქვეშ მოქმედი სეპარატისტული რეგიონები კომპრომისზე წასვლას არც კი აპირებენ, კვლავაც ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების საკითხი წარმოადგენს. ამ სამეულის გეგმით, ამგვარი შეთანხმება თბილისმა ცხინვალთან და სოხუმთან უნდა გააფორმოს. ეს კი კატეგორიულად მიუღებელია თბილისისთვის, რომელიც ძალის გამოუყენებლობის რაიმე სახის ახალი დოკუმენტის გაფორმების პერსპექტივას მხოლოდ მოსკოვთან ხედავს. ამ პოზიციას სავსებით იზიარებს ვაშინგტონი და, ძირითადად, სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერები ვაშინგტონს მწვავედ აკრიტიკებენ.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის, ბორის ჩოჩიევის თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებებს საქართველო სწორედ ამერიკის მხარდაჭერით გაურბის. ხოლო თუკი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს მოვუსმენთ, ვაშინგტონი, არც მეტი და არც ნაკლები, ომის ხელშემწყობი გამოდის. 11 ოქტომბერს ბაღაფშმა თქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები ”მძიმე ხასიათის მატარებელი იქნება”:

”...ეს დაკავშირებულია სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებასთან, რომელშიც ასახულია საქართველოს პირდაპირი მხარდაჭერა და ამერიკის მზადყოფნა ბოლომდე მიიყვანოს ეს პროცესი. ასეთ განცხადებას რესპუბლიკის ხელისუფლება აღიქვამს შეერთებული შტატების მზადყოფნად მხარი დაუჭიროს მათ შორის საქართველოს სამხედრო ოპერაციასაც აფხაზეთის წინააღმდეგ.”

საქართველოს მისამართით მრავალგზის გამოხატული მხარდაჭერის მიუხედავად, მილიტარისტული მინიშნება ჰილარი კლინტონს, ბუნებრივია, არასოდეს გაუკეთებია, მათ შორის - არც ივლისში, თბილისში სტუმრობისას, და არც ვაშინგტონში, რამდენიმე დღის წინ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მორიგ შემაჯამებელ სხდომაზე გამოსვლისას. თუმცა შეერთებული შტატები ჟენევის მოლაპარაკებათა ერთადერთი მონაწილე არ არის, რომელსაც სეპარატისტული რესპუბლიკების ლიდერთა გულისწყრომა უკავშირდება.

ბაღაფში და ჩოჩიევი უკმაყოფილებას ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების - ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს მისამართითაც გამოხატავენ. მაგალითად, ჩოჩიევი ამბობს, რომ ხსენებული ორგანიზაციები ჰუმანიტარული დახმარების საკითხებსაც კი საქართველოს ტერიტორიული ინტერესების გათვალისწინებით განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ ”ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა, როგორც წესი, არ არის დამოკიდებული საზღვრებსა და მარშრუტებზე.”

ერთადერთი გამონაკლისი, ვისი მისამართითაც ოსური მხარე ამ ეტაპზე კმაყოფილებას გამოხატავს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი გახლავთ. ბორის ჩოჩიევი მიიჩნევს, რომ სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნებული უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული ანგარიში ”საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.”

ოსური მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზეც აპირებს საუბარს ანგარიშზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში გაუჩინარებული პირების საქმეთა გამოძიების ნაკლოვანებებს ასახავს და რომელმაც ქართული მხარე მართლაც უკმაყოფილო დატოვა. ქართული მხარე არ ეთანხმება ანგარიშში ასახულ დარღვევებს და, თავის მხრივ, ცხინვალის იზოლატორში დარჩენილი ქართველების გათავისუფლებას ითხოვს. თავად თომას ჰამარბერგი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-13 რაუნდს არ დაესწრება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG