Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას ახალი საპროცესო კოდექსი


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას რეგლამენტი დაარღვია და ცვლილებები დაჩქარებული წესით, საზოგადოებისგან მალულად, პირველი მოსმენის გარეშე მიიღო. იგულისხმება ცვლილებათა ის პაკეტი, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ბრალდებულის უფლებებზე და, საიას შეფასებით, აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე აცხადებს, რომ ამ საკანონმდებლო აქტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო მისი განხილვის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო, რასაც პარლამენტმა თავი აარიდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრეტენზია საქართველოს პარლამენტის მიმართ ძალიან კონკრეტულია. ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიღებისას დაარღვია რეგლამენტით დადგენილი წესები, კერძოდ კი, ცვლილებათა უმრავლესობა პარლამენტმა პირველ მოსმენაზე უბრალოდ არ გაიტანა და მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო, რაც, ახალგაზრდა იურისტების შეფასებით, მარტივი მიზეზით მოხდა: პარლამენტი სპეციალურად გადაახტა პირველ მოსმენას, რომ ცვლილებების მიღება გაეადვილებინა. ეს კი, ხიდაშელის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ცვლილებათა პაკეტის გასაჩივრების საფუძველი შეიძლება იყოს. ამის განცხადების უფლებას საიას პარლამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია აძლევს: ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც პირველ მოსმენაზე წარუდგინეს პარლამენტს, მოცულობითაც და შინაარსითაც განსხვავდება საბოლოო დოკუმენტისგან, რომელიც პარლამენტმა 2010 წლის 17 სექტემბერს მეორე მოსმენით მიიღო, 24-ში კი მესამე მოსმენით დაამტკიცა:

”ანუ რეალურად რა გააკეთა საქართველოს პარლამენტმა? - მათ, ერთი მოსმენით, ჯერ კიდევ აპრილში მიიღეს ერთი ფარატინა ფურცელი - სულ ოთხი მუხლი, რომელიც ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მსჯავრდებულის გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში, პირობითი მსჯავრდება და ა.შ., მაგრამ შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა ცვლილებათა პაკეტი და გააცნობიერეს, რომ საკმარისი დრო აღარ რჩებოდა ამ ცვლილებათა პაკეტის სათანადო წესით ინიცირებისა და სამი მოსმენით განხილვისათვის, პირველი მოსმენით ამ ერთ ფარატინა ფურცელს დაერთო სხვა 27 ფურცელი და ეს ამხელა ცვლილებათა პაკეტი, პირველი მოსმენის ნაცვლად, გავიდა მეორე მოსმენაზე. ერთადერთი მოტივაცია, ჩემი აზრით, თუ რატომ მოხდა ეს, ისაა, რომ პარლამენტს სურდა ეს ცვლილებები მიეღო სასწრაფოდ”.

პროტესტი მხოლოდ რეგლამენტის დარღვევამ და იმ ფაქტმა არ გამოიწვია, რომ კანონში ცვლლების შეტანისას არასამთავრობო სექტორს, ადვოკატებს და იურისტებს არავინ არაფერი ჰკითხა. როგორც თამარ ხიდაშელი განმარტავს, ცვლილებათა პაკეტში არის მუხლები, რომლებიც აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას, პრინციპულად ცვლის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში საქმის წარმოების მომწესრიგებელ ნორმებს, გირაოს შეფარდების წესებს და ა.შ.:

”ძველ კოდექსში პირის აღიარებით ჩვენებასთან ერთად, ბრალი რომ დამტკიცებოდა, უნდა წარმოდგენილი ყოფილიყო რამდენიმე მტკიცებულება თანდართული, რომ მოსამართლე ნამდვილად დარწმუნებულიყო, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ახლა კი შევიდა ცვლილება, რომ, პირიქით, მსჯავრდება შესაძლებელი იქნება, თუ მისი აღიარებითი ჩვენება გამყარებულია ერთი მტკიცებულებითაც კი. ამას გარდა, თუ აქამდე ნაფიც მსაჯულთა მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, როცა ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა 11-ის ტოლი იყო, საჭირო იყო 10 ხმა, დღეს რაოდენობამ ერთით დაიკლო და საკმარისია 9 ხმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რაც ასევე დაბლა სწევს მტკიცების სტანდარტს.”

საიას იურისტი გიორგი გოცირიძე კიდევ ერთ საინტერესო ცვლილებაზე ლაპარაკობს. კერძოდ, მოსამართლეებს მიეცათ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმების უფლება.

ზოგადად, მოისმენს თუ არა დამოუკიდებელი ექსპერტების შენიშვნებს კანონის განხილვის პროცესში პარლამენტი, ეს საკანონმდებლო ორგანოს კეთილი ნებაა და კანონი ამას არ ავალდებულებს, თუმცა ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ კოდექსზე მუშაობაში, ქართული არასამთავრობო სექტორის გარდა, თითქმის ყველა იყო ჩართული:

”როდესაც სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს ამუშავებდნენ, მასში მონაწილეობდნენ სასამართლოს, პროკურატურის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამერიკელ ადვოკატთა ასოციაციაც კი იყო ჩართული ამ პროცესში, გარდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა, და ესეცაა მაგალითი იმისა, რომ აბსოლუტური იგნორირება ხდება ადვოკატთა კორპუსისა”.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კითხვები დაგროვდა: რატომ დაარღვია პარლამენტმა რეგლამენტი ან, საერთოდ, იზიარებს თუ არა ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ამ შენიშვნას? რატომ არ იმსჯელა საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენისას იმ ვარიანტზე, რომელიც მხოლოდ მეორე მოსმენისას დაამტკიცეს, მით უმეტეს, რომ, როგორც ირკვევა, მასში არაერთი სადავო მუხლი შევიდა?.. ხელისუფლების მხრიდან მოპასუხესთან დაკავშირება, როგორც წესი, რთულია. ერთადერთი, ვისთან დაკავშირებაც შევძელით, იურიდიული კომიტეტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილია, რომელმაც გვითხრა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან საიას განცხადებას უნდა გაეცნოს.

საია კანონის მიღების წესს ვერ გაასაჩივრებს, თუმცა შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს იმ შემთხვევაში მიმართოს, თუ მიიჩნევს, რომ პრაქტიკაში კანონის ზოგიერთი დებულება კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს ლახავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG