Accessibility links

logo-print
„კონფლიქტის მოგვარების მომავალს დასავლეთი საზღვრებს მიღმა თანამშრომლობაში ხედავს“ - ასეთია სახელწოდება ორდღიანი კონფერენციისა, რომელსაც ბიოლის ფონდმა უმასპინძლა და რომელიც ფინეთის მხარემ დააფინანსა. რას გულისხმობს ’თანამშრომლობა საზღვრებს მიღმა’? ქართველი და უცხოელი ექსპერტები, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამ თემაზე ორი დღის განმავლობაში საუბრობდნენ. შეხვედრებს ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველა ზის და ლაპარაკობს, ლაპარაკობს ბევრს, ყავას სვამს შიგადაშიგ, ზოგს ლეპტოპი უდევს წინ, ზოგი ამთქნარებს, ზოგი იმაზე ფიქრობს, როგორ დაალაგოს თავისი სათქმელი და სხვის გამოსვლას ნაკლებად უსმენს. ყველას საკუთარი აზრი აქვს. ბევრი მიიჩნევს, რომ დროს კარგავენ, დროს და ფულს. რას იზამ, ასეთია პოლიტიკა - არაპირდაპირი, შემოვლითი. თუმცა შეხვედრაზე პირდაპირი საუბარიც ისმოდა. ასე ვსხედვართ მაგიდასთან წლებია და შედეგიო? ამას ჰქვია კონფლიქტის გაყინვა და არა მისი მოგვარებაო. ფრაგმენტი მეცნიერებათა დოქტორ გია ნოდიას დასკვნითი სიტყვიდან:

„არის ასეთი თეორია: იწყებ არასამთავრობო სექტორით, პატარა ჯგუფებით სამოქალაქო სექტორიდან... აზრი ჰორიზონტულად ვრცელდება და საზოგადოების ტრანსფორმირება ხდება... მიდის მაღლა, პოლიტიკისკენ და პოლიტიკის ტრანსფორმირებას ახდენს. ამ თეორიის მიხედვით, ამას მოჰყვება კონფლიქტის მოგვარება. ამას კონფლიქტის ტრანსფორმაციას ეძახიან. სიმართლე გითხრათ, არასდროს მესმოდა ამ ტერმინის. საქმე ისაა, რომ მსგავს მეთოდს არასდროს გადაუჭრია მსგავსი ტიპის კონფლიქტი საზღვრების თაობაზე“.

გია ნოდიას აზრით, უსაფრთხოდ კონფლიქტის გაყინვა აინტერესებს დასავლეთს, რომელიც ამ გზით თავის სიახლოვეს საფრთხის კერის ლოკალიზებას ახდენს:

„უკანასკნელ წლებში იყო, შეიძლება ითქვას, კონფლიქტი სააკაშვილის მთავრობასა და დასავლეთის მთავრობებს შორის. დასავლეთის მთავრობებს სურდათ, კონფლიქტი გაყინული ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ისინი ამბობდნენ, რომ მისი მოგვარება სურდათ, მაგრამ რეალურად უნდოდათ, რომ კონფლიქტი უსაფრთხოდ ყოფილიყო გაყინული, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ მისი მოგვარება შეუძლებელი იყო. ამიტომ დასავლეთს უნდოდა, რომ ეს სახალხო დიპლომატიები და სხვადასხვა მოლაპარაკება გაგრძელებულიყო კიდევ, რა ვიცი, ოცდაათი წელი“.

გია ნოდიას არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თუ რამდენად სახალხოდ დიპლომატიურნი იყვნენ მხარეები ამ პროცესში - თუნდაც ქართული მხარე; რამდენად არაპროვოკაციულნი და კონფლიქტისკენ არამიდრეკილნი იყვნენ, რამდენად ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციებს და კონფლიქტურ მხარეებს შორის ურთიერთობა რამდენად იყო დაფუძნებული ნდობაზე... თუმცა ის კი აღნიშნა ნოდიამ, ქართულ სამთავრობო ელიტას, დასავლეთისგან განსხვავებით, ყინულის გალღობა სწრაფად უნდოდაო:

„სააკაშვილს სურდა, რომ კონფლიქტი სწრაფად მოგვარებულიყო. ამან შექმნა ინტერესთა კონფლიქტი დასავლეთსა და სააკაშვილს შორის. შედეგი? პრობლემა არ მოგვარებულა. სამწუხაროდ, მისი თავიდან გაყინვა გახდა საჭირო. ახლა საქართველოს მთავრობაც მიხვდა, რომ ვერაფერს გახდება და ის უკვე აღიარებს რეალობას. შეიძლება არ მოსწონს, მაგრამ აღიარებს, რომ ამ გზით ვერაფერს გახდება. ასე რომ, ახლა ძირითადი კონსენსუსია მიღწეული დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფალთა შორის. ამას დავარქმევდი სტრატეგიული მოთმინების ფაზას“.

გია ნოდიას შემდეგ ქართველი გამომსვლელების ტონი სიბრაზენარევი იყო, თუმცა მოთმინება - სტრატეგიული მოთმინება - ეტყობოდათ: რუსეთია ყველაფერში დამნაშავე, ჩვენი შეცდომების მიუხედავად, რუსეთი დიდია და დიდი წილი პასუხისმგებლობისა სწორედ მას ეკისრებაო. სხვადასხვა პოლიტიკური განცხადების შემდეგ მიკროფონს შვეიცარიის ელჩი, გიუნტერ ბეხლერი, იმარჯვებს. პირდაპირ არ აღუნიშნავს, მაგრამ, ალბათ, პირველ რიგში გია ნოდიას მიმართა: წლების განმავლობაში ბერლინში ვიცხოვრე, ვისწავლე ცივის ომის დროს კონფლიქტის თემაზე, კონფლიქტის წინა ხაზზეო, მოგვიანებით ამ თემაზე ვიმუშავე და მიმაჩნია, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია, რისთვისაც, უბრალოდ, მოთმინებაა საჭიროო:

„ადამიანებით, ჰუმანიტარული მიდგომებით, საზღვრებს მიღმა ყველანაირი ზომებით, ხალხებს შორის კავშირების გამყარებით, პირველ რიგში, უბრალო ადამიანებს შორის ახალი კავშირების გაჩენით რკინის ფარდის ორ მხარეს კონფლიქტი დავარეგულირეთ და ეს უდიდესი კონფლიქტური სიტუაცია გალღვა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ყოფილა მცირე კონფლიქტი, ეს იყო უდიდესი კონფლიქტი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ სისტემას შორის, რკინის ფარდის ორ მხარეს. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ, რომ როგორღაც ეს საზღვარი უფრო და უფრო ღია გაგვეხადა”.

ცენტრალური განსხვავება ამ ორ მოსაზრებას შორის კონფლიქტის სიმძიმის ცენტრის დანახვაა. გია ნოდიას, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფალთ, მიაჩნია, რომ ”დაბალ დონეზე” ლაპარაკი დროის კარგვაა და რეალურად საკითხი მხოლოდ ძალის მპყრობელთა მოლაპარაკების შემდეგ წყდება . ეს მიდგომა დასავლეთმა დიდი ხნის წინ ამხილა - თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიების კონცეფციაში, რომელსაც ფუნდამენტში ოკუპირებული, ანუ უუფლებო და გადასარჩენად გამზადებული ტერიტორიები აქვს ჩადებული, რაც, დასავლეთის და არა მარტო მათი აზრით, რეალური ადამიანების დონეზე დაახლოებას ხელს არ უწყობს“.

რუსეთის ბრალეულობის განხილვის შემდეგ კონფერენციამ ევროკავშირის მიმართულება აიღო. სტილი იგივე შენარჩუნდა, ანუ დამნაშავის როლი ამ შემთხვევაში, რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირმა იტვირთა. ევროკავშირს პოლიტიკა არ გააჩნია, თორემ საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია, ამის დაუნახაობა განა შეიძლებაო?! თუმცა მცირე შეპასუხების გარდა, დასავლელ ექსპერტთა შენიშვნები ქართულ მხარეს საკუთარ თავში პრობლემის ძიებისკენ, დემოკრატიის ხარისხის გაზრდისა და ეკონომიკის ფეხზე დაყენებისკენ მოუწოდებდა. ქართული მხარე მსგავსი შენიშვნების შემდეგ - ალბათ, უფრო თავის დასამშვიდებლად და საკუთარი თავისთვის შესახსენებლად - ’არაღიარების’ შეპირებებზე სვამდა აქცენტებს. გადამოწმების მიზნით, იყო კონტრშეკითხვებიც, რომლებზეც პირდაპირი პასუხები არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ზოგადად ძალის გადანაწილების პროცესი მსოფლიოში არ დასრულებულა და ცალსახა სურათი ჯერ არააო გამოკვეთილი. არც არანაირი დაპირებები ისმოდა დარბაზში. თავს მიხედეთ და განვითარდითო - ასეთი იყო ქვეტექსტი. აქ კი ქართულ მხარეს ჯოკერივით ერთადერთი კარტი შემორჩა მაგიდასთან, თუ შეიძლება ასე ითქვას არგუმენტზე, რომელიც პროფესორმა ბადრი ქოჩორაძემ გაახმაურა. არგუმენტს შეგვიძლია დავარქვათ ‘საერთო ინტერესები VS საერთო ფასეულობები’. საერთო ფასეულობა ჩვენ არ გვაქვსო, საქართველო ცალსახად პროდასავლური, რუსეთი კი აშკარად იმპერიალისტურიაო. რა შეიძლება იყოს საერთო ინტერესებიო? - იკითხეს დასავლელმა ექსპერტებმა. სტაბილურობა რეგიონშიო, - უპასუხა ქართველმა პროფესორმა, ბადრი ქოჩორაძემ. - საქართველო რეგიონში სტაბილურობის გარანტია და ამიტომ არჩევანი რუსეთს ასეთი აქვსო: ან გაბრაზებულ და დესტაბილიზაციისკენ მიდრეკილ საქართველოსთან ჰქონდეს ურთიერთობა, ან გამთლიანებული, ძლიერი და კოოპერაციისთვის მზადმყოფი მეზობელი ჰყავდესო.

„გასაღები კავკასიის სტაბილურობისა რუსეთისთვის საქართველოშია. ამიტომ საქართველოს რეფორმირება, მისი განვითარება და გაძლიერება რუსეთის ინტერესებშია, მით უმეტეს, როცა საქართველო საზღვრების გახსნით ჩრდილო კავკასიასთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს მთავრობისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენელნი ჩაერთონ ამ პროცესში, რა ფორმატითაც უნდა იყოს ეს“, - განაცხადა ბადრი ქოჩორაძემ.
XS
SM
MD
LG