Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშენებარე აეროდრომი ისტორიულ ძეგლებს საფრთხეს უქმნის


რუსული სამხედრო ვერტმფრენი ახალგორის თავზე
რუსული სამხედრო ვერტმფრენი ახალგორის თავზე
ახალგორის რაიონში, სოფელ იკოთთან მშენებარე აეროდრომი ქართულ ეკლესია-მონასტრებს საფრთხეს უქმნის. რუსმა სამხედროებმა იკოთში აეროდრომის მშენებლობა რამდენიმე თვის წინათ დაიწყეს. ეს ტერიტორია დედათა მონასტრიდან დაახლოებით 500 მეტრით არის დაშორებული. რუსების მიერ აეროდრომისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე ორმეტრიანი რკინის ჯვარიც იყო აღმართული, მაგრამ ის ტრაქტორით ამოაგდეს. ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, აეროდრომის გარდა ახალგორში სამხედრო ბაზა და ჯარისკაცთა საცხოვრებელი კორპუსებიც შენდება. მისი თქმით, აეროდრომისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დედათა მონასტრის წარმომადგენლების მიერ ჯვრის აღმართვამ ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები გააღიზიანა.

ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ იკოთის დედათა მონასტერში, ქართველი მონაზვნები რთულ პირობებში მოღვაწეობენ. ერთ-ერთმა მონაზონმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ საფრთხე არა მარტო დედათა მონასტერს, არამედ სხვა უამრავ ისტორიულ ძეგლსაც ემუქრება. მისი თქმით, აუცილებელია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების გადარჩენა და ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ შედიან და მათთვის უცნობია ქართული ისტორიული ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობა. უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე აცხადებს, რომ ისეთ ვიწრო ხეობაში, როგორიც ქსნის ხეობაა, უკანონო აეროდრომის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ვერტმფრენების მიერ წარმოქმნილი ვიბრაცია არაერთ ძეგლს უქმნის დანგრევის საფრთხეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები ახალგორის გარდა აეროდრომების მშენებლობას ცხინვალის, ჯავისა და ზნაურის რაიონებშიც აპირებენ. ქართველმა ძეგლთა დამცველებმა ჯერ არ იციან, ამ რაიონებში, კიდევ რომელი ძეგლები აღმოჩნდება დანგრევის საფრთხის წინაშე.
XS
SM
MD
LG