Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეში წარმატებით გრძელდება მაღაროელთა გადარჩენის ოპერაცია


ჩილეში წარმატებით მიმდინარეობს მაღაროელთა ამოყვანა მიწისქვეშეთიდან, სადაც ისინი, მაღაროში ავარიის შედეგად, ორ თვეზე მეტი ხანი იყვნენ გამოკეტილი. სულ 33 მაღაროელიდან, თბილისის დროით, ღამის პირველი საათისთვის, 24 კაცის ამოყვანა მოხერხდა. სამშვიდობოს არიან ყველაზე ახალგაზრდა, 19 წლის და ყველაზე ხანდაზმული, 63 წლის მაღაროელები. საგანგებოდ დამზადებული კაფსულა ვიწრო შახტში ეშვება 622 მეტრის სიღრმეზე და თითო-თითო კაცი ამოჰყავს. მათ შესახვედრად შეკრებილებს შორის არის ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერაც, რომელმაც პირობა დადო, რომ არ წავა მაღაროდან ბოლო კაცის ამოყვანამდე. „მაღაროელებმა აჩვენეს, ისევე როგორც მიწისძვრის მსხვერპლმა და იმათ, ვინც მიწისძვრის შედეგად დანგრეულის აღსადგენად მუშაობს, რომ, როცა ჩილე ერთიანდება - და ამას ყოველთვის ვაკეთებთ, ძნელბედობის ჟამს - დიდი საქმის გაკეთება შეგვიძლია, და ქვეყნის სული ყველაზე მეტად სწორედ ძნელბედობის ჟამს ანათებს“. ორთვიანი მიწისქვეშა ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საქმიანობას აღარასდროს დაუბრუნდება. წინასწარი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის ბოლო სტადიის დასრულებას 2 დღე დასჭირდება. მაღაროელებმა 69 დღე დაჰყვეს ოქროსა და სპილენძის მაღაროში, რომელიც ჩრდილოეთ ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG