Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა ახალი ოპოზიციური პარტიის პრეზენტაციას ეხმაურება. ”ჯერ ფურშეტი, მერე - პოლიტიკა”, „’ქართული პარტია’ პოლიტიკურ სპექტრს დიდ სიურპრიზებს ჰპირდება”, ”შეუსრულებელი მისია. ვინ დააფინანსებს ”ქართულ პარტიას” და როგორ აპირებს ოქრუაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართვას”, ”ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოდის. ‘ქართული პარტია’ ქვეყნის ნგრევის შეჩერებას გეგმავს”, ”რუსეთთან მომრიგებელი ‘ქართული პარტია’ ” - ეს პირველი გვერდების სათაურებია.

”ახალი თაობა”: „’ქართული პარტიის’ პრეზენტაცია ‘შერატონ მეტეხი პალასში’, შეიძლება ითქვას, ქართულად დაიწყო. ლიდერების დაგვიანებას ლანჩი მოჰყვა, ლანჩს - სადღეგრძელოები. როგორც იქნა, ჟურნალისტების ჯერიც დადგა. მოსაწვევებით მოწვეულ სტუმრებს, ქართველ ცნობად სახეებს, ტრიბუნიდან პირველმა სოზარ სუბარმა მიმართა. ყოფილმა სახალხო დამცველმა თავისი ქართული იდეა - თვითმყოფადობა, უსაფრთხოება, პროგრესი და კეთილდღეობის ამოცანები დაუსახა საზოგადოებას”, - წერს ”ახალი თაობა”. სტატია ასე მთავრდება: ”არ არის გამორიცხული, პოლიტიკური პროცესების დაძაბვის შემთხვევაში, საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოვიდეს”.

”საქართველოს რესპუბლიკა”: ”პარტიის შესაქმნელად ყველაფერი წესრიგშია. რაც მთავარია - ფინანსები, რადგან ფეშენებელური სახლი უზნაძეზე უკვე მზადაა. ”შერატონ მეტეხი პალასის” დაჯავშნაც არცთუ იაფია. თანაც წინა გვაქვს რამდენიმე სერიოზული პრეზენტაცია - ჯერ ოფისის, მერე პარტიის პროგრამის და ა.შ. ყველაფერი ხომ ფული ჯდება.”

”ვერსია” წერს: ”მორალურ-ზნეობრივი შეგონებების პარალელურად ახლად შექმნილი პარტიის წევრებმა დაფინანსებაზე საუბარს ერთადაც და სათითაოდაც თავი აარიდეს - ისევე, როგორც დასმულ კითხვებზე პირდაპირ პასუხებს”, - წერს ”ვერსიის” ავტორი და პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ეროსი კიწმარიშვილს, ეკითხება: ”ხუთი ლიდერით დაკომპლექტებული ”ჩამქრალი ვარსკვლავების” პარტია წარმატებას მიაღწევს და ახალი პოლიტიკური ცენტრი გახდება?”. ”ვაიმე, რა საყვარელი სახელი შეგვარქვით”, - პასუხობს კიწმარიშვილი და განაგრძობს: ”პოლიტიკური ცენტრი უკვე არსებობს. ის სახელები და გვარები, რაც დღეს აქ გაჟღერდა, ამისთვის უკვე საკმარისია.”

დაფინანსების წყაროების შესახებ ეროსი კიწმარიშვილს ”რეზონანსის” კორესპონდენტმაც ჰკითხა. ”დავიწყოთ იმით, რომ ახალი პარტია ჯერ არ არსებობს, გავაგრძელოთ იმით, რომ ამას აფუძნებს ეროსი კიწმარიშვილი და ლევან გაჩეჩილაძე, რომელთაც სერიოზული ბიზნეს-ბექგრაუნდი გააჩნიათ და თქვენს გაზეთშიც შეგიძლიათ მოიძიოთ რა შესაძლებლობების მქონეა ეროსი კიწმარიშვილი და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით შექმნილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. კანონის შესაბამისად, როდესაც პარტია დარეგისტრირდება, ჩვენი ყველა ხარჯის შესახებ წარმოვადგენთ დეტალურ ინფორმაციას”, - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.

”რეზონანსში” დღეს ქვეყნდება რუსი ადამიანის უფლებათა დამცველების სერგეი კოვალიოვის, ალექსეი სიმონოვისა და ერნესტ ჩორნის წერილი „ქართული მართლმსაჯულების შესახებ”. ვრცელი ტექსტი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას ეხება: ”სახელმწიფო, სადაც პოლიტპატიმრები არსებობენ, პრინციპულად ვერ იქნება დემოკრატიული - სასამართლო გადაწყვეტილებების არასამართლებრივი მოტივები ანადგურებს მართლმსაჯულების ცენტრალურ იდეას. სასამართლო მხოლოდ დამოუკიდებელი შეიძლება იყოს ან - არანაირი”, - წერენ რუსი უფლებადამცველები და წერილის დიდ ნაწილს რუსეთისა და საქართველოს მოქალაქის, პატიმარ ვლადიმერ ვახანიას საქმეს უთმობენ: ”ვახანიას ისტორიული და პოლიტიკური შეხედულებები, ჭარბად წარმოდგენილი მის მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენთვის საკმაოდ არამიმზიდველია. ამიტომ ჩვენ ვიცავთ არა ჩვენს თანამოაზრეს, არამედ სამართალს და სამართლიანობას, რომელიც ყველასთვის ერთნაირია.”
XS
SM
MD
LG