Accessibility links

logo-print

დაზარალებულები ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენას მოითხოვენ


ომის დროს დაზიანებული სახლი კონფლიქტის ზონაში

ომის დროს დაზიანებული სახლი კონფლიქტის ზონაში

კონფლიქტის ზონის მოსახლეობა ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენას მოითხოვს. ორი წლის წინ რუსული ავიაცია ქართულ სოფლებს ბომბავდა. კასეტური ბომბებით სოფელი საქაშეთიც დაიბომბა. სახლებს სახურავები კედლები და ფანჯრები დაუზიანდა. ომის შემდეგ ხელისუფლებამ დაზიანებული სახლები აღწერა და აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე ყველაზე მეტად დაზიანებულ სახლებს სახურავები გამოუცვალეს და სამშენებლო მასალები დაარიგეს; საქაშეთის მაცხოვრებელთა ნაწილს კი მინებიც არ შეხვდა, ამიტომ ფანჯრებზე ბევრს ახლაც ცელოფანები აქვს გაკრული. საქაშეთელებს ხელისუფლება ორი წელია დახმარებას ჰპირდება, მაგრამ როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები ჯერჯერობით უცნობია.

დახმარების მოთხოვნით დაზარალებულმა მოსახლეობამ გორის გამგეობას არაერთხელ მიმართა, მაგრამ მათი თხოვნა რეაგირების გარეშე დარჩა. საქაშეთელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და თბილისში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

გორის საკრებულოში აცხადებენ, რომ დაზიანებული სახლების აღდგენა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თემურ ხაჩიურის თქმით, საქაშეთელების პრობლემა რეაგირების გარეშე არ დარჩება და ხელისუფლება მათ შემდგომ ეტაპზე დაეხმარება.

ჩამსხვრეული მინები, დაბზარული კედლები და დაზიანებული სახურავები - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქაშეთელებს აწუხებთ. დაზარალებულები ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებას სთხოვენ, რადგან ზამთარში დაზიანებულ სახლებში ცხოვრება აუტანელი ხდება.
XS
SM
MD
LG