Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის რაოდენობის კლების ფონზე, რუსეთი საყოველთაო აღწერას იწყებს


რუსეთში დაიწყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ამ პროცესის ფონია სახელმწიფოს ბრძოლა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან. 25 ოქტომბრამდე დაახლოებით 650 ათასი მკვლევარი რუსეთის სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებს და ადამიანებს ათზე მეტ შეკითხვას დაუსვამს - მათ შორის მათი საცხოვრებელი და დაბადების ადგილების, ეროვნების და სხვა პირადი დეტალების შესახებ. ახლანდელი ვარაუდით, რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით 142 მილიონ ადამიანს შეადგენს - რაც ნაკლებია საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს, 1991 წელს აღრიცხულ 148 მილიონზე. მოსახლეობის შემცირებას სიკვდილიანობის და აბორტების მაღალი სიხშირითა და ეკონომიკური პრობლემებით ხსნიან. რაოდენობის დადგენის გარდა, მთავრობა ქვეყნის მოსახლეობის ზუსტი შემადგენლობის განსაზღვრასაც ცდილობს. შესაბამისად, აღწერის პროცესს პოპულარიზება უკეთდება ეროვნული ტელევიზიით და ყოველდღიური გაზეთებით - მოქალაქეებს აღწერაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. 2002 წლის შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა პირველად ტარდება. მთავრობა აღწერის პროცესს 17 მილიარდ რუბლს - დაახლოებით 550 მილიონ დოლარს - ახარჯავს. სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის ცნობით, შედეგები მომავალი წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG