Accessibility links

logo-print
სულ 44 პირი გადის სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც აშშ-ში აღიძრა სომხურ-ამერიკული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრების მიმართ. პროკურატურის თანახმად, „მირზოიან-ტერჯანიანის“ ჯგუფს ბრალად ედება 100 მილიონი დოლარის მითვისება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მოტყუების გზით. ამერიკელი სამართალდამცველები ლაპარაკობენ „მაფიის კლასიკურ სტილში“ მოქმედ გაერთიანებაზე, რომლის წევრებს მჭიდრო კავშირი აქვთ სომხეთთან, ხშირად სტუმრობდნენ ამ ქვეყანას და თანამშრომლობდნენ „ქურდულ სამყაროსთან“. მათ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ხელმძღვანელობდა.

საქმე ყველაზე მსხვილია იმ დანაშაულთა შორის, რომელიც კი ოდესმე აშშ-ში სამედიცინო დაზღვევის სფეროში აღნუსხულა. სომხურ-ამერიკული სინდიკატის წევრები მოქმედებდნენ ამერიკის ასამდე სამკურნალო დაწესებულებაში და ყალბი საბუთების გზით 100 მილიონამდე დოლარი მიითვისეს. ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის პროკურორმა, პრიტ ბჰარარამ, „მირზოიან-ტერჯანიანის“ ჯგუფი დაახასიათა როგორც „მაფიის კლასიკურ“ სტილში მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც მუქარას, დაშინებას, ძალადობას მიმართავდა: „ორგანიზაციას საქმიანობა გაშლილი ჰქონდა ფართოდ, ის მთელ ჩვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთაც მოქმედებდა. მოგებიანობით, გეოგრაფიული მასშტაბით, ამბიციებით გამორჩეული ამ მზარდი საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატისა ყველა მაფიოზურ კლანს შეშურდებოდა“.

ჯგუფი, რომელსაც პირობითად უწოდებენ „მირზოიან-ტერჯანიანს“, მისი სავარაუდო ხელმძღვანელების, 35 წლის დავით მირზოიანის და 36 წლის რობერტ ტერჯანიანის გამო, ლოს-ანჯელესიდან და ნიუ-იორკიდან მოქმედებდა. მათ წარმომადგენლები ჰყავდათ 25 შტატში და გარეულნი იყვნენ გამომძალველობაში, საკრედიტო ბარათების გაყალბებაში, სხვათა იდენტურობის ქურდობაში, საიმიგრაციო საბუთების გაყალბებაში, ისევე როგორც კონტრაბანდული სიგარეტით და მოპარული „ვიაგრით“ ვაჭრობაში. პროკურატურამ დაადგინა, რომ ორგანიზაციის წევრების უმეტესობა ეროვნებით სომეხია, ისევე როგორც ემიგრანტები, რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ სომხეთთან, სადაც ისინი დანაშაულის გზით მოპოვებული თანხით ყიდულობდნენ უძრავ ქონებას, ჩართულნი იყვნენ ბიზნესში.

სინდიკატის ხელმძღვანელია არმენ კაზარიანი, „მირზოიან-ტერჯანიანის“ ჯგუფის ნათლია, რომელიც „კანონიერი ქურდია“, საბჭოთა გაგებით. კაზარიანი ამერიკაში 1996 წელს გადასახლდა, იქ მიიღო თავშესაფარი, თუმცა მუდამ ახერხებდა სომხეთსა და აზერბაიჯანში მოგზაურობას. პროკურორ ბჰარარას თანახმად, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა „კანონიერ ქურდს“ იჭერენ აშშ-ში, მაგრამ პირველი, როცა დაკავებული გამომძალველობაშია ეჭვმიტანილი:

„ტრადიციული იტალიური მაფიის ნათლიისგან განსხვავებით, „კანონიერი ქურდები“ სამართალდამცველებისთვის დიდხანს მიუწვდომელნი იყვნენ. ეს პირველი საქმეა, როცა ქურდს ბრალდება გამომძალველობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის ბევრადაა დაშორებული „კოზა ნოსტრას“ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორით - იმით, თუ როგორ აკეთებდნენ ისინი ფულს უკანონო გზებით. სომხურ-ამერიკული ჯგუფი არცხვენს ტრადიციულ მაფიას“.

პირველი „კანონიერი ქურდი“, რომელიც აშშ-ში დააკავეს, იყო ვიაჩესლავ ივანკოვი, „იაპონჩიკის“ მეტსახელით ცნობილ. ის გამომძალველობის ბრალდებით გაასამართლეს და ცხრა წელი გაატარა აშშ-ის ციხეში. შემდეგ დეპორტირებული იყო რუსეთში, სადაც 2009 წელს მოკლეს. ნიუ-იორკის „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორ-მრჩევლის, ჯენის ფედარსიკის თქმით, ამერიკელი სამართალდამცავები იკვლევენ დამნაშავეობის ყველა შესაძლებელ სქემას, რომელსაც კი ამ ქვეყანაში შეუღწევია. ამ ეტაპზე მათ საქმე აქვთ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობასთან, კანონიერი ქურდების ფენომენთან, რომელიც, მისი თქმით, აშშ-სა და ევროპაში გავრცელდა. სულ ახლახან დააკავეს აშშ-ში რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, მოლდავეთიდან და ბელორუსიიდან ჩასული პირები, რომლებიც ინტერნეტის გზით მიმართავდნენ თაღლითობას, ძარცვავდნენ აშშ-ის მოქალაქეებისა და ფირმების საბანკო ანგარიშებს. ახლა სამართალდამცავები იკვლევენ, იყვნენ თუ არა შტატებში არალეგალურად ამ „სომხურ“ საქმეში გარეული პირები. ამერიკელ სამართალდამცავებს სომეხი კოლეგების დახმარების იმედიც აქვთ.

აი, რას ამბობს სომხური ჯგუფის წევრების მოქმედებაზე ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციის კომისარი რაიმონდ კელი: „მართალია, ეს იყო უკიდურესად მსხვილი დამნაშავეობრივი სქემა, მაინც განსაცვიფრებელია, როგორ ახერხებდნენ ისინი კანონისთვის გვერდის ავლას. ისინი თავიანთი კრიმინალური ქმედებების უდიდეს ნაწილს განახორციელებდნენ ერთი მცირე ოფისიდან, რომელიც ბრუკლინში, კონი-აილენდ ავენიუზე მდებარეობდა, ავტოსახელოსნოს თავზე. იქ მხოლოდ ერთი ქალი - გალინა ვოვკი - იჯდა ხოლმე დილიდან გვიანობამდე და ამ გაყალბებულ საბუთებს ავსებდა“.

გალინა ვოვკი ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ტერჯანიანის, ცოლია. თუკი ჯგუფის წევრებს დანაშაული დაუმტკიცეს, მათ სხვადასხვა სასჯელი ელით სამუდამო პატიმრობამდე და ჯარიმა, ნახევარ მილიონამდე დოლარის ოდენობით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG