Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა ისრაელს კვლავ აღსასრული უწინასწარმეტყველა


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის საზღვართან მდებარე ლიბანის ფრონტისპირა ქალაქებში ჩავიდა. მანამდე, 13 ოქტომბერს, აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ვარაუდი, რომ ებრაელთა სახელმწიფო მალე შეწყვეტს არსებობას. ირანის პრეზიდენტის ამ განცხადებას ლიბანის საზღვართან მცხოვრები ისრაელის მოქალაქეების აღშფოთება მოჰყვა. მათ საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყვეს.

პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ხმაურიანი განცხადებების შემდეგ ლიბანის დედაქალაქი დატოვა და, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გეზი ლიბანური დასახლებების მარუნ ალ რასისა და ბინტ ჯბეილისაკენ აიღო. ამ ადგილს რამდენიმე ასეული მეტრი აშორებს ისრაელის ფრონტისპირა დასახლებებისაგან. ორივე ქალაქში მძლავრი საყრდენი აქვს ისლამისტურ დაჯგუფება ჰისბოლას, რომელსაც მხარს უჭერს ირანი. სწორედ ამ ქალაქებზე ხორციელდებოდა მძლავრი იერიშები 2006 წელს, ისრაელის არმიისა და ჰისბოლაჰის ომის დროს, როდესაც 1200 ლიბანელი და 158 ისრაელელი დაიღუპა.

ლიბანის ფრონტისპირა ქალაქებში ჩასვლამდე, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა 13 ოქტომბერს ბეირუთში, ჰისბოლას მომხრე ბრბოს წინაშე გამოსვლისას, კვლავ გაიმეორა პირქუში პროგნოზი, რომ ისრაელი საკუთარ დასასრულს უახლოვდება, რის გამოც შესაძლოა ახალი კონფლიქტი წამოიწყოს:

„მიაქციეთ ყურადღება: ფუტურო სიონიზმი გრძნობს, რომ სასიკვდილო ბოლოს მიუახლოვდა და შესაძლოა წამოიწყოს ახალი მუხანათური ქმედება საკუთარი არსებობის გადასარჩენად და თავისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. მე ვაცხადებ აქ და ახლა, რომ ნებისმიერი ახალი მუხანათური ქმედება მხოლოდ მოაახლოებს ამ ყალბი რეჟიმის სამარცხვინო არსებობის დასასრულს.“

იგივე სიტყვები აჰმადინეჟადმა ბინტ ჯბეილშიც გაიმეორა. ამ ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ისრაელის ტერიტორიაზე, შეკრებილნი იყვნენ გაბრაზებული ებრაელები, რომლებიც აპროტესტებდნენ აჰმადინეჟადის ვიზიტს, რაც, მათი თქმით, ისრაელისა და შეერთებული შტატების პროვოცირებას ისახავს მიზნად. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ბანერები, წარწერით: „აჰმადინეჟადი ახალი ჰიტლერია“ და „ გაიღვიძე, ასად, აჰმადინეჟადი დამასკოსაკენ მოდის“.
XS
SM
MD
LG