Accessibility links

logo-print
როგორ ავაგოროთ ნებისმიერი სამოქალაქო კამპანია, როგორ გავცვალოთ ინფორმაცია უსწრაფესი მეთოდით, როგორ ვაიძულოთ ხელისუფალნი პოლიტიკა სწრაფად მოარგონ რეალობას, შეცვალონ პოლიტიკური მიდგომები ან თუნდაც კანონები... ფაზა ექსპერიმენტულია. შესაბამისად, პასუხები ზუსტად არავინ იცის. გამოცდილებას ქართველ ახალი მედიის წარმომადგენელთ ახლახან შექმნილ ფრონტლაინ თბილისურ კლუბში ისინი უზიარებენ, ვინც პროცესები ამ მიმართულებით გაცილებით წინ წასწია.

შეხვედრაზე 20 წუთით დამაგვიანდა. შევიპარე. ერთ-ერთი მომხსენებელი მე ვარ. სიტყვა არ მომიმზადებია. რადიოსთვის მასალას ვამთავრებდი დილიდან. თავს ვიმშვიდებ, ვებსაიტი უკვე ავტვირთე ინტერნეტში-მეთქი. დაწყებულზე შევიპარე, ჩამოვჯექი, თუმცა ჩემი თავდაჯერება ნელ-ნელა გაქრა. ჩემ წინაშე, გაღეღილი პერანგებით, ჯინსებით, კეტებით, ყოველგვარი პრეტენზიულობის გარეშე, ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან მომხსენებლები და ლაპარაკობენ ინტერნეტ პროექტებზე, რომლებიც ნებისმიერ მთავრობას ან მედია ორგანიზაციას შეშურდებოდა. ეს ადამიანები უზარმაზარ ორგანიზაციულ რეაქციას იწვევენ სხვადასხვა საზოგადოებაში, დახმარებას წარმართავენ მათკენ, ვისაც ეს ჭირდება, მოქალაქეებს პროცესებში გარკვევაში ეხმარებიან, ათასობით წიგნს უგზავნიან ღარიბ ქვეყნებში ბავშვებს, მთავრობებს აიძულებენ კანონებს გადახედონ და ახლები შექმნან, აიძულებენ შეკითხვებზე უპასუხონ. ისინი არ არიან ჟურნალისტები დიპლომებით, თუმცა ეს ადამიანები კონკრეტული იდეების გარშემო შესაკრებად სხვა ადამიანებს იაფ ინტერნეტ პლატფორმებს უქმნიან, პოლიტიკოსებისკენ შეკითხვების ნაკადს გენერირებენ და, იგნორირების შემთხვევაში, რეიტინგებს აქვეყნებენ. ისინი არც პოლიტიკოსები არიან.
ერთმანეთს ცვლიან მომხსენებლები ინგლისიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ამერიკიდან, აფრიკიდან... ჰყვებიან პროექტებზე, სადაც მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ სამთავრობო პროცედურების გავლა პასუხების მისაღებად, ტექნოლოგიამ ისინი სხვა მოქალაქეებთან პირდაპირ კონტაქტზე გაიყვანა. ხმები გროვდება, კითხვები ხარისხდება, ეგზავნება მოპასუხეთ. არ პასუხობს? რეიტინგები დგება, ვინ რამდენჯერ და რაზე უპასუხა, ვინ რა დროს რას უყარა კენჭი, ყველაფერი მარტივ გრაფიკებშია ასახული... ასე რომ, პოლიტიკოსებს რიტორიკული ორაზროვნებისთვის სულ უფრო და უფრო მცირე სივრცე რჩებათ. თუმცა ეს შორსაა, ალბათ, საქართველოდან.

ცოტა უკან გადავინაცვლოთ. რა მდგომარეობაშია ინფორმაციის ნაკადები საქართველოში? კარგი კითხვაა. მაგალითი ერთ-ერთმა მომხსენებელმა კედელზე მინათებული პროექტორის შუქზე ოთახში შეკრებილებს გვაჩვენა. წარმოიდგინეთ დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი ოთახი, რომლის დიდი ნაწილი ფოლდერების გროვას უკავია. ერთმანეთში არეულ თეთრ ფურცლებზე ინფორმაციაა, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ. იმის მიხვედრას, რომ ამ ინფორმაციის დიგიტალიზაციას, უკეთეს შემთხვევაში, თვეები დასჭირდება, უმაღლესი მათემატიკის ცოდნა არ უნდა; არც იმის გამოცნობა უნდა იყოს რთული, თუ რამდენი დრო დაეხარჯება სააგენტოსთან ურთიერთობაში მოქალაქეს, თუ თანამშრომლები ამ გროვაში ხელის ფათურით ეძებენ ინფორმაციას, - რამდენი დრო დასჭირდება საქმეს, რომელსაც, დიგიტალიზაციის შემთხვევაში, რეალურად წამები სჭირდება. თუმცა მცირე წარმატებებიც არის და სრული სურათის შესაქმნელად ეს მაგალითი არ გამოდგება. უბრალოდ, მაგალითია ფიქრისთვის.

დავუბრუნდეთ გამომსვლელებს. „ჩემი საზოგადოება“, „დაუსვი შეკითხვა“, „შეაკეთე ჩემი ქუჩა“ - ეს ინტერნეტ პროექტების სახელებია, რომლებშიც ნებისმიერი მოქალაქე მონაწილეობს და შემსრულებელთ მოქმედებისკენ უბიძგებს. გამოდის რამდენიმე ახალგაზრდა მომხსენებელი, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და რომელთაც უზარმაზარი ინფორმაციული თეთრი ლაქა ამოავსეს. ტურიზმის დეპარტამენტების, ახალ-ახალი მინისტრებისა და ხმამაღალი განცხადებების ფონზე, საქართველო მსოფლიო რუკების უდიდეს პროგრამაში თეთრი ლაქა იყო ბოლო დრომდე, ლაქა, რომელიც რამდენიმე ახალგაზრდამ, მოხალისეთა დახმარებით, ყოველგვარი სამთავრობო და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტების გავლის გარეშე ამოავსო და ქართული ელექტრონული რუკა შექმნა.

ერთ რამესაც ვიტყვი და დავასრულებ. ამ ყველაფრის ფუნდამენტში ერთი მარტივი ეკონომიკური სიტყვა დევს: ეს ყველაფერი იაფია, გაცილებით იაფი, ვიდრე უზარმაზარი ორგანიზაციული სტრუქტურები, სამთავრობო დეპარტამენტები, ენგეოები, მონიტორინგის მისიები მოითხოვს. მაგალითი? ვზივარ შეხვედრაზე, ჩემ წინ მომხსენებელი ახალ მედიაზე საუბრობს. ვშლი ლეპტოპს, შევდივარ ლაივ სტრიმში და იმავე სურათს ვხედავ. უკან მიდგას მცირე ზომის მოკრძალებული კამერა. პროგრამა, რომელიც კამერის გადაღებულ მასალას პირდაპირ ინტერნეტში გადასცემს, უფასოა. ასე რომ, რამდენად მჭირდება ოპერატორები, ჟურნალისტები, რომლებიც მიხარისხებენ ინფორმაციას, ძვირად ღირებული გადამცემები, პროდიუსერები და საპრესკონფერენციო დარბაზები? სათქმელი მარტივად ითქმება, იწერება და ავტომატურად, უფასოდ, ინტერნეტით ვრცელდება. მეტყვით, ინტერნეტი ჯერ ყველას არა აქვსო და ეს მართლაც ასეა, თუმცა უკანასკნელ ხანებში რამდენიმე ასეულ პროცენტიანი ზრდაა. სხვადასხვა მონაცემებით, ინტერნეტის წვდომა საქართველოში 20 პროცენტს გასცდა.
ინტერნეტ პროცესებს, რომლებიც ზევით აღვწერე, ბევრი პრობლემა ახლავს, გადამოწმების ხარისხი, სანდოობა… ეს კითხვები ლეგიტიმურია. თუმცა არსებობს სხვა შეკითხვებიც, მაგალითად, კითხვები ტრადიციულ მედიას: ამდენი ხანი გადამოწმებულ ინფორმაციას რომ ავრცელებდით, ჟურნალისტური მეთოდებით მუშაობდით, რამდენად იციან ადამიანებმა მათ გარშემო რეალური მდგომარეობის შესახებ? რამდენად აქტიურად და გათვითცნობიერებულად მოქმედებენ ისინი პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში?
XS
SM
MD
LG