Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს წარმომადგენელი კვლავაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჟენევის პროცესს


ეუთოს საგანგებო წარმომადგენელმა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ბოლატ ნურგალიევმა გაავრცელა განცხადება ჟენევის დისკუსიების მორიგი, მე-13 რაუნდის ჩატარებასთან დაკავშირებით. ნურგალიევი ჟენევის პროცესს მოიხსენიებს კვლავაც მნიშვნელოვნად და აუცილებლად შერიგების პროცესისთვის. განცხადებაში გამოთქმულია ჟენევის პროცესის სამივე თანათავმჯდომარის - ნურგალიევთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენელ პიერ მორელისა და გაეროს წარმომადგენელ ანტტი ტურუნენის - მოწოდება, განახლდეს რეგულარული შეხვედრები დვანსა და ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ნურგალიევმა დისკუსიის მონაწილეებს შეატყობინა, რომ ეუთო მზად არის, დაიწყოს მუშაობა მთელ რიგ პროექტებზე, მათ შორის ზონკარის წყალსაცავის აღდგენაზე, როგორც პრაქტიკულ და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ზომაზე, რომელსაც ევროკავშირი დააფინანსებს. დისკუსიები ორ, პარალელურად მომუშავე ჯგუფში ჩატარდა. ერთი განიხილავდა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრობლემებს, მეორე კი ჰუმანიტარულ საკითხებს. ეუთოს საგანგებო წარმომადგენლის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ ჟენევის დისკუსიების შემდეგი, მე-14 რაუნდი მომავალ თვეში, 16 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG