Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა კვესიტაძე - ჟურნალისტი


3 ოქტომბერი, კვირა
მოკლედ, არ გაგვიმართლა... არც იმათ (თუ ვინმე ასეთი არსებობს), ვისაც ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის ყოველდღიურობა აინტერესებს - რას ვაკეთებ სამსახურში, როგორ ვართმევ თავს სატელევიზიო ინტრიგებს, ვინ მეყოლება სტუმრად, რას ვფიქრობ ჩემს რესპონდენტებზე და ასე შემდეგ. ჩვენ ჯერ მხოლოდ გადაცემის „პრომოების“ მომზადების ეტაპზე ვართ. ჩემი როლი „აქცენტების“ პრომოს შექმნაში კი პარასკევს ამოვწურე, ანუ იმ დღეს, როცა დღიურის დაწერა ჯერ დაწყებულიც არ მქონდა.

მე კი იმიტომ არ გამიმართლა, რომ ავად ვარ და უკვე ვგრძნობ, რომ ეს საშინელი ვირუსი (პერიოდულად თავს ვიმშვიდებ, რომ, უბრალოდ, სურდოა) მომდევნო დღეებს (ზუსტად არ ვიცი, რამდენს) უაზროდ შეჭამს. ანუ, მოსაყოლი ბევრი არაფერი მექნება. თუმცა, მოსაყოლი ყოველთვის არის.

ჩემი დილა 6 საათზე, საკუთარი თავის სიბრალულით იწყება - დაახლოებით ასე: ეკა (თავში მახვილით), ეკააა (ბოლოში წამღერებით), მამა, ეკაკო, ანდია, ფაფა და ზოგჯერ თავში საწოვარა ბოთლის ჩარტყმითაც. ეს რეპერტუარი ჩემს ქალიშვილს, წლისა და ოთხი თვის ლიზას ეკუთვნის, რომელიც, რაც დაიბადა, 6 საათზე იღვიძებს.

ამ დროს თუ ვინმე ღვთისნიერი (ასეთები ძირითადად ჩემი და და დედამთილი არიან) ბავშვებს ჩაიბარებს, მე უკანმოუხედავად გავრბივარ ჩემს ოთახში და ძილს ვაგრძელებ. რაც, შეიძლება, ხანმოკლე ბედნიერება აღმოჩნდეს, რადგან ანდრია საბრალო ხმით - „დედიკოსთან მინდა!“ - აღებს კარს, ამოდის საწოლზე და ნახევრად მძინარეს სრულიად შესაშურ წინადადებას მთავაზობს: „გეხვეწები, გემუდარები, ვიჩხუბოთ, რა!“

ჩხუბის მთავარ დარტყმას, რა თქმა უნდა, შოთიკო იღებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძილის გაგრძელებაზე ფიქრიც კი სრულიად ამაოა.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კვირა დღეც ზუსტად ასე დაიწყო. კარგია, რომ ჩემი დედამთილი ჩემთანაა, მამაც მოწოდების სიმაღლეზეა: ანდრია ზოოპარკში წაიყვანა და ლიზა - მეგობრის ბავშვის დაბადების დღეზე. ანდრია დაბადების დღეებს არ წყალობს. გუშინ საკუთარი დაბადების დღეც შუა გზაში მიატოვა (კიდევ კარგი, ტორტი მაინც ჩააქრო!) და სასეირნოდ წავიდა. გადაწყვიტა, რომ საკმარისად გაერთო და გაგრძელება საჭირო აღარ იყო. გუშინ ჩემი ოქროსთმიანი ბიჭი 3 წლის გახდა.

4 ოქტომბერი, ორშაბათი
თითქოს უკეთესად ვარ, ყოველ შემთხვევაში, სისუსტე და ციებ-ცხელება აღარ მაქვს. დღეს ანდრია ბაღში მიდის და ძალიან ვნერვიულობ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდის მიუხედავად, მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდება ბაღში ყოველდღიური სიარულის იდეას.

ბაღში მივდივართ მე, ანდრია, ძიძა და ლიზი, მოკლედ, სრული შემადგენლობა! საშინელი ქაოსია. ნამდვილად არ ველოდი, რომ ფასიან ჯგუფში 30 ბავშვი დამხვდებოდა. იმედი გამიცრუვდა. ანდრია უხმოდ აკვირდება ყველაფერს და ჯერჯერობით არაფერს აპროტესტებს, ოღონდ მთხოვს, მის გვერდით ვიყო. მერე დიდი ენთუზიაზმით არა, მაგრამ მაინც ერთვება თამაშში და ექსპერიმენტს ვატარებ - ერთი საათით ვტოვებ. ეს ერთი საათი თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, როგორც კი მხედავს, ტირილს იწყებს და სახლში წაყვანას მთხოვს.

დღეს სამსახურში, ალბათ, არ წავალ - დოდიკა (რეჟისორი) მეუბნება, რომ ჯერ პრომოს მხოლოდ ჩონჩხი აქვს აწყობილი და ნახვად არ ღირს. მეც მინდა, რომ ანდრიასთან ერთად ვიყო.

სახლში კარგ ხასიათზეა, მაგრამ კატეგორიულად არ მელაპარაკება ბაღზე და სიტყვას ბანზე მიგდებს.

საღამოს საშინლად ვგრძნობ თავს. სრულიად გაგუდული ვარ და ვეღარ ვსუნთქავ. ნამდვილად ვირუსი მაქვს (ყველა იმედი, რომ ეს უბრალო სურდოა, გადამეწურა). ათი დასახელების წამალს მაინც ვსვამ, მაგრამ არაფერი მშველის. კიდევ კარგი, „ლიბერალი“ და „ტაბულა“ ნაყიდი მაქვს და თავს მათი კითხვით ვირთობ. ბენდუქიძის სვეტი, (თითქმის) როგორც ყოველთვის, გენიალურია! ძალიან კარგია ამ კვირის „ლიბერალი“ და, საერთოდ, ეს ბოლო ნომრები ძალიან მომწონს - აქტუალური და მწვავეა.

შოთიკო გვიან მოდის. შემიძლია ვთქვა: როგორც ყოველთვის.

5 ოქტომბერი, სამშაბათი
ეს უკვე მართლა ნამეტანია - დილის 2 საათი და 50 წუთია. მე გათანგული ვწევარ ლოგინში და ლამის ვიხრჩობი. ლიზა იღვიძებს და სრულ ისტერიკას აწყობს. ადგომა უნდა. არც შოთიკოსთან მიდის და არც ნინოსთან. სხვა რა გზა მაქვს, ვდგები და ვიწყებთ თამაშს. ჭყვიტინით ათვალიერებს წიგნებს, მერე „კაკას“ მთხოვს და, თავის სკამში მოკალათებული, ბედნიერად აკნაწუნებს „კორნფლეიკებს“. უკვე 4 საათია - სარკეში ჩახედვა არც მჭირდება. სრული სიცხადით ვგრძნობ ჩემს სრულიად უბედურ და გაწამებულ სახეს.

დილის ხუთ საათზე ძლივს ვითანხმებ, რომ დავიძინოთ, მაგრამ შვიდ საათზე მშვენიერ ხასიათზე იღვიძებს. მე ისევ ვიძინებ, ოღონდ ამჯერად ოჯახის თითოეულ წევრს კატეგორიულად ვუკრძალავ ჩემი საძინებლის კართან მოახლოებასაც კი.

შოთიკო ისედაც დილაუთენია ერგნეთში მიდის - მე ვიტყოდი, სრულიად ამაო მოლაპარაკებებზე, იქედან - ახალქალაქში. მერე ისევ მომდევნო უშედეგო მოლაპარაკებები ელოდება გალში (ჟენევაშიც მალე წავა). მოკლედ, მთელი კვირა სახლში, ფაქტობრივად, არ იქნება. გული მიგრძნობს, რომ შუალედებში სანადიროდ წასვლასაც გეგმავს. ოღონდ ამას საგულდაგულოდ ფუთავს შემდეგი ფრაზებით: „უცხოელები უნდა წავიყვანოთ“, „ცოტა ხნით უნდა შევიაროთ“ და ასე შემდეგ. ჯანდაბას, ამ თემაზე უკვე აღარ ვჩხუბობ. ჯერ ერთი, საერთოდ არ აქვს ამას აზრი. მეორეც: როცა დღეში საშუალოდ დაახლოებით 50-100 ზარს უპასუხებ და არ ვიცი, რამდენი შეხვედრა გაქვს - ნებისმიერი რამე კარგია ტვინის დასასვენებლად. სულიერ მხარდაჭერას მე მხოლოდ მთაში სიარულს ვუცხადებ. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, გახდომაზე ჩხუბს აშკარად ჯობია ნადირობაზე ჩხუბი. (ჩემი ნერვების ყველაზე დიდი მტერი, შოთიკოს ზედმეტი 20 კილო, სწორედ ამ ტყე-ტყე ხეტიალმა შეიწირა!)

ისევ ცუდად ვარ. მთელ დღეს სახლში ვატარებ. ალიკა რონდელს ვურეკავ და ვეუბნები, რომ შეხვედრაზე ვეღარ მივდივარ. ვეღარ მივდივარ სტრელერის სპექტაკლზეც, რომლის ბილეთიც უკვე ნაყიდი მაქვს. ამ წვიმაში ჩემი გარეთ გასვლა და ფილტვების ანთების აკიდება ერთია. არადა, ეს სპექტაკლი მართლა ძალიან მაინტერესებდა. ბოლოს და ბოლოს, მასზე იყო დამოკიდებული თეატრის მიმართ ჩემი საკმაოდ ცივი (შეიძლება კიდევ უფრო მკაცრადაც ითქვას: ძალიან ცივი) სენტიმენტების შეცვლა. რა ვქნა, არ მიყვარს თეატრი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ხმამაღალი ყალბი შეძახილები მაღიზიანებს - არ ვიცი. შეიძლება, კარგ სპექტაკლს ჯერ არ დავსწრებივარ. მოკლედ, სტრელერი არ გამოვიდა. ლონდონში მაინც ვცდი - რა იცი, ყველაფერი ხდება.

დღის ბოლოს ერთ-ერთ პოპულარულ ქართულ შოუს ვუყურებ. ახლა არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს შემთხვევით მოხდა, რომ სერიალების არ იყოს, არც ყვითელ შოუებს ვუყურებ. რა თქმა უნდა, ვუყურებ, თუმცა მაინცდამაინც ერთგულად არა. მოკლედ, გადაცემა არ მომეწონა. (შემიძლია უფრო კატეგორიულიც ვიყო, მაგრამ იყოს.) სამაგიეროდ, „დაუვიწყარ“ შთაბეჭდილებებს ტოვებენ გადაცემის სტუმრები, მაგალითად, ქართული ესტრადის დივა, რომელიც ჰყვება, როგორ გაატარა ზაფხული თავის შვილთან (რომელიც საკმაოდ მოზრდილი უნდა იყოს) და ქმართან ერთად. „მე არ ვიცნობდი საკუთარი შვილის თავისებურებებს“, - ამბობს ის. – „მას დედაჩემი ზრდის. აღმოჩნდა, რომ ძალიან კომფორტული ბავშვი ყოფილა.“ საწყალი ბავშვი!

დედამისს ჰგონია, რომ აუცილებლად ცუდი დედა უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი ვარსკვლავური ცხოვრების ჭეშმარიტებაში ეჭვი არავინ შეიტანოს.

6 ოქტომბერი, ოთხშაბათი
ისევ წვიმს, მე ისევ ავად ვარ, ჩემი ძიძაც ავად არის და ა.შ.

მოკლედ, დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ანდრიას იმ ბაღში აღარ წავიყვან. 30 ბავშვი მეტისმეტად ბევრია. ქეთი ნემსაძესაც ველაპარაკე, ჩემს მეგობარსა და პედიატრს. იმანაც კატეგორიულად არ მირჩია და, ბოლოს, ტელეფონით, შოთიკოსაც შევუთანხმდი, რომ სხვა ბაღს მოვძებნით.

მერე ანდრიას ვეხვეწები, რომ ბაღზე ვილაპარაკოთ, მაგრამ კატეგორიულად მიჭრის: „გუშინ ჩვენ ხომ უკვე ვილაპარაკეთ ბაღზე?!“

3 წლის გახდა, მაგრამ მგონია, რომ 5 წლის არის. აბსოლუტურად გამართულად ლაპარაკობს და აზროვნებს. მოკლედ, ნამდვილი პატარა კაცია, არასდროს ავიწყდება არგუმენტი საკუთარი აზრის გასამყარებლად.

საღამოს ფეისბუკზე ნინიასთან ვწუწუნებ, რომ ავადმყოფობის გამო არ ვიცი, რა დავწერო დღიურებში. მერე გვახარია მწერს, რომ დღიურებში ჩავწერო, რომ სულ ავად ვხდები, როცა კი მას მოსვლა მოუნდება. მე, რა თქმა უნდა, ამ ცილისწამებაზე საკადრისად ვპასუხობ. მაგრამ კაი, ბატონო. აი, ასე პირდაპირ ვაკოპირებ: „თავისუფლების დღიურებში არ დაგავიწყდეს დაწერო, როგორ მინდა თქვენთან სტუმრად მოსვლა და როგორ ხდები სულ ავად, როგორც კი გადავწყვეტ :)“

ხვალისთვის სტატიის დაწერას ვაპირებ „24 საათისთვის“. ავღანეთში ოთხი ქართველი ჯარისკაცის სიკვდილზე, ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის კონტექსტზე, პლუს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში გაჩენილ ახალ ძვრებზე. ინტერნეტში სტატიებს ვკითხულობ. რობერტ კაგანის სტატია ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ჩემთვის ინსპირაციის წყარო ხდება. ხვალ საბოლოოდ მოვუყრი თავს აზრებს და სტატიასაც დავწერ.

7 ოქტომბერი, ხუთშაბათი
მზე.

მე? რა ვიცი, თქმაც მიჭირს, ცოტა უკეთესად, მე მგონი. ანდრიაც ავად არის. ღამე დაეწყო ხველება, მაგრამ დღისით არა უშავს. მორჩილად იკეთებს ინჰალაციას, წამლებს სვამს და დღის განმავლობაში მშვენიერ ხასიათზეა. მეფერება და უცებ მეუბნება - „ჩემი ტანჯული დედიკო!“ ბევრი ვიცინე. მოკლედ, ეს დღეები სახლში ვარ, მაგრამ არ მომიწყენია. ანდრია სულ ცდილობს, ლიზას მოეფეროს და ის კი მომენტს არ უშვებს, რომ ხუჭუჭა თმებზე არ მოქაჩოს, ურტყამს და თან აყოლებს:„აი, ცენ!“. ანდრია არ ბრაზდება, ხალისობს და კოცნის. ლიზა, იშვიათად იღებს მოწყალებას და ანდრიას თვითონაც კოცნის. ისე, თუ თხოვ, რომ გაკოცოს, ხელს იქნევს და ამბობს „უუფ“.

„კის“ თქმა ვერ ვასწავლეთ, ახლაც ლენა ცდილობს, როგორმე წამოაცდენინოს, მაგრამ არა. სამაგიეროდ, „არა“ სამ ენაზე იცის - „ალა“, „ნეც“, „ნონო“. ხოლო თუ რამე ხმამაღლა იკითხე - გპასუხობს: „აიცი“ (ანუ, არ ვიცი).

შუადღისას ნელ-ნელა მიგუბდება ყურები და პანიკა მეწყება. თუ ისევ ყურის ანთება მაქვს, ნამდვილად თავს მოვიკლავ (ეს ერთ წელიწადში მესამე ყურის ანთება იქნება)! ვიცვამ და ექიმთან მივდივარ. არა, მივრბივარ! ის მეუბნება, რომ არ მიყვარს საკუთარი თავი, რომ დროზე არ მივიღე ზომები. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ პირიქით, ვგიჟდები საკუთარ თავზე და ყველანაირ წამალს ვსვამ, რაც კი ბუნებაში არსებობს. მოკლედ, ერთობ „ოპტიმისტური“ დიაგნოზი მაქვს: მწვავე ოტიტი და რაღაც სინუსიტის მაგვარი. ხვალ სურათი უნდა გადავიღო. ანტიდეპრესანტის ყიდვაც მომიწევს, ალბათ. მაგრამ, ეს ექიმი ძალიან მომწონს და, რაც უნდა უცნაური იყოს, მშვენიერ ხასიათზე ვდგები (აშკარად თავდაცვის ინსტინქტია). მე მგონი, ექიმსაც მოვეწონე, ან როგორ შეიძლება არ მოგეწონოს პაციენტი, რომელიც პირდაპირ გეუბნება: „ძალიან საყვარელი ხართ!“ მოკლედ, გულიანად ვიცინეთ.

ასეა თუ ისე, თავს აღარ ვიკლავ. მაგრამ საღამოს ვერც სტატიას ვწერ. ორშაბათისთვის გადავდეთ.

აუუ, ისევ წვიმს...

8 ოქტომბერი, პარასკევი
დილიდან კლინიკიდან კლინიკაში დავრბივარ. ეჭვი გამართლდა და მწვავე ჰაიმორიტი აღმომაჩნდა. სახლში წამლების მთელი ყუთი მომაქვს - საშინელ ხასიათზე ვარ. ისევ ყველა შეხვედრა გადავდე, ვეღარც ტელევიზიაში წავედი - ახალ სეზონთან დაკავშირებული სიუჟეტისთვის ინტერვიუ უნდა მიმეცა.

ლენა დღეს კიდევ უარესად არის. მალე მოდის ჩემი დედამთილიც, რომელსაც მარცხენა ხელზე ნერვის ანთება აქვს. მოკლედ, ნამდვილი ლაზარეთი მაქვს. ჯერჯერობით იუმორი მყოფნის, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდე.

საღამოს წიგნის კითხვას ვცდილობ. უკვე რადენიმე დღეა, „ტრამალის მგელი“ გადმოვიღე. დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული, უფრო სწორად, უგულოდ გადაკითხული და მინდა, ახლა მაინც წავიკითხო ნორმალურად. მაგრამ ვხვდები, რომ ჰესეს ხასიათზე არ ვარ. თან ჯერ კიდევ „დეიდა ხულიას“ სითბო მაქვს გამოყოლილი და არ მინდა, ეს სითბო სხვა შთაბეჭდილებებმა გამიფანტოს.

ისევ „ცხელი შოკოლადის“ ლიტერატურულ დამატებას ვიღებ. ზურაბ ლეჟავაა გარეკანზე - გამხდარი, გამხდარი და ძალიან უბრალო. ამ ზაფხულს პირველად ბაკურმა მომიყვა მასზე და მისი მოთხრობების კრებულიც მომცა. უცნაური ბიოგრაფია აქვს ამ კაცს. ლამის 20 წელი გაატარა ციხეში, თუ არა ვცდები საბჭოთა დროს პოლიციელის ცემისთვის, შემდეგ კი იქ ყოფნა სხვადასხვა ბრალდებით გაუხანგრძლივეს.

მისი მოთხრობები ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, შოთიკომაც. რაღაც უცნაურად წერს, ვერ ვიტყვი, რომ მომწონს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ არ მომწონს. ისე კი, ბევრი ვიცინე! ასეა, კითხულობ, კითხულობ და მერე, უცებ, ისტერიული სიცილი აგიტყდება...

ახლა კი, როცა ამ კაცის სურათს ვუყურებ, ვხვდები, რომ მის მიმართ დიდ სიმპათიას ვგრძნობ (ამ ზაფხულს მისი მოთხრობა „სექსი მაცივრის წილ“ ამერიკაში საუკეთესო უცხოურ მოთხრობად დაასახელეს და საშინლად გამეხარდა! აღიარებასთან ერთად მისთვის ფულადი პრემიაც დიდ რამეს ნიშნავს).

მოთხრობას „უხურდავებელი მონეტა“ ჰქვია. კითხვას ვიწყებ, მაგრამ ხვდები, რომ შინაარსი უკვე ვიცი. ამას წინათ ბაკურმა მთელი მოთხრობა ლამის ზეპირად მომიყვა.

9 ოქტომბერი, შაბათი
ახლა ვზივარ და დღიურების წერას ვამთავრებ. სხვა გზა არ არის, დღეს რადიო თავისუფლებაში ამ დღიურების წასაკითხად მივდივარ, ისევ მძიმე ღამე მქონდა. ლიზის სიცხე ჰქონდა და ყელის ტკივილიც აწუხებდა. ანდრიაც მთელი ღამე წუხდა და ტიროდა. მაგრამ კარგია, რომ დღის განმავლობაში მაინც ნორმალურად არიან.

ასე დამთავრდა ჩემი დღიური, რომელიც, რა თქმა უნდა, დღიური არ არის ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. კლასიკური დღიურები კი არასოდეს დამიწერია და, ალბათ, არც არასოდეს დავწერ.

ეს ჩანაწერები კი იმაზე უფრო გულწრფელი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ან, იქნებ, უფრო მცდელობა მქონდა, გულწრფელობის შთაბეჭდილება დამეტოვებინა, რომ ვინმეს ეთქვა: „ეს გოგო სულაც არ ყოფილა ისეთი, როგორიც ჩანს.“ ასეთ დროს კი სულ ნაგელი მახსენდება, კნუტ ჰამსუნის „მისტერიების“ გმირი.
XS
SM
MD
LG