Accessibility links

ალბათ უკვე ლიტერატურის ყველა მოყვარულის ყურამდე მიაღწია ამბავმა, რომ მარიო ვარგას ლიოსა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

უკვე ძალიან ბევრმა წარმოთქვა ჯადოსნური სიტყვა: „როგორც იქნა!“ და თითქმის არავის უკითხავს: „ეს ლიოსა ვინ ოხერია?“

ყველაზე გულუბრყვილოები წიგნის მაღაზიებშიც დადიან და კითხულობენ: „ლიოსა გაქვთ ქართულად?“ მაღაზიებში კი მათ ალბათ „დეიდა ხულიას...“ 2010 წლის უცნაურ გამოცემას ჩრიან ხელში, ტუალეტის ქაღალდზე დაბეჭდილს.

ბევრმა რუსული თუ უცხოური ტორენტებიდან ან, უბრალოდ, ვარეზებიდან გადმოწერა მწერლის რომანები და რიგში ჩააყენა.

ერთი სიტყვით, მთელმა მსოფლიომ გაიხსენა დღეს მარიო ვარგას ლიოსა, თუმცა თავს ეს მწერალი ისედაც არასდროს გვავიწყებდა, ყოველთვის ძალიან აქტიურად წერდა და თავის შეხედულებებსაც ხშირად გამოთქვამდა ხოლმე.

დღეს ყველაზე მეტად სწორედ მისი ეს გამონათქვამები ახსოვთ. ლიოსა დღეს ნობელის ქარცეცხლშია გახვეული, მის შესახებ საუბრისას დღეს ყველა პოლიტიკას მოიხმობს, მის გარშემო პოლიტიკის საზეიმო ლენტები იხლართება, ციდან კი იდეოლოგიური კლიშეების ფიფქები ცვივიან.

ლიოსაზე ბევრნაირად შეიძლება წერა. მრავალი ხერხი არსებობს, ამ სამხრეთამერიკელ ოსტატზე სანობელე ტექსტი დაწერო - სადღესასწაულოდ ამაღლებული, მოყვითალოდ ირონიული, წერილი ლიოსაზე როგორც პოლიტიკოსზე, როგორც რომანისტზე, როგორც ესეისტზე ან, სულაც, ლიოსაზე, როგორც მოჩხუბარზე.

ახლა ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ, და ამიტომ შევეცდები ჩამოვთვალო, თუ რაზე არ დავწერ, იქნებ ბოლოს ის შემრჩეს ხელში, რაზეც შეიძლება დავწერო...

არ დავწერ იმ დეტალებზე, რასაც წერენ ხოლმე ყოველწლიურად ნობელის პრემიის ლაურეატებზე. როგორ დაიბადა, როგორ გაიზარდა ტანჯვაში, როგორ გააგდეს სკოლიდან, შემდეგ - ქვეყნიდან...

არც კი ვეცდები, ვთარგმნო პრემიის მინიჭებისას გამოთქმული ის საშინელი ენის გასატეხი, ე.წ. „სანობელე ფორმულირება“, რითაც კომიტეტი ცდილობს ხოლმე ახსნას, თუ რაში აძლევენ მწერალს ჯილდოს. ძირითადად, ასეთი ტექსტებია: „მავთულხლართებში ჩარჩენილი, წინააღმდეგობრივად მყარი, კარტოგრაფიული სიზუსტით მასტრუქტურირებელი, კლიშეებით დაუთრგუნავი მწერლის საოცარი ამოძახილი“ და ა.შ.

არ მოგასმენინებთ იმის ამსახველ აუდიოს, თუ ვინ ახარა ლიოსას ნობელის მინიჭება. არც იმას გეტყვით, მაშინვე დაიჯერა თუ არა მწერალმა ეს სასიხარულო ამბავი თუ ჩაეკითხა დამრეკავს, ხომ არ მაშაყირებთო! კრინტს არ დავძრავ იმის თაობაზე, თუ ვინ აიღო ყურმილი: ლიოსას 102 წლის დეიდამ თუ მოსამსახურემ?

არც მის საუკეთესო რომანებზე დავიწყებ ლაპარაკს, იმიტომ რომ ლიოსას რომანის ჩემი პირველი წაკითხვიდან 20 წელი გავიდა, ბოლოს კი 7 წლის წინ წავიკითხე მისი რომანი. შესაბამისად, ცუდად მახსოვს და მხოლოდ გრძნობებზე და ბუნდოვან მოგონებებზე არ მინდა ვისაუბრო.
ნობელის პრემიის ლაურეატი - პერუელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა

არც იმაზე დავწერ დეტალურად, ბოლო 3 წელი იმაზე ყოყმანში რომ გავატარე, ლიოსას რუსულად ახლად გამოყრილი გამოცემები წამეკითხა თუ ძველები გადამეკითხა.

არ მოვყვები წაკითხული წიგნების შინაარსებს, იმიტომ რომ, ვიმეორებ, არ მახსოვს, და რომც მახსოვდეს, არც იქნებოდა საჭირო შინაარსის მოყოლა.

არც ლიოსას პორტრეტს დავხატავ, არც იმაზე დავწერ, როგორ მუშაობს: დივანზე წამოგორებული, მერხთან, თუ ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.

არ ვისაუბრებ ლიოსას პოლიტიკაში მოსვლის მცდელობებზე.

სულაც დავივიწყებ, საიდან გავიგე პირველად მისი სახელი.

არ გეტყვით, ყველაზე მეტად მისი რომელი ნაწარმოები მიყვარს.

დღეს, უბრალოდ, შევეცდები, ერთი პატარა წიგნი გაგახსენოთ, რომელიც ბევრ თქვენგანს აუცილებლად ექნება წაკითხული და რომელიც მთლიანად ლიტერატურაზეა, მხოლოდ ლიტერატურაზე.

იქ ერთ სიტყვასაც ვერ ნახავთ პოლიტიკაზე, ლიბერალიზმზე, ფაშიზმზე, იდეოლოგიებზე, ძალადობაზე.

ეს არის, შესაძლოა, თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე პოლიტიზებული მწერლის ყველაზე აპოლიტიკური წიგნი, სავსე სიყვარულით, ლიტერატურისა და გამონაგონის სიყვარულით.

იქ მხოლოდ ერთხელაა ნახსენები პოლიტიკა და ხელისუფლება, მაშინ, როცა მწერლობას ამბოხს ადარებს. იგი წარმოიდგენს მკითხველს, რომელმაც ეს-ესაა დაამთავრა ფლობერის ან სერვანტესის კითხვა, გამონაგონის სამყაროდან რეალობაში დაბრუნდა და უფრო მწვავედ დაინახა აქაურობა, რადგან ამ დიადი გამონაგონებიდან მან ერთი დასკვნა გამოიტანა: რომ რეალური ცხოვრება გაცილებით უფერულია მწერლების მიერ გამოგონილ ცხოვრებაზე და რეალობით ამგვარი უკმაყოფილება, კარგი ლიტერატურის მიერ გაღვიძებული გრძნობები, გარკვეულ სიტუაციებში, არსებულის წინააღმდეგ ამბოხშიც კი შეიძლება გადაიზარდოს.

ლიოსას სიტყვით, სწორედ ამიტომ ეშინოდა ინკვიზიციას რომანების, ამიტომ ეშინიათ დიქტატორებს მწერლების.

თავისი ამ პატარა წიგნით ლიოსამ დაგვანახა, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ყველაზე დიდი ჯილდოა;

რომ გულახდილობა მწერლობაში ესთეტიკური კატეგორიაა და არა ეთიკური;

რომ წერის სურვილი და მოწოდება სოლიტერივითაა - მთლიანად გიმონებს.

ამ პატარა წიგნში იგი ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს წერს: „შეეცადეთ, არ მიბაძოთ მწერლებს, რომლებიც თქვენ განსაკუთრებულად გიყვართ და რომლებმაც ლიტერატურის სიყვარული გასწავლეს...“

ალბათ მიხვდით რომელ წიგნზეცაა საუბარი. დიახ, ესაა „წერილები ახალგაზრდა რომანისტს“, დაწერილი მწერლის მიერ, რომელმაც იცის, როგორ შეიძლება შეცვალოს მისმა თუნდაც ერთადერთმა რომანმა ახალგაზრდა კაცის ბედი. ეს არის მწერალი, რომელიც მხოლოდ თხრობაში კი არ გვითრევს. არც მხოლოდ შეძვრა და განცვიფრებაა მისი ამოცანა. იგია მწერალი, რომელიც ლიტერატურას გვაყვარებს.

ასე რომ, მივესიოთ ლიოსას წიგნებს და შევიყვაროთ ლიტერატურა!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG