Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადის რუსეთი ოკუპირებული პერევიდან


რუსი მესაზღვრეების საგუშაგო პუნქტი სოფელ პერევში
რუსი მესაზღვრეების საგუშაგო პუნქტი სოფელ პერევში
მოსკოვის გადაწყვეტილებას - გაიყვანოს თავისი მესაზღვრეები საჩხერის რაიონიდან და გაათავისუფლოს აგვისტოს ომის შედეგად ოკუპირებული სოფელი პერევი - არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. თუკი ზოგს მიაჩნია, რომ მოსკოვის მიერ 14 ოქტომბერს ჟენევაში გახმაურებული დაპირების შესრულებამდე შეფასებების გაკეთება ნაადრევია, ხოლო ზოგისთვის ეს ყველაფერი საქართველოს სრული დეოკუპაციის პროცესის დასაწყისს ნიშნავს, სხვები ფიქრობენ, რომ რუსეთი მხოლოდ თავისთვის არასაჭირო ტერიტორიას თმობს და ამ ყველაფრის ისევ სათავისოდ გამოყენებას აპირებს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის ფარგლებში გახმაურებული მოსკოვის გეგმა თბილისმა, მართალია, სწორი მიმართულებით გადადგმულ, მაგრამ აბსოლუტურად არასაკმარის ნაბიჯად შეაფასა. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პერევის დეოკუპაცია მოსკოვისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის შესრულებას ნიშნავს:

”... პერევი არის მხოლოდ ძალიან მცირე ელემენტი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და აუცილებელია, ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ეტაპობრივად მოვახერხოთ ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდეს მთლიანად, სრული მოცულობით, რისი შედეგიც, საბოლოო ჯამში, იქნება რუსული შეიარაღებული ძალების სრული გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან და პოლიტიკური პროცესის დაწყება საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების მიზნით...”

პერევის გათავისუფლების გეგმას მოსკოვი არანაირად რომ არ უკავშირებს საქართველოს დეოკუპაციისა და გამთლიანების მიზნებს, ეს დღესავით ნათელია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილისთვისაც. ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთი საკუთარი ლოგიკით მოქმედებს და ამიტომ 14 ოქტომბერს გახმაურებული ამბავი არც მოულოდნელია და არც გასაკვირი:

”... რუსეთი ამას გააკეთებდა აუცილებლად ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ პერევი არის ერთადერთი დასახლებული პუნქტი, რომელიც არასოდეს არ შედიოდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. ორი სოფელია ამ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე - ქარძმანი და სინაგური, რომლებიც ერთმანეთს პერევის საშუალებით უკავშირდებოდნენ. მდინარე ყვირილაზე გადებული ხიდის გამო იყო ეს პრობლემა. ქარძმანი მოწყვეტილი იყო ყოფილი სამხეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან... ამიტომ დაიკავეს რუსებმა პერევი და ისინი არ მალავდნენ არასდროს, რომ პერევს დათმობდნენ აუცილებლად, და ახლა, ჟენევის კონტექსტში, ეს გამოიყენეს როგორც პიარ-კამპანია და პიარ-ქცევა”.

რუსეთს პერევის დატოვების გეგმა მუდმივად რომ ჰქონდა, ამას 14 ოქტომბერს გაკეთებულ კომენტარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც ადასტურებს. გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთმა ამ გეგმის განხორციელება ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში სცადა, როცა ცოტა ხნით გავიდა კიდეც ამ ტერიტორიიდან, მაგრამ იქ უცბად საქართველოს ”სპეცრაზმელთა არმადის” შესვლის გამო და იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეს ”რუსეთზე საქართველოს იარაღის გამარჯვებად” შეაფასა, რუსები პერევში დაბრუნდნენ. ამავე კომენტარში გრიგორი კარასინი განმარტავს, რომ ამჟამად, შესაბამისი გზის გაყვანის შემდეგ, რუსების პერევში დარჩენას უბრალოდ აზრი დაეკარგა. მართალია, იქვე ის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიან შეთანხმებასაც ახსენებს, მაგრამ სულ სხვა კონტექსტში:

”ბოლო თვეებში ჩვენმა მესაზღვრეებმა დიდი სამუშაო შეასრულეს და გაიყვანეს გზა, რომელიც ამ რაიონს სამხრეთ ოსეთის დარჩენილ ტერიტორიასთან აკავშირებს, და ახლა მართლაც დადგა დრო, რომ უკან, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დავიწიოთ... ყოველთვის ვაღიარებდით, რომ ეს საკმაოდ სადავო რაიონი იყო... თანაც ამით ჩვენ დავხურეთ დღის წესრიგი, რომელიც მუდმივად არსებობდა მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ფარგლებში...”

გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძისთვის წარმოუდგენელია, რომ საერთაშორისო საზოგადოება პერევის საკითხით დაკმაყოფილდეს და შესრულებულად ჩათვალოს მედვედევ-სარკოზის სახელით ცნობილი დოკუმენტის მოთხოვნები, მაშინ, როცა ეს დოკუმენტი რუსეთს თავისი სამხედროების გაყვანას საქართველოს მთელი ტერიტორიიდან ავალებს. ამასთან, მოსკოვის მიერ გახმაურებულ დაპირებას ექსპერტი საერთაშორისო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნების შედეგად მიიჩნევს და იქვე კიდევ ერთ ასპექტსაც გამოყოფს:

”... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენ გვაქვს უამრავი მრავალმხრივი ფორმატი, სადაც საქართველოს ხმა საკმაოდ წონადია და საკმაოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. თუმცა რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხოლოდ პერევის საკითხი არ უდგას წინ და იქ სხვა საკითხებზეც მიდის საუბარი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება რუსეთმა გადადგას საერთაშორისო ზეწოლის შედეგად”.

ჯერჯერობით ყველაფერი დაპირების დონეზე რჩება და მოსკოვს დაპირებული ნაბიჯი არ გადაუდგამს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, პროცესი შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს და რუსი მესაზღვრეების პერევიდან გასვლის გეგმა აუცილებლად ევროკავშირის მეთვალყურეთა ჩართვით უნდა განხორციელდეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG