Accessibility links

logo-print

რა ხიბლი აქვს ”ხმელეთის 0,047%”-ს

  • ნინო როდონაია

გელა კანდელაკი

გელა კანდელაკი

ამ დღეებში, საფრანგეთის ქალაქ სორეზში დასრულდა საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელშიც ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების, ავსტრალიის და აშშ-ის ათობით წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტულუზის მახლობლად მდებარე სორეზი, რომელიც საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა, მე-8 საუკუნეში ბერებმა დააარსეს. მე-14 საუკუნიდან სორეზი სასულიეროდან გადაიქცა საგანმანათლებლო ცენტრად, სადაც 1973 წლამდე არსებობდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლეჯი. მსგავსი ტრადიციების ფრანგული ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს ინტერკულტურული ფილმების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც სრულიად თავისუფალია კომერციული კინემატოგრაფისგან. ”სასიამოვნოა, რომ დედამიწაზე კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხალხს სულიერების ინტერესი არ ჩაუქრეს. ამ ფესტივალის, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი მადლი ეს არის” - ამბობს რეჟისორი გელა კანდელაკი. სწორედ მისი ფილმი, სახელწოდებით ”ხმელეთის 0,047%” გამოარჩია წელს კინოფესტივალის ჟიურიმ არაერთ, საკმაოდ სერიოზულ ნამუშევარს შორის. ფილმის სახელწოდებას საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ დედამიწაზე საქართველოს ხმელეთის სწორედ ამდენი პროცენტი უჭირავს. თავის დროზე ტრილოგიად ჩაფიქრებული ფილმის პირველი ნაწილი, ”სოფელი” რეჟისორმა 2007 წელს გადაიღო. საქართველოს პრაქტიკულად ყველა კუთხეში მოპოვებული 108 საათიანი მასალა ორსაათიან დოკუმენტურ ფილმად იქცა და10 ოქტომბერს, სორეზის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი დაიმსახურა. ”ფესტივალის ბოლო დღე ერთგვარად ქართული დღე გამოვიდა. სანამ დაასახელებდნენ, რომ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარებულია ჩვენი ფილმი ”სოფელი,” აღნიშნეს, რომ ეს იყო პირველი ფილმი საუკეთესო კომპოზიციით. შემდეგ ჟღერდა მეორე ქართველის გვარიც, ჩვენი ფილმის კომპოზიტორის თეიმურაზ ბაკურაძის.
სორეზის საერთაშორისო კინოფესტივალის აფიშა

მუსიკისთვის არანაირი პრიზი არ არსებობდა, მაგრამ საგანგებოდ ისაუბრეს ფილმის მუსიკალურ ჟღერადობაზე. და ბოლოს იყო ჩვენი ფილმის გრან პრით დაჯილდოება. თან, ეს ყველაფერი დაამშვენეს ჩვენმა, ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა. 40-მდე ადამიანი ჩამოვიდა ამ ფილმის სანახავად” - უამბო რადიო თავისუფლებას გელა კანდელაკმა. რეჟისორის და კომპოზიტორის გარდა, ფილმზე მუშაობდნენ: მადონა თევზაძე, გოგი ტატიშვილი, გაბო მუზაშვილი, მიხო სტურუა, ელენე მურჯიკნელი, ორესტ თოდუა, პაატა შენგელია და ზურაბ ქვაჩახია. ზოგიერთი მათგანი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდაა, რომლებსაც გელა კანდელაკის მიერ შექმნილი სტუდია ”კვალი 21-ე” და ”ჩრდილების თეატრი” აერთიანებთ. ფილმის ავტორთა მთავარ დამსახურებად რეჟისორი უდიდესი სულიერი სამყაროს მქონე ადამიანების წარმოჩენას მიიჩნევს. ფილმში, რომლის არცერთი სცენა წინასწარ არ დაუდგამთ, მთავარი პერსონაჟები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლად მცხოვრები ადამიანები არიან. ისინი სრულიად ბუნებრივ გარემოში მსჯელობენ სიყვარულზე, მეგობრობაზე, მშვიდობაზე. იმაზე, თუ რა არის პატიოსნება და ადამიანის მოვალეობა? რას ნიშნავს მათთვის სამშობლო და რა არის თავისუფლება?

დოკუმენტური ფილმის რეალურ პერსონაჟებზე კონოფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოების ცერემონიაზე საუბრისას გელა კანდელაკმა აღნიშნა, რომ მათ საუკუნეობრივი სიბრძნე მოჰყვებათ. მსგავსი ადამიანების მოსმენის სურვილი რეჟისორმა ამჯერად, საფრანგეთში დაინახა: ”ორმხრივ ვიყავი ბედნიერი. იმით, რომ ეს ჩემიანების სამყაროა და იმით, რომ მსოფლიოში კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სულიერების მოთხოვნა. ეს არ იყო უცხოური აუდიტორიისთვის ამ ფილმის პირველი ჩვენება. მანამდე ვაჩვენე გერმანიასა და ლიტვაში. აბსოლუტურად ერთნაირია ყველა რეაქცია. ზუსტად იქ იღიმებიან და იცინიან, სადაც ქართველები, ერთნაირად ფიქრდებიან და ერთნაირად ხდებიან სევდიანები, რომ რაღაცეები ამქვეყნიდან უკვე მიდის. ორსაათიანია ჩვენი ფილმი, მხოლოდ ჩვენი გლეხების პორტრეტებია და ისინი საუბრობენ ათასგვარ თემაზე. აი, ამას დღევანდელი მაყურებელი 21-ე საუკუნეში თავიდან ბოლომდე ირგებს.”
კადრი ფილმიდან "ხმელეთის 0.047%"

ევროპელი მაყურებელი ფილმს იხილავს საფრანგეთის ტელევიზიითაც, რომლისთვისაც ამჟამად მზადდება ვარიანტი ფრანგულენოვანი ტიტრით. ტელევიზიით გაცილებით მეტი ადამიანისთვის ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენების ინიციატორი სორეზის საერთაშორისო კინოეფსტივალის ჟიურის თავმჯდომარე კლოდ ვერნია. მანამდე ”ხმელეთის 0.047%”-ის პირველი ნაწილი, ”სოფელი” ლიტვის ტელევიზიამ უჩვენა.

ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, რეჟისორი გელა კანდელაკი ეროვნულ კინოცენტრს ფილმზე მუშაობის გაგრძელების განაცხადით მიმართავს. თუმცა, ტრილოგია, იმის გამო, რომ ჩანაფიქრიდან უკვე დიდი დრო გავიდა, დილოგიად იქცევა და გააერთიანებს ფილმის მეორე და მესამე ნაწილებს, სახელწოდებით - ”ქალაქი” და ”ფიქრი.” როგორც გელა კანდელაკი ამბობს, ”მთელი ფილმი გაჟღენთილი იქნება იმით, რომ საქართველო დიდი ევროპული აზროვნების ქვეყანაა.” რეჟისორის განმარტებით, ახალი ფილმი დოკუმენტურ მასალას დაეფუძნება, თუმცა, მხატვრული იქნება. არცერთი კადრი მხატვრული გარდაქმნის გარეშე არ დარჩება და სახელად ”ფიქრი” დაერქმევა.
XS
SM
MD
LG