Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) - ეპისკოპოსი


კვირა, 26 სექტემბერი
დილის ლოცვა... სახარება... წირვაზე ვერ ვდგები - ავადმყოფობის გადამკიდე, მზად არა ვარ.

სულ მიტრიალებს თავში: ეს რა შარში გავები, რა დროს ჩემი დღიურებია?! ორი დღე ვცდილობდი თავის არიდებას. ვერ მოვახერხე.

რა გაეწყობა...

გადავხედე სხვების დღიურებს, წიგნად რომ არის გამოცემული. მეუფე ანდრიას დღიურმა გამამხნევა. შევეცდები. ვნახოთ, რა გამოვა.

სამი დღეა, ავად ვარ. მაღალი წნევა, ტემპერატურა. მაცემინებს, მაციებს, ერთი ღამე საერთოდ ვერ დავიძინე. მოკლედ, კარგა ხანია, ასე ცუდად არ ვყოფილვარ. წინა დღით, შაბათს, წმ. გიორგი ჭყონდიდელის ხსენება იყო. მარტვილში უნდა ჩავსულიყავი მეუფე პეტრეს მიწვევით. ვერ ჩავედი, ბოდიში მოვუხადე. პაატა ბურჭულაძის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო კონცერტზე უნდა მივსულიყავი. იქაც ვერ მივედი. ძალიან მეუხერხულება პაატას წინაშე. ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია. ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს მფარველია და მისთვის სავანის აგება სრულიად საქართველოს მიერ ძალზედ მნიშვნელოვანია. უწმინდესი საოცრებებს ახდენს! მისი თაოსნობით, უამრავი სასიკეთო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. ახლა კი - ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი! სამწუხაროდ, საწოლში ვიწექი და იქიდან ვგულშემატკივრობდი. მადლობა უფალს, მთელი საქართველო გამოეხმაურა ამ წამოწყებას. მეც გადავრიცხე მცირეოდენი თანხა, რაც იმ წუთში ტელეფონის ზარით იყო შესაძლებელი. ახლაც ავკრეფ: 30-30. შემდეგ ცაგერის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია და ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაც უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ აქციაში.

10 საათზე ცაგერისკენ მივდივარ. ცოტა უკეთ ვარ. ხვალ ჯვართამაღლებაა. აუცილებლად უნდა ვწირო. დამქანცველი გზაა.

როგორც იქნა, ჩავედით. ლოცვა იწყება. ცუდად ვარ. ვერ მივდივარ...

ძილად მისვლის ლოცვა. მგონი ვიძინებ.

ორშაბათი, 27 სექტემბერი
მეღვიძება. შვიდის ოცი წუთია. ყოველ ორშაბათს, 7 საათზე, ცაგერის წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში პარაკლისს ვატარებ. ჩემი მორიგეობის დღეა. ისე, ყოველ დილას ტარდება ასეთი პარაკლისები. ეპარქიის ყველა სასულიერო პირს თავისი დღე აქვს. ჯერჯერობით სულ ათნი ვართ. ჩემთან ერთად ორშაბათობით მამა იაკობი და დიაკვანი ლევანი არიან ხოლმე.

ვებრძვი თავს... „ავად ხარ, რა გინდა ახლა პარაკლისზე?! წირვა არ გეყოფა?“ – „ახლა მორჩი წუწუნს, წავედით!“

დილის ლოცვა. სახარება. პარაკლისი გადავიხადე. მგონი, გამოვკეთდი...

9 საათზე ჯვართამაღლების წირვაა. ჯვართამაღლება განსაკუთრებული დღესასწაულია. თან სიხარულისა და თან - გლოვისა. გლოვისა იმიტომ, რომ ჩვენ, ადამიანებმა, ჯვარს ვაცვით ჩვენი მხსნელი და მაცხოვარი. ნურავინ იტყვის, მე რა შუაში ვარო. განა ყოველდღე არ ვაცვამთ ჯვარს ჩვენს მაცხოვარს ჩვენი ცოდვებით? განა ყოველდღე არ ვღალატობთ მას ჩვენი უკეთური საქციელით? განა შეიძლება, თავს ვიმართლებდეთ, თუ რეალურად შევაფასებთ ჩვენს ყოველდღიურობას? წმიდა ეფრემ ასური გვასწავლის ჭეშმარიტ ცხოვრებას: „უფალო, მომეც მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. დღეს ერთ დღეში იმდენ ცოდვას ჩავდივართ, რამდენსაც უწინ ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩაიდენდა.

ტელევიზორს რომ მივეჯაჭვებით, დღეში რამდენ მკვლელობას თანავუგრძნობთ ხოლმე?! როლებშიც კი ვიჭრებით. „ჩვენიანებს“ ვგულშემატკივრობთ: „მიდი, მიდი, მოკალი... დროზე!“, „დაუმტვრიე მაგას ცხვირ-პირი!“ ან მრუშობის სცენებს როგორ „ჩავუყუჩდებით“ ხოლმე!

დღეს ტელევიზორი ცოდვების პროპაგანდისტია. ურცხვად აცხადებენ, ამით ვშოულობთ ფულსო. კონფლიქტების პროვოცირებით, აგრესიის ჩანერგვით, განკითხვის, ძალადობის, შურის, შურისძიების, სიძვა-მრუშობის პროპაგანდით, ბილწსიტყვაობით, უზნეო ურთიერთობების პროპაგანდით შოულობენ ფულს. ბავშვებსაც არ ერიდებიან. მოზარდთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის არავითარი მექანიზმი არ არსებობს. ეს ისე, იმათთვის, ვისაც არ ჯერა, რომ რაიმე ცოდვას სჩადის.

ხოლო ვისაც აქვს „განცდა თვისთა ცოდვათა“, კარგად ესმის, თუ რაოდენ დიდია მისი დანაშაული ქრისტეს ჯვარცმაში.

...და სინანულის გამოსახატად მარხულობენ ოთხშაბათს - როცა უფალი გასცეს - და პარასკევს, როცა იგი ჯვარს აცვეს. და, რა თქმა უნდა, ჯვართამაღლების დღეს, როცა აღვამაღლებთ იმ ჯვარს, რომელზეც ქრისტე აწამეს.

მაგრამ დიდი სიხარულიც თან სდევს ამ დღეს. სწორედ ის ჯვარი, რომელიც ტანჯვის იარაღად გამოიყენეს მტარვალებმა, ძლევის იარაღად იქცა. უკეთურების დამარცხება სწორედ ჯვრის ცხოველმყოფელი ძალით ხდება, რომელიც მიანიჭა მას უფალმა, როცა თავისი წმიდა სისხლით აკურთხა იგი.

27 სექტემბერს მძიმედ განიცდის სრულიად საქართველო. აფხაზეთი და შიდა ქართლი ჩვენი დიდი ტკივილია. უწმიდესმა და უნეტარესმა ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა: „ამ დღეს ჩვენ ყველანი დავმარცხდით - ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც“. და, მე ვიტყოდი, რუსებიც დამარცხდნენ. შედეგები ამ მოვლენებისა ყველასათვის უარყოფითია, მხოლოდ ბოროტი ზეიმობს.

საოცრებაა! არავის უხარია, მხოლოდ მას, ბოროტს უხარია, რომ ყველანი წამოგვაგო თავის მაცდურ ანკესზე.

ღმერთო, მოიხსენიე გარდაცვლილთა სულები. უფალო შეგვიწყალე და გვიხსენ განსაცდელისაგან, ყველანი...

გიმნაზიაში გავედი. ახალი სასკოლო კორპუსის მშენებლობა მალე უნდა დამთავრდეს. გადახურვა თითქმის დასრულებულია, კარ-ფანჯარა ჩაისვა, გათბობა მონტაჟდება, კანალიზაცია, წყალი, დენი - დასრულდა. შელესვა დაიწყო. სამწუხაროდ, წელს ფული არ გვყოფნის, სპორტკომპლექსს ვერ ვამთავრებთ. სასკოლო კორპუსი უნდა დასრულდეს წელს. აუცილებლად!

დამირეკეს. წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ III საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციას ვატარებთ. ნორმალურადაა ყველაფერი. საფრანგეთიდან ჟან-კლოდ ლარშე ჩამოდის, სერბეთიდან - მეუფე ათანასე (ევტიჩი), პეტერბურგიდან - გრიგორი ბენევიჩი, გერმანიიდან - ბრიგიტა შრადე. ალბათ, მეუფე ვასილიოსიც იქნება კვიპროსიდან, მოსკოველებიც მოდიან მართლმადიდებლური უნივერსიტეტიდან. ღვთისმშობლის შობას ბრიტანეთიდან მამა ენდრიუ ლაუთი იყო ჩამობრძანებული. ერთად ვაკურთხეთ ბარდნალაში, ლადო ასათიანის სოფელში, ახლად აგებული ტაძარი. ძალიან ლამაზი დღე იყო. მამა ენდრიუ (ანდრია) ლაუთი მართლმადიდებელი მღვდელია, ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ცნობილი მაქსიმოლოგია. სპეციალურად ჩამოვიდა ცაგერში წმ. მაქსიმე აღმსარებლის საფლავის მოსალოცად. ძალზედ გაიხარა, როცა შეიტყო, რომ გათხრების შედეგად წმ. მაქსიმე აღმსარებლის წმიდა ნაწილები გამოჩნდა. მასაც აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს წმ. მაქსიმესადმი მიძღვნილ კონფერენციაში.

აღარც მახსოვს, ავად თუ ვიყავი! ძილად მისვლის ლოცვა. დავიღალე. მეძინება...

სამშაბათი, 28 სექტემბერი
დილის ლოცვა. სახარება. ხვალისთვის საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოზე უნდა გავიტანოთ საკითხი წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში კომპლექსური არქეოლოგიური კვლევის შესახებ. ვემზადები.

მოვიდნენ მასწავლებლები. 4 ოქტომბრიდან უნდა დავიწყოთ სწავლა ორ ახლად დაფუძნებულ სასწავლებელში: წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო-სახელობო სემინარიასა და წმ. ნინოს სახელობის ცაგერის საღვთისმეტყველო-სახელობო ინსტიტუტში. სემინარიაში მხოლოდ ვაჟები ისწავლიან, ინსტიტუტში - მხოლოდ გოგონები. პანსიონის ტიპის სასწავლებლებია. ერთ კურსზე ათ სტუდენტზე მეტს არ მივიღებთ. საშუალო სკოლა დამთავრებული უნდა ჰქონდეთ. სულ ოთხი კურსი იქნება, როცა სასწავლებლები სრულად დაკომპლექტდება. I კურსზე ვასწავლით: ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოსა და მსოფლიოს ეკლესიების ისტორიას, კატეხიზმოს, ძველსა და ახალ აღთქმას, ლიტურგიკას, ზნეობრივ ღვთისმეტყველებას, პატროლოგიას, უცხო ენას (ინგლისურს), გალობას, ჰიგიენას, მიწათმოქმედებას, გამოყენებით ხელოვნებას (სემინარიაში უპირატესად ტიხრულ მინანქარს, ინსტიტუტში - ქარგვას, ქსოვას, კერვას, გობელენს). მასწავლებლები შემართულნი არიან, ამუშავებენ პროგრამებს. კვირისათვის საბოლოოდ შევჯერდებით და დავიწყებთ სწავლას.

არ წყდება შეხვედრები. ყველას რაღაც პრობლემა აწუხებს. ზოგს პირადი, ზოგს - საზოგადო მნიშვნელობის. გარკვეული პრობლემებია საკათედრო ტაძრის მშენებლობის საქმეში, გიმნაზიის საკითხები, ბუღალტრული ამბები, ვაუჩერები, ხელფასები, მშენებლობის გადარიცხვები...

ვაპირებდი ახალციხეში ჩასვლას, დედას ვენატრები... იქიდან დილით თბილისში წავიდოდი. ეჰ! ისე გავიდა დრო, ვერც კი გავიგე. ახლა სადღა წავალ - ღამის თორმეტია! ძილად მისვლის ლოცვა...

ოთხშაბათი, 29 სექტემბერი
თბილისში გავრბივარ. ახალგაზრდულ ცენტრში მელოდებიან სამი საათისთვის. ეს რა გავიგე?! იაკობ გოგებაშვილის მუზეუმს აუქმებენო? მისი ნივთებისთვის ადგილი არ გამოინახაო? უნდა გადავამოწმო. რაც შემეძლება, დავეხმარები.

სარედაქციო კრება ხვალისთვის გადავდე. ოთხი საათისთვის საპატრიარქოში საბჭოს სხდომაზე უნდა ვიყო. არქეოლოგებმა ჯონი აფაქიძემ (სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა), ვახტანგ ლიჩელმა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა), ვახტანგ ჯაფარიძემ, რევაზ ხვისტანმა, ანთროპოლოგმა ლადო ასლანიშვილმა წარმოადგინეს წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში ჩატარებული დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების წინასწარი შედეგები. სხდომაზე გადაწყდა კომპლექსური არქეოლოგიური ექსპედიციის ჩამოყალიბება და, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანხმობით, კვლევის გაგრძელება. სხდომაზე ჩვენი საკითხის განხილვა თითქმის 20 საათამდე გაგრძელდა.

ბავშვები მელოდებოდნენ წმ. სამების ტაძარში, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. ხვალინდელი დღის გეგმა ჩამოვაყალიბეთ და დავიშალეთ.

სახლში 10 საათზე ძლივს მივაღწიე. ცოტა წავიხემსე.

ძილად მისვლის ლოცვა. სავარძელში ჩამოვჯექი, ჩემი ჭკუით, ფეხბურთის საყურებლად. ჩემპიონთა ლიგა... ისე ჩამეძინა, ვერც გავიგე, ვინ ვის ეთამაშებოდა! გამეღვიძა რეკლამის ხმამაღალ ყვირილზე. როგორც ჩანს, რეკლამებს სპეციალურად მაღალ ხმაზე უშვებენ - ყურადღების მისაქცევად. სასწრაფოდ გამოვრთე ტელევიზორი და საწოლში გადავბარგდი.

ხუთშაბათი, 30 სექტემბერი
7 საათი. დილის ლოცვა. სახარება. დილიდან ჟურნალის მასალას ვკითხულობ. ჟურნალ „ახალგაზრდობას“ გამოვცემთ. გვინდა, საინტერესო იყოს. მგონი, ვახერხებთ. თავიდან შევეცადეთ, ყოველთვიურად გამოგვეცა, მაგრამ ძალზედ ძვირი გვიჯდება და გადავწყვიტეთ, სამ თვეში ერთხელ გამოსულიყო. ჟურნალი ფერადია, მაღალი ხარისხის. მისი თვითღირებულება 4 ლარია. 3 ლარად ვყიდით, მაგრამ მაინც ეძვირებათ. ხალხი დაბალი ხარისხის, იაფფასიან ჟურნალ-გაზეთებსაა მიჩვეული. რაც შეიძლება, მეტი სკანდალი უნდა იყოს და მყვირალა სათაურები...

3 საათისთვის ახალგაზრდულ ცენტრში მივედი. ხალხი მელოდებოდა. გავესაუბრე. უამრავი საქმეა გასაკეთებელი. სარედაქციო საბჭოს სხდომა დავიწყეთ. თითქმის მზადაა ყველა მასალა საშემოდგომო ნომრისთვის. დაველოდებით სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოვლის ტაძრის 1000 წლის იუბილეა! ცინცხალი მასალით გამოვალთ. თუმცა, ამ ნომერში, მაინც, მთავარი თემა, წმიდა მაქსიმე აღმსარებლისა და მისი მოწაფეების, ანასტასი ბერისა და ანასტასი აპოკრისიარის წმიდა ნაწილების აღმოჩენაა, ცაგერის წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში. ანთროპოლოგის დასკვნა ამას ადასტურებს.

შემდეგ განვიხილეთ ახალგაზრდული ცენტრის პროგრამების მიმდინარეობა: ახალი სასწავლო წლიდან განახლდება ყოველდღიური შემეცნებითი საუბრები. უწმიდესთან უნდა შევთანხმდეთ, რომ მან ჩაატაროს პირველი საუბარი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში.

ვიწყებთ ინტელექტუალურ კონკურსს „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. ეს უკვე მესამე გათამაშებაა. წესებში ცვლილებებია და ვაწყობთ ღია კარის დღეს. დავგეგმეთ ხატვის დღე, ბიბლიური ნახატების კონკურსის ფარგლებში. ვამზადებთ საბავშვო წიგნის III ფესტივალს, თანამედროვე ქართული სამოსის ფესტივალს, II საწავლო-პრაქტიკულ კონფერენციას „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, სვეტიცხოვლის ტაძრის მე-1000 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, სპეციალურ გამოფენას, ლიტერატურულ საღამოებს, სასკოლო ღონისძიებებს. ვემზადებით ჩვენი ვებ-გვერდის - www.axalgazrdoba.ge -განახლებისთვის.

როგორ გავიდა დრო, ვერ გავიგეთ. 9 საათი გახდა.

მივედი სახლში. წავიხემსე. ლოცვა, ძილი...

პარასკევი, 1 ოქტომბერი
11 საათია. მცირედ ვიტრაპეზებ და გავდივარ. 9 ოქტომბერს ლენტეხობაა. ახლად აშენებულ რეზიდენციაში სტუმრები უნდა მივიღოთ, ჭურჭელი კი ჯერ არა გვაქვს. დღეს გავდივართ მე, მაგდა და მარი, იქნებ რამე შევარჩიოთ მაღაზიებში. სამისთვის ახალგაზრდულ ცენტრში უნდა ვიყოთ.

მარი ვერ წამოვიდა, ჩათვლა აქვს. მაგდასთან ერთად ფარდები ვიყიდეთ და მაღაზიებში ვოიაჟი ხვალისთვის გადავდეთ.

ახალგაზრდულ ცენტრში ხალხმრავლობაა. უწმიდესის კურთხევით ყველა აბიტურიენტი ჩარიცხეს, ვინც აბარებდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, იმ პირობით, რომ კარგად ისწავლიან. პირველი სემესტრის შედეგებით მოხდება საბოლოო ჩარიცხვა. ამიტომ, ჯერჯერობით, სადაც კი რამე ფართია, პირველკურსელებით არის სავსე.

სკამები არ გვყოფნის. „სანთლით ვეძებთ“. დღეს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ხანდაზმულთა ორგანიზაცია „ამაგდარი“ ღონისძიებას მართავს ჩვენს საკონფერენციო დარბაზში. ჩვენი ოთახი დაცარიელდა: სკამები, მაგიდები, ყველაფერი იქ გავზიდეთ. ხანდაზმულებთან დიდი მოწიწება და პატივისცემა გვმართებს. ისინი ხომ ჩვენი მამები და დედები, ბებიები და ბაბუები არიან. ახალგაზრდებს ძალა და შემართება აქვთ, მაგრამ სიბრძნე და გამოცდილება აკლიათ, ხანდაზმულებს კი, ხანდახან ფიზიკური ძალა ღალატობთ, მაგრამ სწორედ სიბრძნე და გამოცდილება აქვთ. ამიტომ აუცილებელია თაობათა მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა. მოვეფეროთ ჩვენს მოხუცებს, ისინი ხომ ბავშვებივით არიან.

ახალ ვებგვერდს ვაკეთებთ. ვარჩევთ თემებს, სურათებს...

ვემზადებით თანამედროვე ქართული სამოსის ფესტივალისთვის. უამრავი საორგანიზაციო პრობლემაა. ყველაფერი დალაგდება. ნოემბრის ბოლოსთვის უნდა ჩავატაროთ. გვეკითხებიან, რატომ ატარებთ სამოსის ფესტივალს, რა თქვენი საქმეაო?! სამწუხაროდ, ჩვენი საქმე გახდა მას შემდეგ, რაც სამოსში უზნეობა შემოიჭრა. შემოსვის კულტურა იკარგება. დღეს დიზაინერების უმრავლესობა იმაზე ფიქრობს, უფრო ეფექტურად როგორ გახადოს ადამიანს ტანსაცმელი. მათი აზრით, მოდა „სექსუალურობას“ უნდა წამოწევდეს წინ. ჰოდა, ჩაცმის მაგივრად, გახდას ცდილობენ. ჩვენ კი ვცდილობთ, ზნეობის ფარგლებს დაუბრუნდეს ჩაცმულობა და, ამავე დროს, ლამაზი და გემოვნებიანი იყოს სამოსი, ამასთანავე, რადგან ჩვენ ქართველები ვართ, უძველესი კულტურა გვაქვს, ულამაზესი ორნამენტები, ფერთა გამა, სილუეტი... ყოველივე ეს რატომ არ წამოვწიოთ წინა პლანზე?

10 საათია. წავედით სახლში.

ლოცვა, ძილი...

შაბათი, 2 ოქტომბერი
დილის ლოცვა. სახარება. დღიურის წერა. ტრაპეზე. მაღაზიები. ჭურჭელი უნდა ვიყიდოთ, ბოლოს და ბოლოს! სტუმრები ჩამოდიან, ხომ უნდა გვქონდეს რაიმე?!

2 საათზე მაქვს შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით. მერე რადიოში უნდა ვიყო, მერე კი - გზა. ხუთი საათი ცაგერამდე. ლოცვაზე ვაგვიანებ... შემინდე, უფალო!
XS
SM
MD
LG