Accessibility links

logo-print

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას ელოდებიან


საქართველოს საინვესტიციო პროექტების საგამოფენო სტენდი ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საქართველოს საინვესტიციო პროექტების საგამოფენო სტენდი ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

გასულ კვირაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, ელოდებიან, რომ წლის ბოლოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 750 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. ეკონომიკის ექსპერტები კი ეჭვს გამოთქვამენ მთავრობის ოპტიმიზმთან დაკავშირებით. რა მონაცემებს ეფუძნება პრემიერ-მინისტრის განცხადებები?

საქართველოში 2010 წლის განმავლობაში 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა...
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობენ უცხოური ინვესტიციების აუცილებლობაზე - ინვესტიციებისა, რომელთა გარეშეც ქვეყნის ეკონომიკის განვითარება თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს და ყოველი წლის დასაწყისში ინვესტიციების სავარაუდო მოცულობასაც ასახელებს. მაგრამ ბოლო ორი წელია პროგნოზები და რეალობა ერთმანეთს დასცილდა. ამის მიზეზი, ძირითადად, გლობალური კრიზისი და რუსეთ-საქართველოს ომი იყო. შედეგად, 2009 წელს საქართველომ ნავარუდევი ინვესტიციების მხოლოდ ნახევარი მიიღო. მიუხედავად პოსტკონფლიქტური და პოსტკრიზისული არასტაბილურობისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დარწმუნებულია, რომ წელს ქვეყანაში, შარშანდელთან შედარებით, უფრო მეტი უცხოური კაპიტალი შემოვა. ეს განცხადება ნიკა გილაურმა ტელეკომპანია ”სი-ენ-ბი-სი”-სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

ნიკა გილაური, საქართველოს პემიერ-მინისტრი
”საქართველოში 2010 წლის განმავლობაში 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა. პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის დასავლეთს შორის მდებარე ქვეყანას რეგიონალურ საინვესტიციო ცენტრად აქცევს”.

ნიკა გილაურის ოპტიმიზმს ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი არ იზიარებს, რადგან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა დაახლოებით 260 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნოდარ ხადური ფიქრობს, რომ წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობა 600 მილიონამდე იქნება. იგი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომლებიც ინვესტიციების სიმწირეს განაპირობებს:

”შარშან გაცილებით ოპტიმისტური პროგნოზი იყო, რომ დაახლოებით მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა. მაშინვე ვთქვით ჩვენ, რომ ეს ძალიან ოპტიმისტური იყო ბევრი მიზეზის გამო: ომი ახალი დამთავრებულია, პოლიტიკური სიტუაცია დარეგულირებული არ არის, მსოფლიოში ფინანსური კრიზისი არ დასრულებულა. ამიტომ ჩვენ ვამბობდით, რომ პროგნოზი გადაჭარბებულია. პირველმა კვარტალმა გვაჩვენა, რომ ეს ასე იყო”.

საქართველოს მთავრობაში კი აცხადებენ, რომ, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ინვესტორებს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს სთავაზობენ, რამაც უცხოური კაპიტალდაბანდების მოცულობის ზრდა უნდა გამოიწვიოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ერთ-ერთ ასეთ პროექტზე საუბრობს:

”საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში არის სერიოზულად წარმოდგენილი - თუნდაც ბოლო პროექტი, რომელიც ტურისტულ ზონებს ეხება. პრაქტიკულად ნახევარი აპლიკაციების უკვე შემოსულია, ერთ კვირაში გამოცხადებიდან, და კიდევ არის ერთი თვე განაცხადების მისაღებად. მხოლოდ ამ შემთხვევაში ლაპარაკია ათეულობით მილიონი ლარის დაბანდებაზე ამ კონკრეტულ პროექტში”.

ქობულეთის "თავისუფალი ტურისტული ზონის" პროექტი
თუმცა ეკონომიკის ექსპერტები მაინც კრიტიკულად აფასებენ მთავრობის ოპტიმიზმს, რადგან მსოფლიოში საინვესტიციო შიმშილის პირობებში არასტაბილურმა საქართველომ ძნელია კონკურენცია გაუწიოს უფრო სტაბილურ ბაზრებს. საქართველოს საინვესტიციო არასტაბილურობის მიზეზებზე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ხადური საუბრობს:

”ჯერჯერობით არავინ იცის როგორია ახალი საგადასახადო კოდექსი. ქვეყანა მუშაობს ახლა კონსტიტუციაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი უცხოელ ინვესტორებს აიძულებთ გაჩერდნენ და დაელოდონ, ვიდრე ეს დოკუმენტები ამოქმედდება. ანუ არასტაბილურობა, როდესაც ასეთი რადიკალური ცვლილებები ხდება ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში, ასევე ხელს უშლის ინვესტიციების განხორციელებას”.

ასეთია ნოდარ ხადურის აზრი. ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი, ისევე როგორც ლიბერალური ეკონომიკის სხვა მიმდევრები, მთავრობას მოუწოდებს გადასახადები შეამციროს:

”წინააღმდეგობები, რაც შეიძლება ინვესტორებს შეხვდეთ, უნდა გავაუქმოთ და პლუს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ და ესტონეთს ერთი და იგივე პირობები გვაქვს, მაგრამ ესტონეთს უფრო მაღალი გადასახადები აქვს. ამიტომ გირჩევთ ჩვენთან ინვესტირებას”.

ჯერჯერობით საქართველოს მთავრობას ასეთი განცხადების გაკეთება არ შეუძლია, რადგან ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიღება და, აქედან გამომდინარე, გადასახადების გაზრდის შეზღუდვებისა თუ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების საკანონმდებლო გარანტიებით განმტკიცება დროებით გადაიდო.
XS
SM
MD
LG