Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომეცით მილიონები და ნუ იკითხავთ, როგორ ვხარჯავ მათ


საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ხარჯების შემცირებაზეა ორიენტირებული. „ქამრის შემოჭერა“ კი ყველაზე მეტად თავდაცვის სამინისტროს მოუწევს, რომელიც გაისად 100 მილიონი ლარით ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს. თუმცა, სამხედრო მიმომხილველების თქმით, მოსალოდნელი შემცირება ნეგატიურად არ იმოქმედებს არმიის ბრძოლისუნარიანობაზე, თუკი მაკონტროლებელი ორგანოები ერთხელ მაინც მოიკითხავენ, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება მოქალაქეთა ჯიბეებიდან ე.წ. ძალოვანი უწყებების დასაფინანსებლად განკუთვნილი თანხები. როგორ ხვდება ამ გამოწვევას სამხედრო უწყება, რომელსაც წინა წლებთან შედარებით ამოცანებიც მოემატა და კმაყოფაზე მყოფი პირადი შემადგენლობაც?

2010 წლის პირველ ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურას რამდენიმე ასეული წვევამდელი და ახალი ერთეულები - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და, რაც მთავარია, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ - დაემატა. სამხედრო ლიცეუმი შედარებით მცირერიცხოვანი სასწავლო დაწესებულებაა. იქ სულ სამასი მოზარდი სწავლობს და მისი წლიური ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს არ აღემატება. ზედმეტი ორიოდე ასეული სამხედროს შენახვაც დიდ ხარჯებს არ მოითხოვს. მაგრამ სულ სხვაა კმაყოფაზე აიყვანო სამხედრო დანიშნულების საავიაციო გაერთიანება „თბილავიამშენი“, სადაც, სულ მცირე, 1000-მდე კაცი მუშაობს. ოთხი თვის წინ თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პანტიკო თორდია იმედიანად აცხადებდა, რომ სამხედრო უწყების კმაყოფაზე დადგომით უკეთეს პირობებს და ახალ სამუშაო ადგილებს ელოდნენ:

”ამ კომპლექსის შექმნა სერიოზულად გააუმჯობესებს სიტუაციას ჩვენს კოლექტივში, გარანტირებული ვიქნებით შეკვეთებით და, როგორც ვიცი, ეს პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს”.

მაგრამ შესაბამისი სამხედრო ბიუჯეტის გარეშე არ არსებობს სამხედრო შეკვეთები, სამხედრო შეკვეთების გარეშე კი ვერ ჩამოყალიბდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლის შექმნასაც სამხედრო უწყებისა და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელები ოპტიმისტურად უყურებდნენ. არადა, ამ წამოწყებასაც კარგი პირი უჩანდა და პირველ ხანს საქმე მართლაც კარგად აეწყოო, - ამბობს სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც შიშობს, რომ ბიუჯეტის თითქმის 10 პროცენტით შემცირება ნეგატიურად აისახება სამხედრო შეკვეთებზეც:

„ამ ბოლო დროს იმავე „თბილავიამშენში“, კიდევ სხვა - არ მინდა დავაკონკრეტო - ქარხნებში ხდება რაღაც საინტერესო პროექტების შემუშავება, მათი დახვეწა. ეს ცუდი არ არის, რადგან რომ შევხედოთ ჩვენს მეზობელ სომხეთსა ან აზერბაიჯანს, იქ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სერიოზული განვითარება მიმდინარეობს. ვნახოთ, რა გამოვიდა და რა სახით, მაგრამ ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, რომ იქმნებოდა საცდელი ნიმუში საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების, და მერე აღმოჩნდებოდა, რომ ამისაგან არაფერი არ გამოდიოდა“.

სამხედრო უწყებაში ბიუჯეტის შემცირების გეგმასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბრებში ამბობენ, რომ სამხედრო ხარჯების 100 მილიონით შემცირება ნეგატიურად არ აისახება არმიის ბრძოლისუნარიანობაზე, რადგან წინა წლებში მიღებული დაფინანსებით სამხედრო უწყებამ მოახერხა აუცილებელი შესყიდვების განხორციელება, სარემონტო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაც. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველოს არმიას თავისი არსებობის განმავლობაში სარეკორდო ბიუჯეტი ჰქონდა. იმ წელს სამჯერ მოხდა ბიუჯეტის პოზიტიური კორექტირება, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1,3 მილიარდ (მილიარდ სამას მილიონ) ლარამდე გაიზარდა. მაგრამ ომის შემდეგ დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო 2009 წელს არმიის დაფინანსება ერთბაშად 30 პროცენტით შემცირდა და აღნიშნული შემცირების ტენდენცია, როგორც ჩანს, გრძელდება. მაგრამ, როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, ამის პარალელურად გრძელდება კიდევ ერთი ცუდი ტენდენცია. ეს არის ის, რომ საზოგადოებისათვის 5 წელიწადზე მეტია გასაიდუმლოებულია ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯება მოქალაქეთა ჯიბიდან გადახდილი თანხები. სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ კონტროლის პალატის მიერ გამჭვირვალე და მიუკერძოებელი შემოწმების შედეგად, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს არმიისათვის ბიუჯეტის კიდევ უფრო მეტად შემცირების სურვილი გაუჩნდეს:

„რომ ჩატარდეს მიუკერძოებელი, ობიექტური შესწავლა, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება „ძალოვანი სტრუქტურების“ და, პირველ რიგში, თავდაცვის ბიუჯეტი წლების განმავლობაში (მე არ ვამბობ მარტო ამ წელს, არამედ წინა წლებშიც, იმავე ომამდე და ომის შემდეგაც), მაშინ გამოჩნდება, რომ ძალიან ბევრი დარღვევებია. და აქ საუბარია არა მილიონებზე, არამედ ათეულ და, შესაძლოა, ასეულ მილიონებზეც“.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, ეს დარღვევები, ძირითადად, ეხება საწვავის, სურსათის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესყიდვებს, მშენებლობებსა და სარემონტო სამუშაოებს. თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში კონტროლის პალატას სამხედრო უწყების საბიუჯეტო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება არ ჩაუტარებია. დუმს ე.წ. „ნდობის ჯგუფი“, საგანგებო საპარლამენტო ჯგუფი, რომელსაც უფლება აქვს ე.წ. ძალოვანი სტრუქტურებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია და ჩაატაროს საპარლამენტო გამოძიება. ხუთკაციანი საპარლამენტო ჯგუფი მხოლოდ დახურულ სხდომებზე ისმენს სამხედრო უწყების მაღალჩინოსანთა მოხსენებებს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ საზოგადოებისათვის ყველაზე უფრო საინტერესო, მგრძნობიარე საკითხებზე „ნდობის ჯგუფს“ მოეწყოს ღია მოსმენა, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნების საპარლამენტო პრაქტიკაშია გავრცელებული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG