Accessibility links

logo-print
გამომცემლობა “ინტელექტმა” ხელმეორედ გამოსცა ჰაინრიჰ ბიოლის წიგნი “უკაცო სახლი” - რომანი, რომელიც ჯერ კიდევ 70-იან წლებში თარგმნა თენგიზ პატარაიამ.

ჰაინრიჰ ბიოლს ჩვენთან კარგად იცნობენ, მისი სახელი 70-იანი წლების ქართული დისიდენტური წრეებისთვისაც ბევრს ნიშნავდა და მას ოფიციალური კულტურის წარმომადგენლებიც სცემდნენ პატივს. რამდენიმეწლიანი პაუზის გამოკლებით, ქართულად მისი წიგნებიც ითარგმნებოდა, მცირე ჟანრის ნაწარმოებები კი პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა. მახსოვს ნოდარ კაკაბაძის რამდენიმე წერილი ჰაინრიჰ ბიოლის შესახებ. ეს ტექსტები მაშინ ბევრისთვის საუკეთესო შესავალი აღმოჩნდა მწერლის შემოქმედებაში. ბატონი ნოდარი ხომ ბიოლის მთავარი მასპინძელი იყო მისი საქართველოში სტუმრობისას, 1966-სა და 1972 წლებში.

მწერლის პირველ ვიზიტამდე, 1964 წელს გამოვიდა ნოდარ რუხაძის მიერ ქართულად თარგმნილი ბიოლის მოზრდილი კრებული, სადაც რომანი და მოთხრობები იყო შესული; შემდეგ, 1968 წელს გამოიცა ერთი პატარა კრებული, ხოლო უკვე 70-იანი წლების განმავლობაში ბიოლის სახელს ტაბუ დაედო საბჭოთა საქართველოში, და მხოლოდ 1987 წელს გამოქვეყნა “კლოუნის თვალთახედვის” ნელი ამაშუკელისეული თარგმანი, შემდეგ კი - თენგიზ პატარაიას მიერ გადმოქართულებული “უკაცო სახლი”.

თავის დროზე ბიოლი ხშირად სტუმრობდა საბჭოთა კავშირს, მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა თანდათანობით, საბჭოთა რეჟიმის გახშირებული კრიტიკისა და საბჭოთა დისიდენტებთან მეგობრობის გამო, იგი აითვალწუნეს. ბიოლი ძალიან ქომაგობდა კავშირიდან ემიგრირებულ მწერლებს, მათ შორის სოლჟენიცინს და ცოლ-ქმარს, ლევ კოპელევსა და რაისა ორლოვას, რომელთაც წიგნში - “ჩვენ ვცხოვრობდით მოსკოვში – 1956-1980” - შესანიშნავი მონაკვეთი მიუძღვნეს ბიოლს.

ბიოლის დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი აკრძალული ტექსტი მოხვდა საბჭოთა კავშირიდან ევროპაში, არსებობს ზეპირი მონათხრობიც იმის თაობაზე, რომ ბიოლის თბილისში პირველი სტუმრობისას ცნობილმა გერმანისტმა, ბუბა ყარალაშვილმა რაღაც ტექსტი გადასცა გერმანელ მწერალს, რომლის ნახვის დიდი სურვილი გამოუთქვამს თურმე იოსებ ნონეშვილს, იმდენად, - რომ საქმე ლამის ჯიბეებში ხელის ჩაყოფამდე მისულა.

1970 წელს ნობელი მიანიჭეს სოლჟენიცინს, 1972-ში თავად ჰაინრიჰ ბიოლმა მიიღო ნობელის პრემია და ამ დროიდან მოყოლებული პერესტროიკამდე მას ძალიან იშვიათად ახსენებდნენ.

ამ პერიოდის მსხვრეპლია თენგიზ პატარაიას ეს თარგმანიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დარჩა თაროზე. როგორც მთარგმნელის მეგობარი, პოეტი და მთარგმნელი ანდრო ბუაჩიძე ამბობს:

“აქ ერთი მნიშვნელოვანი რამე იყო, რაზედაც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. როდესაც თენგიზმა ძალიან დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ამ რომანის თარგმნა და დაამთავრა ბეჯითი მუშაობა, - თენგიზი ძალიან შრომისმოყვარე კაცი იყო, ოღონდ შრომისმოყვარეობა არ იყო რაღაც თავსმოხვეული, მას არავითარი ზეწოლა არ უხდებოდა საკუთარ თავზე, ვინაიდან შთაგონებით მუშაობდა, უყვარდა ეს საქმე, იგი მოწოდებით მწერალი იყო – და, როდესაც მას უკვე დასრულებული ჰქონდა რომანზე მუშაობა და წიგნი უნდა დაბეჭდილიყო, მოხდა ასეთი რამ: საბჭოთა კავშირიდან გააძევეს ალექსანდრ სოლჟენიცინი. გერმანიაში მას ჰაინრიჰ ბიოლი დახვდა, მან უმასპინძლა და ამ ფაქტის გამო, რომელსაც თავად თენგიზთან, მართალია, არავითარი კავშირი არ ჰქონია, აიკრძალა საერთოდ ბიოლის სახელის ხსენება საბჭოთა კავშირში და ბუნებრივია, საქართველოშიც. რომანის გამოცემა დიდი ხნით გადაიდო და შემდეგ, “პერესტროიკის” პერიოდში გამოიცა ეს კარგი თარგმანი”.

მთარგმნელ თენგიზ პატარაიას მეტ-ნაკლებად იცნობს ქართველი მკითხველი, იგი სამწუხაროდ ტრაგიკულად გარდაიცვალა 90-იანი წლების დასაწყისში, თუმცა დაგვიტოვა რამდენიმე გამორჩეული თარგმანი, რომლებიც დღეს უკვე ხელახლა, თითქმის სრულად გამოიცა. როგორც ანდრო ბუაჩიძე ამბობს, ბიოლის “უკაცო სახლის” თარგმნა მან დაიწყო ჯერ კიდევ უცხო ენების ინსტიტუტში სწავლისას:

“დაიწყო იმით, რომ თენგიზი უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდა, გერმანული ენის განხრით. გერმანულ ენას იგი ბავშვობიდან ეუფლებოდა, მოთხრობებსაც წერდა... და ეს ორი რამ შეერწყა ერთმანეთს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ მწერალი და მთარგმნელი. თავიდან მცირე ჟანრის პროზაულ ნაწარმოებებს თარგმნიდა, ერთ მშვენიერ დღესაც, როცა უკვე ამთავრებდა უცხო ენების ინსტიტუტს, ხელი მოჰკიდა ჰაინრიჰ ბიოლის რომანის, “უკაცო სახლის” თარგმნას”.

ამ რომანის გარდა, და შესაძლოა, ამ რომანზე მეტადაც აღნიშვნის ღირსია რობერტ მუზილის შესანიშნავი მცირე ტრილოგია, - “სამი ქალი”, მოთხრობები – “გრიჯია”, “პორტუგალიელი ქალი” და “ტონკა”, - რომელიც 1978 წელს გამოიცა ცნობილი ქართველი გერმანისტის, დავით დავლიანიძის ბოლოსიტყვაობით. გარდა ამისა, თენგიზ პატარაიას ეკუთვნის მუზილისვე “შაშვის” თარგმანი, რომელიც პირველად 1998 წელს “დიოგენემ” დაბეჭდა. “დიოგენესვე” ეკუთვნის ზემოხსენებული “სამი ქალის” ხელახალი, 2004 წლის გამოცემა.

“მე მინდა, ერთ გარემოებასაც გავუსვა ხაზი, რომ თენგიზ პატარაიამ ეს რომანი თარგმნა უკვე იმ პერიოდში, როდესაც ის მთარგმნელობით კოლეგიაში მუშაობდა. ეს იყო ძალიან საინტერესო დაწესებულება, ყოველ შემთხვევაში ერთი მიმართულება ჰქონდა ძალიან საინტერესო, უფრო სწორად სულისკვეთება, რომ მთარგმნელი უნდა ყოფილიყო მოწოდებით მწერალი, ანუ თანაბრად კარგად უნდა დაუფლებოდა როგორც უცხო ენას, ისე ქართულს... და მართლაც, ეს პროფესიული ინტერესი თენგიზში ძალიან ღრმად იყო გამჯდარი და ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი მუდმივად აღრმავებდა თავის ცოდნას; მისთვის ერთ-ერთ საეტაპო ნაწარმოებად მუზილის “სამი ქალი” იქცა”.
XS
SM
MD
LG