Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უწყლოდ დარჩენილი კონფლიქტის ზონის სოფელი


აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ სოფელ საქაშეთში წყლის პრობლემაა. ადგილობრივი მოსახლეობა წყალს შორი მანძილიდან ეზიდება. რამდენიმე მაცხოვრებელს ეზოებში ჭები 25 მეტრის სიღრმეზე აქვთ გათხრილი და მეზობლებიც მათთან დადიან წყლის ამოსაღებად. ომის შემდეგ დაზარალებულ სოფლებში საერთაშორისო ორგანიზაციები შევიდნენ და სხვადასხვა პროექტის განხორციელება დაიწყეს. სოფელ საქაშეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 24 საუბნო ონკანი დაამონტაჟა, მაგრამ საქაშეთელების თქმით ამით წყალმომარაგება არ გაუმჯობესებულა.

როგორც საქაშეთელები ამბობენ, წყლის რეზერვუარი, საიდანაც ონკანებში წყალი იშვიათად მოედინება, კერძო პირის მიწის ნაკვეთში მდებარეობს. მეპატრონე კი წყალს, თანხის გადახდის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე დღით უშვებს.

საქაშეთელები პრობლემის მოგვარებას სოფლის რწმუნებულს სთხოვენ. მათი აზრით, წყლის რეზერვუარს ადგილობრივი ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს. საქაშეთის რწმუნებულმა ნუგზარ კარელიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ საუბნო ონკანების დამონტაჟების შემდეგ სოფელს წყალი 24 საათის განმავლობაში ჰქონდა, მაგრამ მოსახლეობა გადასახადის გადახდას აგვიანებდა, რაც პრობლემას ენერგოპროჯორჯიასთან ქმნიდა; გარდა ამისა, ძრავა გადახურდა და დაიწვა. ამის გამო სოფელს რამდენიმე დღე წყალი მართლაც არ ჰქონდა.

სოფლის ხელმძღვანელის თქმით, საქაშეთელებს ამიერიდან სასმელი წყალი გრაფიკით, დღის საათებში მიეწოდებათ, რადგან ძრავას გადახურება აიცილონ თავიდან და წყლის რეზერვუარის შევსებაც მოესწროს.
XS
SM
MD
LG