Accessibility links

logo-print

ანტიმონოპოლიური სამსახურის გავლენა ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობაზე


მერაბ ჯანიაშვილი, ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი

მერაბ ჯანიაშვილი, ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი

”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” (აფბა) დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, კონკრეტულად კი, აღადგინოს ანტიმონოპოლიური სამსახური და მას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეუქმნას. რა კავშირშია საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური ევროკავშირთან და რატომ ვერ მოხერხდა აქამდე აღდგენილი სამსახურისთვის ფუნქციების მინიჭება?

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, თუ საქართველო ევროპისკენ და დასავლური ინსტიტუტისკენ მიილტვის, პირველი ნაბიჯი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება უნდა იყოს:

”ჩვენი საგარეო ვაჭრობის 26% სწორედ ევროკავშირთან მოდის და საქართველოს ექსპორტის 18% ევროკავშირში ხორციელდება. შესაბამისად, ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება საკმაოდ დიდ სარგებელს მოგვიტანს როგორც საგარეო ვაჭრობის მხრივ, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით...”

მაგრამ ამ ხელშეკრულების გაფორმებას, რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. როგორც აფბას პრესკონფერენციაზეც ითქვა, ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ ევროკავშირი საქართველოს რამდენიმე მოთხოვნას უყენებს, მათ შორის მთავარი ადგილი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას უკავია, აქვეა მოთხოვნები სტატისტიკის დეპარტამენტის, ხარისხის კონტროლის სამსახურისა და შრომის კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.

საქართველოში ვიზიტის შემდეგ, 12 მაისს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ ულტრალიბერალურ ეკონომიკას უკავშირდება.

”ვფიქრობ, ჩვენ შევძელით აგვეხსნა მათთვის [საქართველოს ხელისუფლებისთვის], რომ განსაკუთრებით პირველი ორი მიმართულება [ასოცირებული შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ზონა], რომლებიც ჩვენი მომავალი პარტნიორობის ღერძს წარმოადგენს, მათი მხრიდან სრულ ჩართულობას მოითხოვს და ეს შესაძლოა, მთლად შესაბამისობაში ვერ მოვიდეს იმ ზოგიერთ იდეასთან, რომელიც საქართველოში ულტრალიბერალური ეკონომიკური გარემოს შექმნას უკავშირდება”.

საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური 2005 წელს ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ სწრაფვის გამო გაუქმდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეკონომიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ანტიმონოპოლიური სამსახურის სახელი ეწოდა და ის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით ჩამოყალიბდა, რომელიც ანგარიშვალდებული მხოლოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინაშეა. როგორც საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, ანტიმონოპოლიური სამსახურის რეფორმა ორ ეტაპად დაიგეგმა. გია ხორიშვილის განმარტებით, პირველი ფუნქცია, რომელსაც ახლა ახორციელბს ანტიმონოპოლიური სამსახური შემდეგ ვალდებულებებს მოიცავს:

”ეს მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და სახელმწიფო მოხელეთა ჩაურევლობას კერძო სექტორის საქმიანობაში, ანუ ამ მიმართულებით ყოველგვარი ჩარევის ალბათობა გამორიცხულია”.

რაც შეეხება მეორე ფუნქციას, რომელმაც ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას უნდა შეუწყოს ხელი, ხოლო მონოპოლიების წარმოქმანს შეუშალოს, ეს ფუნქცია ახლა ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად მუშავდება, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ კანონმდებლობასთან; შესაბამისი ინიციატივით მთავრობა პარლამენტს ”გონივრულ ვადაში” მიმართავს, ამბობს გია ხუროშვილი.

ანტიმონოპოლიური სამსახურის აუცილებლობას განსხვავებულად ხედავენ საქართველოში თავისუფალი ბაზრის მომხრეები, მათ შორის - „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერი. ის ამბობს, რომ ”ევრობიუროკრატები” საქართველოს ეკონომიკური განვითარების შეფერხებისკენ უბიძგებენ:

”გვაძალებენ, ჩავიდინოთ ისეთი შეცდომები, როგორიცაა ანტიმონოპოლიური რეგულირება საქართველოში. ეს უდიდესი შეცდომა იქნება. რა მნიშვნელობა აქვს ევროპის კავშირთან დაახლოების პროცესში იმას, გვაქვს თუ არა ჩვენ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა 1500-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპის ეკონომიკა?..”

აფბას პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი კი ამბობს, 2005 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა, საქართველოში კონკურენციის დონე 2,5%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს, მერაბ ჯანიაშვილის განმარტებით, თუ საბაჟო გადასახადები მოიხსნება, ევროპიდან იმპორტირებული პროდუქციის ფასი შემცირდება და, ექსპორტის თვალსაზრისით, ეს ადგილობრივი ბიზნესისთვის კარგი სტიმული იქნება.
XS
SM
MD
LG