Accessibility links

logo-print

რას უკავშირდება პერევის დეოკუპაციის განზრახვა


რუსი მესაზღვრეების საგუშაგო სოფელ პერევში

რუსი მესაზღვრეების საგუშაგო სოფელ პერევში

რუსი ოკუპანტები საკმაოდ ნელი ტემპით ტოვებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპირებულ სოფელ პერევს. მოსკოვის მიერ 14 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის ფარგლებში გახმაურებული დაპირების შესრულება ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმეათეულ-მეტრიანი უკანდახევით ვლინდება. თუმცა პარალელურად კვლავაც აქტიურად გრძელდება იმის კვლევა, თუ სინამდვილეში რა უდევს საფუძვლად რუსი ოკუპანტების მიერ პერევის დატოვების განზრახვას და უკავშირდება თუ არა ეს, მაგალითად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მრავალწლიან სურვილს.

თბილისში ძირითადად არ შეუცვლიათ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა სოფელ პერევის გათავისუფლების დაპირება საერთაშორისო საზოგადოების წნეხის შედეგად დადო და არც ის შეფასება შეცვლილა, რომ პერევის გათავისუფლების პერსპექტივა მხოლოდ ზღვაში წვეთია 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიანი ვალდებულებების შესრულებისა საქართველოს დეოკუპაციის გზაზე. საქართველოს ოკუპაციის საკითხი კლავაც დაუვიწყარ პრობლემად რჩება შეერთებული შტატებისთვის და ამას სახელმწიფო მდივნის მიერ პარასკევს გაკეთებული კომენტარიც ადასტურებს.

ჰილარი კლინტონმა ოკუპაციის საკითხი კიდევ ერთხელ წამოსწია 15 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში, საზოგადოებრივ ორგანიზაცია ”თანამეგობრობის კლუბში”, სიტყვით გამოსვლისას, როდესაც ის რუსეთთან ახლებურ თანამშრომლობაზე ლაპარაკობდა:

”რუსეთი ცდილობს გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. რუსეთმა გახსნა თავისი ტერიტორია ლეტალური იარაღისა და აღჭურვილობის ტრანზიტისთვის ავღანეთში. რუსეთი თანამშრომლობს ჩვენთან ტერორიზმთან და ნარკოტიკებთან ბრძოლის პროცესში. მოკლედ, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი სფერო გამოვნახოთ... თუმცა, ამავდროულად, ხმამაღლა ვლაპარაკობთ საქართველოს ოკუპაციაზე, ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე რუსეთში და სხვა სფეროებზე, რომელთა გარშემოც ჩვენ ვერ ვთანხმდებით.”

როგორც ვხედავთ, ჰილარი კლინტონმა თავის კომენტარში საქართველოც ახსენა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სურვილიც, თუმცა არაერთმანეთთან კავშირში. ისე კი, ამგვარი კავშირის თემა გარკვეულ ანალიტიკურ წრეებში მალევე გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა პერევის დატოვების გადაწყვეტილება გაახმაურა, მაშინ როცა იმავე წრეებში ბევრი ანალიტიკოსი ამ ორ საკითხს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სიბრტყის საკითხებად აღიქვამს.

მათ, ვისაც სჯერა, რომ პერევის დათმობით რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი გაწევრიანებისთვის გადამწყვეტი ხმის მიღებას ცდილობს საქართველოსგან, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ერთ დეტალს შეახსენებს - კერძოდ, იმას, რომ ჯერჯერობით თბილისს უარი არ უთქვამს აუცილებელ პირობებზე, რომლებიც რუსეთმა საქართველოს მხარდაჭერის მოსაპოვებლად უნდა დააკმაყოფილოს. მათ შორის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტების გამჭვირვალე და კანონიერი მუშაობა წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორივე ობიექტი საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილშია მოქცეული, თბილისი ერთმანეთს არ უკავშირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხებს. ჯერ კიდევ პერევის გათავისუფლების გადაწყვეტილების გახმაურებამდე ერთი კვირით ადრე, 7 ოქტომბერს, თქვა ვაშინგტონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომ საქართველოს დეოკუპაციის პროცესს ”არაფერი აქვს საერთო” ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. გილაური აღნიშნავს, რომ საქართველო არსებითად მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას, თუმცა რეალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად რუსეთმა, უბრალოდ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წესი უნდა შეასრულოს და მათ შორის არის საბაჟო-საკონტროლო პუნქტებთან დაკავშირებული წესებიც.

საქართველოს დეოკუპაციის თემა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივა არც მოსკოვის კომენტარებში უკავშირდება ერთმანეთს. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მიმზიდველ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს რუსეთი ჯერჯერობით საქართველოს სრული იგნორირების თანხლებით აწარმოებს.

საჩხერის რაიონის სოფელ პერევის დატოვების პერსპექტივას კი მოსკოვი მხოლოდ იმით ხსნის, რომ ქარძმანი-სინაგურის დამაკავშირებელი გზის აღდგენის შემდეგ ქართულ სოფელში დარჩენამ მისთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა.

რუსი ექსპერტებისთვის პერევთან დაკავშირებული მოსკოვის დაპირება, ძირითადად, უმნიშვნელო დათმობაა. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ მცირედი კომპრომისით დათბობის პოლიტიკის კალაპოტში მყოფი რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების თვალში თავის მოწონებას ცდილობს. თუმცა მოსკოველი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის აზრით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი საქართველოსთან ომის განახლებაზე საბოლოოდ იღებს ხელს:

”საერთო ჯამში, ახლა სულერთია - მშვიდი დროა, ზამთარი მოდის... ახლა რუსეთისთვის ცუდი არ იქნებოდა სხვადასხვა შეხვედრის წინ - მაგალითად, მერკელისა და სარკოზის სამიტის წინ - კონსტრუქტიულობის დემონსტრირება მოეწყო... ეს მისი მხრიდან კეთილი ნების მაჩვენებელია, თუმცა - უმნიშვნელოსი... ომი კი მისთვის ახლა მაინც არ შეიძლება. მაისამდე არ შეიძლება მისთვის ომი. არასაომარი სეზონია...”

პაველ ფელგენგაუერის მიერ ნახსენებ ”მერკელი-სარკოზის სამიტში” 18-19 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ დოვილში რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევიც მონაწილეობს. ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად იმოქმედებს ეს შეხვედრა რუსი ოკუპანტების პერევიდან გასვლის ნელ ტემპებზე.
XS
SM
MD
LG