Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგო ჩავესმა ლუკაშენკო მოიმადლიერა


უგო ჩავესი და ალექსანდრ ლუკაშენკო
უგო ჩავესი და ალექსანდრ ლუკაშენკო
ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი მოსკოვის შემდეგ მინსკში ჩავიდა და ბელორუს კოლეგას ალექსანდრ ლუკაშენკოს განუსაზღვრელი რაოდენობით ნავთობის მიწოდება აღუთქვა. გარიგება, სავარაუდოდ, 20 მილიარდი დოლარი ეღირება და იგი არა მხოლოდ ვენესუელის ნავთობის ექსპორტს გაზრდის, არამედ, რუსეთთან ურთიერთობის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, საწვავით მომარაგების ერთგვარ გარანტიას აძლევს ბელორუსიას.

ვენესუელის „მგზნებარე ლიდერი“, რომლის პოლიტიკა ვაშინგტონის განრისხებას იწვევს, აგრძელებს შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებულ ქვეყნებთან თანამშრომლობას. ლუკაშენკოსათვის ნავთობის მომარაგების დაპირება ემთხვევა პერიოდს, როდესაც გაუარესდა რუსეთ-ბელორუსიის ტრადიციულად ძლიერი ურთიერთობა, რასაც რუსულ ენერგორესურსებზე ბელორუსიის მძლავრი დამოკიდებულება განსაზღვრავდა. ასეთ „რთულ ვითარებაში“ ლუკაშენკო მადლიერების სიტყვებს არ იშურებდა ვენესუელის პრეზიდენტის მიმართ „კოლოსალური დახმარებისათვის“:

„ ძვირფასო უგო, მე მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადო მადლობა იმ კოლოსალური დახმარებისათვის, რომელსაც თქვენ აღმოუჩენთ ჩვენს ხალხს ამ რთულ ვითარებაში. თქვენ უნდა გახსოვდეთ, - როგორც ერთხელ შენ მე მითხარი, - გქონდეთ ჩვენი იმედი! ყველაფერი, რაც შეგვიძლია და რისი უნარიც შეგვწევს, - არადა ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია,- მზად ვართ გავაკეთოთ ვენესუელის ხალხისათვის იმ მადლიერების ნიშნად, რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ.“

უგო ჩავესი დაჰპირდა ბელორუსიის პრეზიდენტს, რომ ქვეყანას, 2011 წლიდან დაწყებული, სამი წლის განმავლობაში, სულ მცირე, 30 მილიონ ტონა ნავთობს მიაწვდის. გარიგების ღირებულება კი 19,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩავესმა, რომელიც ცნობილია მგზნებარე საჯარო გამოსვლებით, ბელორუსიაში ყოფნის დროს განაცხადა, ბელორუს ნავთობგადამამუშავებლებს ნავთობი 200 წლის გნამვლობაში არ მოაკლდებათო. რაც შეეხება ვენესუელის მიერ დაპირებულ ნავთობს, ბელორუსია ენერგორესურსებს ოდესა-ბროდის ნავთობსადენით მიიღებს. ამის შესახებ შეთანხმებას უგო ჩავესმა 18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრაზე მიაღწია. კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ უკრაინულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ დაიწყონ ნავთობისა და გაზის მოპოვება ვენესუელის ტერიტორიაზე.

ჩავესმა ისარგებლა სტუმრობით და ლუკაშენკოს დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება წინასწარ მიულოცა:

„ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ გამარჯვებაში, რომელსაც თქვენ დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებთ. ჩვენ შეგვიძლია ამ გამარჯვების ზეიმი უკვე დღეიდან დავიწყოთ, რადგან ბელორუსიას სჭირდება იმ გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ უნდა ვაღიაროთ.“

წლების განმავლობაში რუსეთი დაბალ ფასში აწვდიდა ბელორუსიას ნავთსა და ბუნებრივ აირს. ორ ქვეყანას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ მიწოდებულ ენერგორესურსებს ბელორუსია საბაზრო ფასში აძლევდა ევროპელ მომხმარებლებს. ამის გამო მოსკოვმა ივნისში მკვეთრად შეამცირა ბელორუსიის გზით ბუნებრივი აირის მიწოდება, რამაც შეაშფოთა დასავლეთ ევროპის ის მომხმარებლები, რომლებიც ენერგორესურსებს ბელორუსიაზე გამავალი მილსადენით ღებულობდნენ. ბელორუსიამ საპასუხოდ შეამცირა ნავთობის შესყიდვა რუსეთისაგან გაზრდილი ტარიფით, რასაც მინსკმა არარეალური უწოდა. შექმნილ ვითარებაში რუსეთი ცდილობს მიაღწიოს კომპრომისს ბელორუსიასთან. ჩავესის ვიზიტამდე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა კომპანია „გაზპრომს“, ბელორუსიასთან ბუნებრივ აირზე გარიგება 2015 წლამდე გააფორმოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG