Accessibility links

logo-print

აღიარებს თუ არა რუსი ეპისკოპოსი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?


სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის არქიეპისკოპოსი თეოფანე

სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის არქიეპისკოპოსი თეოფანე

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, მართალია, ოფიციალურად არ აღიარებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს ცნობს, მაგრამ რუსი სასულიერო პირები დე ფაქტო რესპუბლიკას და მის ლიდერს ყურადღებას არ აკლებენ. რამდენიმე დღის წინ ედუარდ კოკოითი ვლადიკავკაზში იმყოფებოდა, სადაც სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის არქიეპისკოპოსს თეოფანეს შეხვდა. იქვე იმყოფებოდა რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქის კირილის მოძღვარი ილია. კოკოითიმ რუს სასულიერო პირებთან ერთად წმინდა იოანეს ტაძრის საძირკველის ჩაყრაში მიიღო მონაწილეობა. თავის ქადაგებაში ეპისკოპოსმა თეოფანემ დიდი ადგილი კოკოითის ქებას დაუთმო. მას პატარა სახელმწიფოს გმირი მმართველი უწოდა. თეოფანემ კოკოითის ადვოკატობაც იკისრა და აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დროს მას ცხინვალი არ დაუტოვებია და ქალაქის დასაცავად გმირულად იბრძოდა.

ცხინვალში ბავშვმაც კი იცის, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს კოკოითიმ საკუთარ მთავრობასთან ერთად ცხინვალი დატოვა და ჯერ ჯავაში და შემდეგ ვლადიკავკაზში გადავიდა. მოხალისეებთან ერთად მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში იმდროინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი ბარანკევიჩი იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით კოკოითის ოპოზიციაში წავიდა. სწორედ ბარანკევიჩი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები აკრიტიკებენ ხოლმე კოკოითის ცხინვალის მიტოვების გამო. არქიეპისკოპოსი თეოფანე კოკოითის თითქოს მხსნელად მოევლინა, მაგრამ იმის დაჯერება რომ დე ფაქტო ლიდერი ომის დღეებში ბოლომდე საკუთარ ხალხთან იმყოფებოდა შეუძლებელია. ეპისკოპოსის ქადაგების შემდეგ კომენტარი ცხინვალის ტელევიზიისთვის ედუარდ კოკოითიმაც გააკეთა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის როგორც პოლიტიკური ისე რელიგიური გაერთიანების იდეა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. არადა, ცხინვალში უკვე შექმნილია დამოუკიდებელი ალანიის ეპარქია, რომელსაც თავისი ეპისკოპოსიც ჰყავს. ამ ეპარქიას კი არც ერთი მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურად არ ცნობს.

კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის საპატრიარქო კრემლის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფება და ხშირად რუსი სასულიერო პირები პოლიტიკოსებივით იქცევიან. არეშიძის ინფორმაციით ამ მხრივ ეპისკოპოსი თეოფანე გამორჩეულია.

ვლადიკავკაზის ეპიზოდი არ არის პირველი შემთხვევა როცა რუსეთის ეკლესია არაოფიციალურად აღიარებს დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. მიმდინარე წლის 20 სექტემბერს რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქმა კირილმა დამოუკიდებლობის დღე დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს ედუარდ კოკოითის წერილით მიულოცა. ამ ფაქტის გამო საქართველოს საპატრიარქომ პროტესტი გამოთქვა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკმაყოფილებას გამოთქვამს ამ ფაქტის გამო და აღნიშნავს, რომ რუსეთის პატრიარქის მიერ სეპარატისტული რეჟიმის მხარდაჭერამ საქართველოს მთელ საზოგადოებაში მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. საქართველოს პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქმა უპასუხოდ დატოვა.
XS
SM
MD
LG