Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გაზიფიცირება ლაგოდეხში 2012 წელს დასრულდება


გასათბობად ბუნებრივ აირს ლაგოდეხელთა დიდი ნაწილი ვერც ამ ზამთარს გამოიყენებს, რადგან რაიონის სრული გაზიფიცირება ჯერაც არ მომხდარა. არადა, დაპირება, რომ გაზი ყველა ოჯახში იქნებოდა, ლაგოდეხელებმა ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღეს. წინასწარი გათვლებით, სამ წელიწადში ბუნებრივი აირი უკვე ყველა ოჯახში უნდა ანთებულიყო, თუმცა, როგორც “ლაგოდეხგაზში” განმარტავენ, ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. ვადის დარღვევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი სახელდება. ამ დროისათვის მთლიანად გაზიფიცირებული მხოლოდ ქალაქის მოსახლეობაა. რაც შეეხება სოფლებს, სამუშაოები აქ ეტაპობრივად მიმდინარეობს.

იქ, სადაც ბუნებრივი აირის გაყვანა დასრულდა, ამბობენ, რომ ზამთარში შეღავათი ექნებათ. გასათბობად შეშის შეძენა აღარ დასჭირდებათ, შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიებზე ტყეც ნაკლებად გაიჩეხება.

იმ სოფლებში კი, სადაც ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ და იმედი რამდენჯერმე გაუცრუვდათ, ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარების აღარ სჯერათ.

არადა, მათი დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ზამთრისათვის შეშის შეძენასაც ვერ ახერხებს. მიზეზი შეშის მაღალი ფასია, რომელიც, ადგილობრივების თქმით, 300-დან 400 ლარამდე მერყეობს. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს თანხა ოჯახის საშუალო შემოსავალს მკვეთრად აღემატება.

ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მანამდე, ვიდრე ლაგოდეხის რაიონის სრული გაზიფიცირება მოხდება, გათბობის სეზონისთვის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები შეშის შესაძენად მუდმივად იქნება გათვალისწინებული.

გაზიფიცირების დასრულება კი ლაგოდეხში 2012 წლისთვის არის ნავარუდევი.
XS
SM
MD
LG