Accessibility links

logo-print
ქუთაისის მოსახლეობის ნაწილი ზამთარს გაზიფიცირების გარეშე ხვდება. ავტოქარხნის დასახლებაში ყოფილი სამხედრო ლიცეუმის ოთხსართულიან შენობაში იძულებით გადაადგილებული 70 ოჯახი ცხოვრობს. კოდორიდან და აფხაზეთიდან დევნილები წელიწად-ნახევრის წინ გარემონტებულ ბინებში შეასახლეს, თუმცა შენობის გაზიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა. როგორც კორპუსის მცხოვრებნი ამბობენ, ოჯახების უმრავლესობას ელექტროენერგიაც არ მიეწოდება, რადგან გასულ ზამთარში დაგროვილი დავალიანების გადახდა ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ჩვენი რესპონდენტების თქმით, ბუნებრივი აირის გამოყენება გასათბობად, შეშასა და ელექტროენერგიასთან შედარებით, იაფია.

სააქციო საზოგადოება „ქუთაისის გაზის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის გელა ლობჟანიძის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 60 ათასი ლარით აფინანსებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა კორპუსის გაზიფიცირება მოხდება.

გელა ლობჟანიძის განმარტებით, ქუთაისში 4 ათასი აბონენტი ბუნებრივ აირს მას შემდეგ მიიღებს, რაც კომპანია გაზგაყვანილობისთვის საჭირო თანხებს მოიძიებს. მისი განცხადებით, ამჟამად ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია. ავტოქარხნის დასახლებაში კი, მშენებარე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5 კილომეტრიანი ახალი მიწისქვეშა მაგისტრალის მშენებლობა ზამთრამდე დასრულდება.

როგორც „ქუთაისი გაზის“ წარმომადგენლები ამბომენ, კომპანია ზამთარს მომზადებული ხვდება. მოსახლეობას გაზს შეუფერხებლად მიაწოდებენ.
XS
SM
MD
LG