Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატები სარეზერვო ფონდების გაზრდას აპროტესტებენ


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მომავალი წლის ბიუჯეტში პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების გაზრდას აპროტესტებს და აცხადებს, რომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ხელისუფლების ტყუილია. პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდს გიორგი ახვლედიანი ჯიბის ფულს უწოდებს, რადგან, მისი განცხადებით, ამ მიმართულებით კონტროლისა და მონიტორინგის საშუალება, ფაქტობრივად, არ არსებობს.

როდესაც ერთი წლის წინათ ხელისუფლებამ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა შემოგვთავაზა, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდი 25-25 მილიონი ლარით განსაზღვრა და ამით დაგვანახვა საკუთარი ხელმომჭირნეობა, დღეს კი სარეზერვო ფონდებისათვის უკვე 50-50 მილიონია გათვალისწინებულიო, აღნიშნავს ქრისტიან-დემოკრატი გიორგი ახვლედიანი და ამბობს, რომ, 2009 წლის 18 დეკემბერს საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, პრეზიდენტსა და მთავრობას სარეზერვო ფონდებიდან თანხის განკარგვა საკუთარი სურვილისამებრ შეუძლიათ, დახარჯულ თანხებზე კი მონიტორინგის საშუალება, ფაქტობრივად, არ არსებობს.

”სამწუხაროდ, დღეს არავითარ ქამრების მოჭერაზე საუბარი აღარ არის. ეს თანხები გაორმაგებულია და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის თანხები, რომლის მონიტორინგის არანაირი კონკრეტული მექანიზმი არ არსებობს, რათა გაირკვეს, თუ რა მიმართულებით იხარჯება თანხები. ამ თანხებს პირდაპირ შეიძლება ეწოდოს მთავრობისა და პრეზიდენტის ჯიბის ფული. ეს არის ის თანხები, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს და არათუ რიგითი მოქალაქე, დეპუტატებისთვისაც კი ხელმიუწვდომელია ინფორმაცია, თუ რა მიმართულებით იხარჯება თანხები”, - აღნიშნავს გიორგი ახვლედიანი.

ის, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხის ხარჯვის პროცესის მონიტორინგი საკმაოდ რთულია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელიც აღნიშნავს. ცნობისათვის: საპრეზიდენტო სარეზერვო ფონდი 2004 წელს, მთავრობის კი 2005 წელს შეიქმნა. თამარ ხიდაშელის განმარტებითვე, ფონდებიდან თანხის ხარჯვის პროცესი წლიდან წლამდე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა კი საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც არის, რომელთა მიხედვით, ფონდებიდან ფულის დასახარჯად უკვე აღარ არის აუცილებელი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევები, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები. მისივე თქმით, მონიტორინგის შესაფერხებლად არაერთი მექანიზმი მოქმედებს.

”სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების განკარგვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა. ანუ პრეზიდენტს, მთავრობას ან იმ კონკრეტულ სააგენტოს, რომელიც აღნიშნულ თანხას იღებს, შეუძლია შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით და, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ მის კანონიერებას ვერც შევამოწმებთ - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შეუძლებელია ბრძანებულებების მოპოვება და, მეორე, თუკი ბრძანებულება მოიპოვე, თანხის ხარჯვის კანონიერებას ვერ ამოწმებ, რადგან კანონშიც წერია, რომ სარეზერვო ფონდიდან განკარგულ თანხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა არ ვრცელდება”, - ამბობს თამარ ხიდაშელი.

როგორც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განმარტავენ, უკანასკნელი ცვლილებებით, სარეზერვო ფონდების მიზანი უკიდურესად გაფართოებულია. ასევე, იქმნება საფრთხე, რომ აბსოლუტურად უკონტროლო გახდეს ფონდების მოცულობა, რითაც ზიანი ადგება ბიუჯეტის ყოვლისმომცველობას, რაც გულისხმობს ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილების სრულყოფილად ასახვას წლიურ საბიუჯეტო კანონში.

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების 100 პროცენტიან გაზრდას ალოგიკურს უწოდებს და ამბობს, რომ თანხები აღნიშნული ფონდებიდან არამიზნობრივად იხარჯება:

”სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავდით, როდესაც აღნიშნული ფონდებიდან ფინანსდებოდა აბსოლუტურად სხვა ღონისძიებები, ხშირ შემთხვევაში - აბსოლუტურად გაუმართლებელი ღონისძიებები. უნდა ითქვას, რომ პირველ პირებს არანაირი პრობლემა არ აქვთ, რომ მთელი თანხა ისე დახარჯონ, როგორც მათ სურთ. ეს უბრალოდ არის მცდელობა, რომ ის, რაც ისედაც ხდება, შესაბამისობაში მოიყვანონ კანონთან, ანუ კანონი მოარგონ თავიანთ სურვილებს, თავიანთ გემოვნებას”, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

როგორც ქრისტიან-დემოკრატებმა 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი კატეგორიულად მოითხოვენ, განახევრდეს 2011 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდების მოცულობა და გამოთავისუფლებული თანხა გადანაწილდეს სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, მოეპოვებინა კომენტარი სარეზერვო ფონდების მოცულობის გაზრდის აუცილებლობისა და მისი განკარგვის გამჭვირვალობის შესახებ, მაგრამ არც ფინანსთა სამინისტრო, არც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი და არც მთავრობის საპარლამენტო მდივანი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG