Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი: „გერმანია და საფრანგეთი რუსეთს მეგობრულ ქვეყნად მიიჩნევენ“


საფრანგეთი: პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (ცენტრში) დოვილის სამიტის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად
საფრანგეთი: პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (ცენტრში) დოვილის სამიტის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად
ჩრდილოეთ საფრანგეთში, ზღვისპირა საკურორტო ქალაქ დოვილში დასრულდა სამიტი სამი ქვეყნის - საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის - ლიდერების მონაწილეობით. სამიტზე განიხილეს, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის როლი ევროპის უსაფრთხოების სისტემაში, ნატოს ლისაბონის სამიტის მოახლოების ფონზე. თუმცა სამიტს ტრაგიკული მოვლენების ფონიც ჰქონდა: პარლამენტზე თავდასხმა ჩეჩნეთში.

ინფორმაციაში, რომელიც დოვილის სამიტზე ვრცელდება, მოყვანილია მხოლოდ მოკლე ცნობა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე, რომ იმსჯელეს რუსეთის როლზე გაყინულ კონფლიქტებთან მიმართებით. თუმცა რა ითქვა სამიტის მონაწილეების - საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მიერ - საქართველოზე საკუთრივ შეხვედრის დროს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე კი საქართველო ახსენეს. განცხადება გააკეთა სამიტის მასპინძელმა, ნიკოლა სარკოზიმ, რომლის სახელსაც, როგორც ცნობილია, უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომისთვის ბოლოს მომღები შეთანხმება. აი რა თქვა სარკოზიმ:

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საკითხის განხილვა, დიპლომატიური ძალისხმევა, დისკუსიები... მშვიდად... და ვიფიქროთ ტყვეების დაბრუნებაზე. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ პირობა უნდა დადოს, რომ ძალას არ გამოიყენებს და ჩვენი რუსი მეგობრები უნდა დათანხმდნენ ევროპელი მეთვალყურეების შეშვებას“.

ამავე პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დმიტრი მედვედევის განცხადებამ, რომ დათანხმდა მიწვევას ნატოს სამიტზე, რომელიც მომავალ თვეში ლისაბონში გაიმართება. იქვე ითქვა, რომ მოსკოვი, სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, განიხილავს ნატოს წინადადებას, ევროპაში შეერთებული შტატების ინიციატივით დაგეგმილ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში მონაწილეობის თაობაზე.

მედვედევის განცხადებით, რუსეთში ამ წინადადებას განიხილავენ, მაგრამ თვით ნატომაც „უნდა გაიაზროს, როგორ ხედავს ამ სისტემასთან რუსეთის მიერთებას, რა კუთხით შეიძლება შეთანხმებების მიღწევა და როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ამ წინადადების შეფასებიდან გამომდინარე, შევძლებთ პასუხის გაცემას იმაზე, თუ როგორ განვაგრძობთ მუშაობას ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან მიმართებით“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა. აქამდე მოსკოვი არ ამბობდა, როგორ უპასუხებს ნატოს სამიტზე მიწვევას - აცხადებდა, რომ ჯერ სურს მეტი დეტალის გარკვევა, ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმასთან დაკავშირებით.

წინასწარი ინფორმაციით, ნატოს სამიტზე წარმოადგენენ ალიანსის ახალ, მომდევნო ათი წლისთვის განკუთვნილ სტრატეგიულ კონცეფციას და მასში რუსეთი პირველად არ იქნება მოხსენიებული, როგორც საფრთხე...

როგორც იუწყებიან, მედვედევის გადაწყვეტილებას, ჩავიდეს ლისაბონში ნატოს 19-20 ნოემბრის სამიტთან დაკავშირებით, მიესალმა ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი. ეს გადაწყვეტილება შეაქო გერმანიის კანცლერმაც, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, დოვილის სამიტში მონაწილეობდა.

სამიტზე, როგორც მოსალოდნელი იყო, საუბარი შეეხო რუსეთის მოთხოვნასაც, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. აი რა თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მედვედევმა, სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე:

„ყველას ესმის, რომ ვიზები უნდა გაუქმდეს. ყველას ესმის, რომ ეს შეუძლებელია, იძულებით მოხდეს. ამიტომ შევთანხმდით ორ რამეზე, ჩვენს ქვეყნებთან მიმართებით: გვესმის, რომ ეს უნდა იყოს პროცესი, უბრალოდ, უნდა შეფასდეს ამ პროცესის ჩარჩოები; და გვესმის, რომ ამ პროცესს თავისი საგზაო რუკა უნდა ჰქონდეს. აი ამ ორი პოზიციის საფუძველზე გავაგრძელებთ მუშაობას“.

მუშაობა რომ გაგრძელდება ეს, რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილთან ერთად, დოვილში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა სამიტის დანარჩენმა ორმა მონაწილემაც.

„ჩემი აზრით, უნდა გვქონდეს ხედვა, რომ 10 - 15 წელიწადში გვექნება საერთო, ევროკავშირ-რუსეთის ეკონომიკური სივრცე, საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლებით, ისე, რომ ვიზები გაუქმებული იქნება, უსაფრთხოების საერთო კონცეფციებით“, - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ, რომლის თქმითაც, „გერმანია და საფრანგეთი რუსეთს მეგობრულ ქვეყნად მიიჩნევენ“.
XS
SM
MD
LG