Accessibility links

logo-print
10 ოქტომბერი, კვირა
ახლახან მიცემულ ინტერვიუში მკითხეს, საყვარელი სიტყვა თუ გამაჩნია. ვუპასუხე: „თავისუფლება“. სასიამოვნო დამთხვევა გადაება: რადიო თავისუფლებამ შემომთავაზა, დღიურის ფორმით აღმეწერა ჩემი თბილისური შვიდი დღე. დეტალს დეტალი დაემატა: უკვე რამდენიმე ხანია, ციფრი შვიდი მიზიდავს. უარი არ მითქვამს.

იყო დრო, როდესაც თავისუფლების მნიშვნელოვან გამოხატვად მესახებოდა არა იმდენად რომელიმე ქვეყანაში შესვლის, არამედ ამა თუ იმ ქვეყნიდან გასვლის უფლება. სადღეისოდ ძნელი წარმოსადგენია, რომ არცთუ ისე დიდი ხანია ორ (თუ ოთხ) ფეხზე იდგა „გაუსვლელობას“ ხელმოკიდებული ერთი ქვეყანა.

ჰოდა, აგერ, ნაშუადღევს შევიკრიბეთ ახლო მეგობრებთან. ერთმანეთს ვუზიარებდით ახალ ამბებს: ლონდონში ოთხიოდე ჩასვლისას გატარებული დრო, იტალიელთა ჯგუფის მოგზაურობა საქართველოს მთასა და ბარში, ქართველ სტუდენტთა წარმატებები საფრანგეთში... თითოეულმა თავმა ითავოს თავისი უფლება.

შინ დაბრუნებული, ვდგავარ ჩვენს ლოჯიაში და ვტკბები ხედით: თვალწინ მუქი მწვანით მოსილი ორი ნაძვის ხე ეჩურჩულება ერთმანეთს, ერთი თავსა ხრის, მეორე ზეცას შესცქერის. ყურს ვუგდებ მათ შეხსენებას: „ვიდრე მიწაზე გვიდგას ფეხი, ნურც მიწიერი, ნურც ზეციერი დაგვავიწყდება“. ნაძვების მიღმა, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მანქანები დაქრიან და გზაჯვარედინზე აპიპინებენ: „ვაჟა, ვაჟა, ვაჟა...“ იქნებ ეცნობათ, რომ მომავალი 2011 წელი იუნესკომ ვაჟა ფშაველას წლად გამოაცხადა?

11 ოქტომბერი, ორშაბათი
მზე ანათებს და დღე ფრთებსა შლის. ჩვენი ტანადი სახლის კედელს მივყვებით და ყაზბეგის გამზირის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პარკიდან მოფრენილი ჩიტების გვრიტინი გვეალერსება. უცებ ტროტუარზე შემოჭრილი მანქანა ჩაგვიქროლებს. ჩიტები ბაღში ბრუნდებიან და ერთმანეთს ეკითხებიან: „ეს რომ ეხილა, მინდია რას იფიქრებდა?“

ხვალისთვის ლიტერატურის ინსტიტუტში დათქმულ შეხვედრამდე გადავიკითხავ კარგა ხნის წინ, ჩემს მიერ ფრანგულად თარგმნილ „შვლის ნუკრის ნაამბობს“ და „გველისმჭამელს“. დედის გაქრობას შვლის ნუკრთან ერთად განვიცდი. რატომ ვართ ხოლმე ასე შეუნდობელნი? იხარე სიცოცხლით და სხვაც გაახარე! დედამიწის ოთხივე კუთხეში ნაზ და უკვდავ შვლის ნუკრს კიდევ ბევრი რამე აქვს სათქმელი.

„გველისმჭამელი“ 1901 წელს ყოფილა დაწერილი. მაგონდება 2001 წლის მოახლოებისას ჩემი გაოცება: ძნელად წარმოსადგენია, რომ რამდენიმე წუთში ერთი საუკუნიდან მეორეში გადადგამ ფეხს! ვაჟასეული ხილვა მამხნევებს. კაცთა მოდგმის ძალადობით დატანჯული, ქაჯების კერძს გასინჯავს და ამით აპირებს მინდია საკუთარ არსებობას მოუღოს ბოლო. ღმერთის წყალობით გადარჩება და შეეცდება, კაცობრიობა ბოროტებისაგან იხსნას. ამაზე ხვალ ვილაპარაკებთ.

12 ოქტომბერი, სამშაბათი
ვიდრე საბურთალოდან მომავალი ავტობუსი რუსთაველის ძეგლისაკენ მიგორავს, ალენ დელონის სახელი გამიელვებს. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ თბილისში ამ ორიოდეჯერ ჩამოსვლისას, უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში შევდგამ ფეხს თუ სხვაგან, ერთსა და იმავე მოულოდნელ კითხვას მისვამენ: „მართალია, რომ ვაჟა ფშაველას ნაწარმოებების კითხვამ გადაარჩინა დეპრესიისაგან ალენ დელონი?“

აბა, რა ვუპასუხო, თუკი ხსენებული დელონი მხოლოდ ეკრანზე მინახავს და პირისპირ არ შემხვედრია? ნათქვამს თუ დაეჯერება, უთუოდ ფრანგულად გაეცნობოდა მსახიობი ვაჟას იმ ექვს პოემას, ახლა ლიტერატურულ ინსტიტუტს რომ მივართმევ.

სანამ იქ შევიდოდე, კიდევ ერთი პატარა სიურპრიზი მელის. მერაბ კოსტავას 5-თან მისული ქალბატონი, მკერდზე მიხუტებული სამიოდე წლის გოგონათი, მიახლოვდება და მეკითხება: „ხომ არ იცით, საარბრიუკენის ქუჩა სად არის?“ ვნანობ, რომ არ ვიცი და ვურჩევ, იქვე მხვეტავ ქალს ჰკითხოს.

ამასობაში დაუვიწყარი მოგონებები მიტრიალებს თავში: კარგა ხნის წინ, 1990 წელს, საარბრიუკენის უნივერსიტეტის მიწვევით, რამდენიმე კვირა გავატარე საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარე გერმანიის სტუმართმოყვარე ამ ლამაზ ქალაქში. უფრო ადრე, 1979 წელს, სწორედ აქ გათამაშდა კამათელი: ნანტთან და თბილისთან დაძმობილებულმა საარბრიუკენმა ორივე ქალაქის დელეგაციები მიიწვია და ასე მოხდა სამივეს დაძმობილება. სარაინდო რომანი გეგონება.

რას ვიფიქრებდი, რომ დღეს ბედნიერი შემთხვევა შემახსენებდა ყოველივე ამას? თურმე ფიქცია ყოფილა. ბავშვიან ქალბატონს ფილარმონიისაკენ უჩვენეს გზა. ვისარგებლე შემთხვევით და იგივე შეკითხვა იმავე მხვეტავ ქალს დავუსვი. გაკვირვებულმა შემომხედა და მიპასუხა: „საარბრიუკენის ქუჩა არ არის, ზუბალაშვილისაა“. მადლობა გადავუხადე და გავიფიქრე: ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უთუოდ რომელიმე სხვა უბანში საარბრიუკენის ქუჩაც გვეგულება.

ტყუილად არ უთქვამს შოთა რუსთაველს: „რასაცა გასცემ, შენია“. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კიბის საფეხურებზე ასვლისას, ძვირფასი ძღვენი მელოდება: პირველსა და მეორე სართულებს შორის, ვიტრინაში ჩასმული ამ ინსტიტუტის რამდენიმე ახლად გამოცემული წიგნი დგას. ერთი არტისტულად გაფორმებული გარეკანი მაოცებს, ნაცრისფერზე შავად აწყობილი სათაურით: „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ: როგორც იქნა, ამ ყველა ძმადნაფიცმა ერთად მოიყარა თავი. ესენია ლენინი, სტალინი, ძერჟინსკი, ჰიტლერი, მაო... ფიროსმანი დასძენდა: და კამპანია! გამოცემის თარიღს ვაზუსტებ: თბილისი, 2010 წელი. ყოჩაღ, ჩემო თბილის-ქალაქო! მნიშვნელოვანი და აქტუალური საერთაშორისო კონფერენცია გაგიმართავს შარშან. არ დავივიწყებ.

მეორე სართულზე, დარბაზში, შოთა რუსთაველის ბიუსტი მეგებება და კედლებიდან გადმომყურებენ ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი. საინტერესო და მრავალფენიანი საუბარი მაქვს ქალბატონებთან: მაკა ელბაქიძესა და ირმა რატიანთან. მათ ნაბოძებ რამდენიმე წიგნს, შინ დაბრუნებისას, ინტერესით გავეცნობი.

13 ოქტომბერი, ოთხშაბათი
არც შოთა, არც ილია, ერთი ნაბიჯით არ მშორდებიან. შარშან ხვედრმა მარგუნა, ოციოდე წლის წინ ჩემს მიერ ნათარგმნი ილია ჭავჭავაძის რჩეული ნაწარმოებების კრებულის გამოცემა მეხილა (ნანტის მერის ხელშეწყობით). ახლა კი გუშინ ნაჩუქარი საიუბილეო კრებული მიდევს მაგიდაზე: „ილია ჭავჭავაძე - 170“. წიგნის გარეკანზე მოთავსებულ ილიას ციტატას ვიზიარებ: „...ყველა დროს თავისი ტკივილი აქვს და გაგება ამ ტკივილისა ხვედრია ჩინებული კაცებისა...“

თავის მხრივ შოთა საფრანგეთში მდებარე ბრეტანისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვან სიახლოვეს შემახსენებს. ნანტი ხომ ოდესღაც ბრეტანის დედაქალაქი იყო. მოულოდნელად ორი დანიშნული პაემანი ერთი დღის ფარგლებში მოექცა: გუშინ (დროის განსხვავების გათვალისწინებით, ზუსტად ერთსა და იმავე საათზე უნდა ვყოფილიყავი ან ნანტში ჩვენი ბრეტანის ლიტერატურული აკადემიის სხდომაზე, ანდა თბილისში, ლიტერატურის ინსტიტუტში. ვინაიდან ფიგარო არ ვარ (რომელსაც ერთდროულად იქაც და აქაც შეუძლია ყოფნა), მეორე ავირჩიე. თანაც ბრეტანს მაინცდამაინც არ დავშორებივარ: მაკა ელბაქიძის წიგნის ფურცლებზე, „ვეფხისტყაოსნისა“ და „ტრისტან და იზოლდას“ თავგადასავალი ერთმანეთს ერწყმის... და ნანტის მახლობლად იდგამს ფეხს. იქ ვიცნობ ფრანგ პოეტს, რომელსაც იაპონური პოეზია და ჰაიკუ იზიდავს. აქ კი ვეცნობი „ასი უძველესი იაპონური ლექსის“ ირმა რატიანისეულ თარგმანს...

14 ოქტომბერი, ხუთშაბათი
არც ვაჟას გამზირი, არც მისი ნაწერები მტოვებენ. მწვანე ფოთლები „მინდიალიზაციას“ ეტანებიან. მინდიალიზაცია რა არის? ფრანგულად ხომ „გლობალიზაციას“ „მონდიალიზაცია“ ეწოდება. ჰოდა, ახლანდელ ეგრეთ წოდებულ „მწვანეთა“ მოძრაობას, საკუთარი თავის განადგურებისაგან დასაცავად რომ იღვწიან, სინამდვილეში ვაჟას უაღრესად ჰუმანურმა თვალთახედვამ ჩაუყარა საფუძველი. ამიტომ მინდა ვაცოცხლო მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავებული ეს ნეოლოგიზმი: მინდიალიზაცია.

გასეირნება პანთეონზე: გრიბოედოვი, ილია, სხვა ძვირფასი ადამიანების საფლავები. ხელმარცხნივ ვაჟა განისვენებს, ხელმარჯვნივ - ნოდარ დუმბაძე, რომელთან ურთიერთობის გულითადი და იუმორისტული მოგონებები თან მდევს.

15 ოქტომბერი, პარასკევი
ქართული ადათ-წესებისადმი მიძღვნილი ჩემი მეუღლის, სვეტლანას, ფეერიას „სუფრა მბრძანებელს“ ახალ-ახალი მკითხველი უჩნდება. ქართული სტუმართმოყვარეობის ეს თავისებური ასახვა მინდა ვთარგმნო ფრანგულად და ევროპელ მკითხველს გავაცნო.

მანქანით მივემგზავრებით მცხეთაში. ჯვრისაკენ რომ ავდივართ, სქელი ნისლი ეშვება გზაზე. წვიმს და არაფერი ჩანს. როგორც კი ეკლესიას ვუახლოვდებით, ნისლი იფანტება და თვალწინ მშვენიერი ხედი გვეშლება!

მცხეთაში შესვლისთანავე გაგვახარა განახლებული სახლების და მოწესრიგებული ქუჩების ხილვამ. სვეტიცხოველში დავტკბით ერთ კუთხეში აღდგენილი ფრესკების დათვალიერებით.

შევიხედეთ წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტრის ეკლესიაში და მოვინახულეთ ბერი გაბრიელის საფლავი. თან ვფიქრობდი დედაჩემ გაბრიელაზე...

16 ოქტომბერი, შაბათი
საღამოს მიგვიწვიეს ნანი თარხნიშვილის კრებულის - „დაზამთრებამდე“ - წარდგენაზე. ათიოდე დღეში კი, დაზამთრებამდე, ლუარის პირას მწვანე ბაღებითა და სასეირნო ბილიკებით შემკული ნანტი გველოდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG