Accessibility links

logo-print

ევროპის პარლამენტი გზას უხსნის ევროკავშირის ახალი დიპლომატიური სამსახურის შექმნას


ევროპის კავშირის დროშა

ევროპის კავშირის დროშა

როგორც ვარაუდობენ, ხვალ - ოთხშაბათს - ევროპის პარლამენტი უკანასკნელ წინაღობას გააუქმებს და გზას გაუხსნის „ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურად“ წოდებული ორგანოს შექმნას. სამშაბათს, დილით, სტრასბურგში გამართულ დებატებზე პარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები დადებითად გამოეხმაურნენ ინიციატივას და სწორედ ეს ქმნის იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ოთხშაბათს დანიშნული კენჭისყრაც პოზიტიური შედეგით დამთავრდება და მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირის ახალი დიპლომატიური სამსახური უკვე მუშაობას შეუდგება.

თითქმის ერთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ, ევროპის კავშირის ერთიანი დიპლომატიური სამსახური უკვე მალე უნდა ამოქმედდეს.

გავრცელებული ვარაუდით, ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს დანიშნულ ორ კენჭისყრაზე ევროპის პარლამენტი დაამტკიცებს სამსახურის ასამოქმედებლად აუცილებელ ორ დარჩენილ კანონს, რაც ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურად წოდებულ ორგანოს საშუალებას მისცემს უკვე ოფიციალურად დაიწყოს კადრების შერჩევა ბრიუსელში განთავსებულ შტაბბინაში სამუშაოდ.

ბოლო კვირების განმავლობაში ამ ორგანოს შექმნის ირგვლივ გამართულ მოლაპარაკებებს სულ უფრო მეტი სიმწვავე ემატებოდა - კავშირის წევრ ქვეყანათა უმრავლესობა არ თანხმდებოდა იმ დიდ როლზე, რომელიც ევროპის პარლამენტმა მოითხოვა ამ ახალი სამსახურის გარშემო სამომავლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

თუმცა სამშაბათ დილით სტრასბურგში გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთდროულად ევროკავშირის სამი კომისარი მივიდა, რაც ყველამ იმის ნიშნად აღიქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია.

კომისრებს შორის ყველაზე მაღალი რანგის პირი იყო კეთრინ ეშტონი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და, ახლანდელი ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ახალი სამსახურის სავარაუდო ხელმძღვანელი.

დახურულ კარს მიღმა მიღწეული კომპრომისის ნიშნად, ეშტონმა სამშაბათის სხდომაზე ისე ისაუბრა, თითქოს ოთხშაბათს დანიშნული კენჭისყრა მხოლოდ ფორმალობა ყოფილიყოს.

„ეს საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და იმ მიზნებს, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დავისახეთ. ევროკავშირის ყოველ მოქალაქეს ეხება ჩვენი გადაწყვეტილებები საგარეო პოლიტიკის, ვაჭრობის, განვითარების და კონტრტერორიზმის სფეროებში. ამდენად, ამ ნაბიჯით ჩვენ პირველ რიგში მათ ინტერესებს ვემსახურებით“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

„ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახური“ პოლიტიკას არ განსაზღვრავს, ის მხოლოდ საერთაშორისო არენაზე წარმოაჩენს 27-წევრიანი ბლოკის ერთობლივ პოზიციას - ისე, რომ თითოეულ მათგანს ვეტოს უფლება რჩება.

შედარებით უფრო მცირე და ბლოკში ახლად გაწევრიანებული ქვეყნები შიშობენ, რომ ეს ახალი სამსახური, რომელსაც ინფორმაციის მოპოვების და პრიორიტეტების განსაზღვრის საშუალება ექნება, უფრო მსხვილი და მნიშვნელოვანი წევრების გავლენის ქვეშ მოექცევა. სამსახურის მაღალ ეშელონებს სწორედ ამ ქვეყნების დიპლომატები შეავსებენ.

ნაწილობრივ სწორედ ამ შეშფოთების გაქარწყლების მიზნით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა ეშტონისგან მოითხოვა კვოტების დაწესება ახალი წევრი ქვეყნების დიპლომატებისთვის, თუმცა როგორც ეშტონი, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყანათა უმრავლესობა ამის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო.

სამშაბათს კი გაირკვა, რომ მოთხოვნა გაუქმდა. როგორც პლენარულ სხდომას ევროკავშირის ადმინისტრაციული საკითხების კომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა უთხრა, არსებული ვითარება 2013 წლამდე არ შეიცვლება:

„კომპრომისი შეიცავს მუხლებს, რომლებიც მკაფიოდაა ორიენტირებული ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურში გეოგრაფიული და გენდერული ბალანსის მიღწევაზე. ვითარების გადახედვა 2013 წელს გახდება შესაძლებელი“, - თქვა მან.

ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ელჩთა სამომავლო კორპუსის 30 ადგილიდან მხოლოდ 4 ერგოთ. პოლონეთს თითქმის გარანტირებული აქვს ეშტონის სამი თანაშემწიდან ერთ-ერთის პოსტი. ევროკავშირის აღმოსავლელი წევრი ქვეყნების ბევრი დიპლომატი თვლის, რომ ამ ახალი პოსტებისთვის განსაზღვრული აუცილებელი პირობა - გრძელი და მრავლისმომცველი სამუშაო გამოცდილება - მათ პერსპექტივას უზღუდავს.

ამასთან, როგორც ჩანს, პარლამენტმა უარი თქვა აქამდე წაყენებულ პირობაზე, რომ სწორედ მას უნდა ეკონტროლებინა ახალი დიპლომატიური სამსახურის ბიუჯეტი, ისეთი სფეროს ჩათვლით, როგორიცაა თავდაცვა, სადაც წევრი ქვეყნები სრული სუვერენიტეტით მოქმედებენ. თუმცა პარლამენტს კვლავაც რჩება უფლება ბოლო სიტყვა თქვას საკუთრივ ევროკავშირის ბიუჯეტზე, რაც თეორიულად ამ ახალ დიპლომატიურ სამსახურსაც მოიცავს, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ინსტიტუტს.

დაძაბულობა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ საკუთარ პრეროგატივად მიჩნეულ საკითხებს შორის ჩნდება, აჩვენებს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა კვლავაც ერთგვარი სამუშაო პროცესია, თანმდევი გაურკვევლობებითა და დაძაბულობით.

ეშტონი ჯერაც თავად უნდა მოერგოს სრულად ლისაბონის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იერარქიას. მითითებებს მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრები აძლევენ, თუმცა, მეორე მხრივ, იგი თავად ადგენს ბრიუსელში მიმდინარე ელჩების რეგულარული შეხვედრების პროგრამას.

ამასთან, ეშტონი პასუხს აგებს ევროკავშირის სამიტებისა და მათი ხელმძღვანელის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რუმპეს წინაშე. სამიტების პროგრამა, თავის მხრივ, ვან რუმპესა და კავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ამჟამად ბელგიის - მიერ მუშავდება ხოლმე.
XS
SM
MD
LG