Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 19 ოქტომბერი 2010


“დევნილები სუბელიანის უწყების სრული ბლოკირებით იმუქრებიან”, –წერს “რეზონანსი” ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გამართული დევნილთა აქციის შესახებ. “აქციის მონაწილეებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - გამოსახლებული დევნილები დაკმაყოფილდნენ თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართებით, ხოლო იმ დევნილებს, რომლებიც ჯერ არ გამოუსახლებიათ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ. გუშინვე დევნილებმა სამინისტროს ეზოში სამი კარავი გაშალეს. სამინისტროს ეზოში ათმა დევნილმა შიმშილობა დაიწყო, მათ შორის 4 ქალია. დევნილების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მშრალ შიმშილობაზე გადავლენ”, - წერს “რეზონანსი”.

“ალიას” პირველი გვერდი: “გიორგი არველაძემ “იმედის” ხელმძღვანელის პოსტი დატოვა? მის ადგილს ნანუკა ჟორჟოლიანი დაიკავებს?” - ავტორი წერს, რომ არველაძემ “ჯორჯიან მედია ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის პოსტი 17 ოქტომბერს დატოვა.

“ალია” აშუქებს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებსა და პოზიციებს. ქვეყნდება ინტერვიუ “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან, რომელიც ამბობს: “ძალიან კარგად ვგრძნობ და ვხედავ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. ყველა, ვისაც უნდა დაეხმაროს საქართველოს, დღეს უნდა ზრუნავდეს საარჩევნო გარემოს თვისებრივ შეცვლაზე. ამ ბრძოლაში ვინც გვერდში დაგვიდგება, ბუნებრივია, მათთან ერთად ვაპირებთ სიარულს”, - აცხადებს ალასანია.

“ალიაშივე” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: “ოპოზიცია დაქსაქსულია იმიტომ, რომ ზოგი მართლა ოპოზიციაა და ზოგი ვითომ ოპოზიცია. ამიტომ, მართლა ოპოზიციისა და ვითომ ოპოზიციის გაერთიანება თუ არ შედგება, გაცილებით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე და ამავე ინტერვიუში სვამს კითხვას: “ერთ-ერთი მექანიზმი ქუჩაში გამოსვლაც არის და ძალიან დიდ დემოკრატებად რომ მოაქვთ თავი ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, რატომ წარმოუდგენიათ, რომ გარეთ გამოსვა აუცილებლად მარგინალიზმია?”.

“ახალი თაობა” ლეიბორისტთა ერთ-ერთ ლიდერ ნესტან კირთაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ისიც ლაპარაკობს ოპოზიციის შესახებ: “როცა ხდება ასეთი კონსტიტუციის მიღება, იწყება მეორე პროცესი, რომელმაც თითქოს უნდა დაჩრდილოს დესპოტური კანონის მიღება. ეს არის რვა პოლიტიკური პარტიის შემოქმედება, ვითომ დემოკრატიულ საარჩევნო კოდექსზე. ნაციონალურ მოძრაობას რაოდენობრივად კი არ სჭირდება, პოლიტიკურად სჭირდება კიდევ რამდენიმე პარტიის შემატება, რომელიც სააკაშვილის დესპოტურ რეჟიმს უზრუნველყოფს”, - აცხადებს ნესტან კირთაძე.

“ახალ თაობაშივე” კონსერვატორთა ლიდერ ზვიად ძიძიგურთან ვრცელ ინტერვიუში წაიკითხავთ: “მე არ ვიცი რევოლუცია რას ნიშნავს. მე ვიცი ერთი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ეს არის ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო ვარიანტი.”

“24 საათი” ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხსა და საქართველოს პოზიციაზე წერს სტატიაში - “სწორად ფორმულირებული ვეტო”. პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა “24 საათის” კორესპონდენტს უთხრა: “ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანას მეზობელთან გაურკვეველი არ უნდა ჰქონდეს საბაჟო საკითხები. ასე რომ, საქართველომ საკითხი სწორად დააყენა - რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო სივრცის და საბაჟო ურთიერთობების საკითხი გარკვეული არ არის.”

“საქართველოს რესპუბლიკა” წერს თბილისის მერის მიერ გამოცხადებულ ინიციატივაზე, რომელიც თბილისში ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაბრუნებას გულისხმობს: “თბილისში ამ ელექტროტრანსპორტიდან ერთ დროს ტრამვაიც გვქონდა, ტროლეიბუსიც და კიდული ბაგირგზაც. მერე მიდგა ხელისუფლება და რევოლუციის ტალღაზე, სანამ პირწმინდად არ ამოძირკვა ერთიც და მეორეც, არ მოისვენა. იმდენად ჩქარობდა, ტრამვაის ლიანდაგზე ალაგ-ალაგ ასფალტიც გადააგო. გვახსოვს რა ხარბად ჭრიდნენ ტროლეიბუსის სპილენძის სადენებს. ეჰ, ახლა რომ ერთი შერლოკ ჰოლმსი მოგვცა და დაგვაანგარიშებინა, რა ფული მოტყდა და ის ფული ვის ჯიბეში წავიდა, ნამდვილად საუკეთესო ამოცანას ამოვხსნიდით”, - წერს “საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG