Accessibility links

logo-print

„ნუ შეეკითხები, ნუ იტყვი“ წარსულს ბარდება


მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი, რომლის გადაწყვეტილებამაც გზა გაუხსნა აშშ-ის არმიაში წესის "ნუ შეეკითხები, ნუ იტყვი" გაუქმებას

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი, რომლის გადაწყვეტილებამაც გზა გაუხსნა აშშ-ის არმიაში წესის "ნუ შეეკითხები, ნუ იტყვი" გაუქმებას

„ნუ შეეკითხები, ნუ იტყვი“ - ასე უწოდებენ შეერთებული შტატების არმიაში დამკვიდრებულ წესს, რომელიც ჰომოსექსუალებს ეხება. ამ წესით აკრძალულია, სამხედრო მოსამსახურეს შეეკითხო მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მაგრამ არც თვით სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაამხილოს საჯაროდ თავისი ჰომოსექსუალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არმიიდან დათხოვნა ემუქრება.

თუმცა, ასე იყო აქამდე... როგორც იუწყებიან, პენტაგონმა განაცხადა, რომ მზად არის, ამიერიდან არმიაში მიიღონ მსურველთა შორის ის პირებიც, ვინც საჯაროდ აცხადებს თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ.

დენიელ ჩოი ერაყის ომის ვეტერანია - შეერთებული შტატების არმიიდან დათხოვნილი ვეტერანი. დათხოვნის მიზეზი კი მისი ჰომოსექსუალობის საჯაროდ აღიარება იყო. ახლა ჩოი არმიაში დაბრუნებას აპირებს და იმედი აქვს, რომ ამას შეძლებს კიდეც მას შემდეგ, რაც პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, განიხილონ სამხედრო სამსახურის მსუვრელებს შორის იმ პირთა განაცხადებიც, რომლებიც საჯაროდ საუბრობენ საკუთარ ჰომოსექსუალობაზე.

როგორც კი შეიტყო, რომ წესი „ნუ შეეკითხები, ნუ იტყვი“ აღარ მოქმედებს, დენიელ ჩოიმ რეკრუტირების ცენტრს მიაშურა და პირველივე გასაუბრების დროს განაცხადა, რომ გეია. „მე მათ ვუთხარი, რომ არმიიდან დამითხოვეს „ნუ შეეკითხები, ნუ იტყვის“ გამო, რომ გეი ვარ და მსურს, ტყუილის გარეშე, პატიოსნად ვიმსახურო. მათ განაგრძეს ჩემი საკითხის განხილვა და ხვალ ყველაფერს დავამთავრებ“, ამბობს დენიელ ჩოი.

პენტაგონის კურსის შეცვლის მიზეზია ფედერალური სასამართლოს მოთხოვნა, აღარ ეკრძალებოდეს შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში სამსახური იმ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც საჯაროდ ლაპარაკობენ საკუთარ ჰომოსექსუალურ ორიენტაციაზე. მოსამართლე ვირჯინია ფილიპსის განმარტებით, წესი „ნუ შეეკითხები, ნუ იტყვი“ აშშ-ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სამშაბათს მოსამართლე ფილიპსმა გამოუშვა წერილობითი გადაწყვეტილება, რომელშიც უარყოფს პენტაგონის მოთხოვნას წესის „ნუ შეეკითხები, ნუ იტყვი“ აკრძალვის გაუქმების თაობაზე.

პენტაგონი მოელოდა მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას, რის გამოც წინასწარვე გაუგზავნა ინსტრუქცია რეკრუტირების ცენტრებს, მიიღონ განაცხადები იმ პირებისგანაც, ვინც თავს არ არიდებს ჰომოსექსუალობის გამხელას.

დენიელ ჩოი ამბობს, რომ მზად არის, ემსახუროს თავის ქვეყანას: „თუ კაცი თავის მოქმედებას დამოკიდებულს ხდის დაძაბულობასა და შიშზე, ან მმართველ პოლიტიკურ ძალებზე, ის კარგად უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა იყოს ჯარისკაცი, რომელიც მსხვერპლს იღებს - მხოლოდ ფასეულობების გამო. ჯარისკაცები არ იღებენ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ ვინ არის მმართველი პოლიტიკური ძალა. მათი გადაწყვეტილებები ეფუძნება ფასეულობებსა და ღირსებებს, რომლებიც მათ ათვისებული აქვთ არმიაში შესვლის პირველივე დღიდან“, ამბობს დენიელ ჩოი, რომელმაც ნიუ-იორკში მიაკითხა რეკრუტირების ცენტრს.

ამავე ქალაქში, ისევე როგორც მთელს შეერთებულ შტატებში, ბევრი კრიტიკასაც გამოთქვამს წესის „ნუ შეეკითხები, ნუ იტყვი“ გაუქმების გამო. მათ შორის არის სენდი ალექსანდრი: „ჩემთვის ეს მისაღებია, მაგრამ ზოგს არ მოეწონება, რომ, დავუშვათ, უნდა ეძინოს ყაზარმაში, ან სადმე სხვაგან და იცის, რომ იქვე გეია... ჩემი აზრით, ეს არავის საქმე არ არის. არ უნდა იცოდე ასეთი რამე. ეს იმ ხალხის პირადი საქმეა“.

შეერთებული შტატების არმიაში ჰომოსექსუალობაზე საჯაროდ საუბრის მოწინაღამდეგეებს შორის არის რესპუბლიკური პარტიის მრავალი წევრი და ისინი, სავარაუდოდ, შეეცდებიან „ნუ შეეკითხები, ნუ იტყვის“ გაუქმებით უკმაყოფილო ამომრჩევლების მობილიზებას. ეს კი სახიფათოა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციისათვის, 2 ნოემბრის შუალედური არჩევნების კონტექსტში. თუმცა, დეკომრატებს, თავის მხრივ, ჰომოსექსუალი ამომრჩევლების იმედი აქვთ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს 25 ქვეყანაში არ ეკრძალებათ სამხედრო მოსამსახურეებს საკუთარ ჰომოსექსუალობაზე ღია საუბარი. ამ ქვეყნებში შედის ნატოს წევრთა დაახლოებით ნახევარი.
XS
SM
MD
LG