Accessibility links

logo-print

რა შეცვალა პერევმა რუსეთის, საქართველოსა და დასავლეთის ხედვაში


საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების 19 ოქტომბრის სამიტის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში, რუსი ოკუპანტების პერევიდან გასვლის გარდა, საქართველოსთვის პრინციპული კიდევ რამდენიმე საკითხი იკვეთება. მათ შორის არის ძალის გამოუყენებლობისა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო მეთვალყურეთა დაშვების საკითხები. რა პოზიციაზე დგას დასავლეთი, როგორ ესმის დასავლეთის პოზიცია რუსეთს და როგორ განმარტავენ მას საქართველოში?

მართალია, საქართველოს ოკუპირებული სოფლის - პერევის - დატოვებისთვის რუსეთმა მსოფლიო თანამეგობრობისგან არაერთი მადლობა მიიღო, მაგრამ თანდათან სულ უფრო აშკარა ხდება, რომ დასავლეთი არ იზიარებს მოსკოვის პოზიციას და 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიან შეთანხმებას ბოლომდე შესრულებულად არ მიიჩნევს. რუსეთის მიერ ხსენებული შეთანხმების ბოლომდე შესრულების მოუთმენელი მოლოდინი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა 19 ოქტომბერს გამოხატა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთისგან იმ პოზიციებზე დაბრუნებას მოელის, რომელზეც ის აგვისტოს ომამდე იდგა.

მართალია, აგვისტოს შეთანხმებაში ასახული რუსეთის არმიის უკანდახევის ვალდებულება ნიკოლა სარკოზის არ უხსენებია და, სამაგიეროდ, პერევიდან გასვლისთვის რუს კოლეგას არაერთი მადლობა გადაუხადა, მაგრამ სამიტის შემდეგ, 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარებში ჩანს, რომ თავისივე შუამავლობით გაფორმებულ 6-პუნქტიან შეთანხმებას სარკოზი ბოლომდე შესრულებულად არ მიიჩნევს. მაგალითად, ერთ-ერთ ფრაგმენტში ის ევროკავშირის მეთვალყურეებთან დაკავშირებულ ვალდებულებას ახსენებს:

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საკითხის განხილვა, დიპლომატიური ძალისხმევა, დისკუსიები... მშვიდად... და ვიფიქროთ ტყვეების დაბრუნებაზე. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ პირობა უნდა დადოს, რომ ძალას არ გამოიყენებს და ჩვენი რუსი მეგობრები უნდა დასთანხმდნენ ევროპელი მეთვალყურეების შეშვებას.“

სარკოზი აღნიშნავს, რომ მუშაობა რუსეთთან ”ნდობის ატმოსფეროში” მიმდინარეობს და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა რამდენად შეეხება ასეთი შედეგი ევროკავშირის მეთვალყურეების საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში შეშვების საკითხს, საფრანგეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

საქართველოს ტერიტორიაზე - მათ შორის, სეპარატისტულ რეგიონებში -საერთაშორისო მეთვალყურეების დაბრუნებასა და გაფართოებაზე 19 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ ტონერიც ლაპარაკობდა:

”ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეთვალყურეთა უფრო ფართო წარმომადგენლობა ადგილზე. მაგალითად, იქ უნდა დაბრუნდნენ ეუთოს მეთვალყურეები. ეს შექმნის გარანტიებს მოვლენათა განვითარების მეთვალყურეობისა და საერთო დაძაბულობის შემცირებისთვის. ”

ამ კუთხით საინტერესოა ის ფაქტი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკებში საერთაშორისო მეთვალყურეების მუშაობასთან მიმართებით მხარდაჭერას გამოხატავს რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლეონიდ სლუცკი. მართალია, ის ამ საკითხს კრემლის ძველი პოზიციის კონტექსტში განიხილავს და ამბობს, რომ ეს საკითხი ცხინვალისა და სოხუმის გადასაწყვეტია, მაგრამ 19 ოქტომბერს რადიო ”ეხო მოსკვისთან” საუბრისას სლუცკი ამბობს იმასაც, რომ მეთვალყურეთა დაშვების საკითხი შესაძლოა უახლოეს თვეებში გადაწყდეს. თუმცა - როგორ და რანაირად, რუსი დეპუტატი დეტალებს აღარ აკონკრეტებს.

ევროკავშირის მეთვალყურეთა დაშვების პერსპექტივაზე ახალი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი თბილისისთვის, ამბობს ჩვენთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია. მას ჩვენ ასევე ვთხოვეთ განემარტა, თუ რას ნიშნავს ნიკოლა სარკოზის მიერ ნათქვამი სიტყვები: ”საქართველოს ხელისუფლებამ პირობა უნდა დადოს, რომ ძალას არ გამოიყენებს.” საქმე ის არის, რომ თავად სარკოზი ამ საკითხს არ აკონკრეტებს, ხოლო რუსეთის მედიამ (და ეს აზრი, მაგალითად, რადიო ”ეხო მოსკვის” ეთერშიც გაისმა) საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვები ჩათვალა მოწოდებად, რომ თბილისმა ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის ახალ შეთანხმებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. საკითხის ასეთ ინტერპრეტაციას გიგა ბოკერია კატეგორიულად ეწინააღმდეგება:

”ბუნებრივია, ეს პრეზიდენტ სარკოზის არ უთქვამს და არასოდეს არ იტყვის, ჩემი აზრით... ეს არის რუსეთის ფედერაციის საკმაოდ იაფფასიანი პოლიტიკური თამაში და ამაზე ჩვენი პოზიცია, ისევე როგორც შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია, არის ძალიან მკაფიო; ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება დღეს არის ძალაში, 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილია ეს პრინციპი, სხვა მნიშვნელოვან პრინციპებთან ერთად, პირველ რიგში - რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულებასთან ერთად. ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ ახალი შეთანხმება იქნეს მიღწეული, მაგრამ, ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთნ უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობას, არამედ რუსეთის ჯარების გაყვანის ფუნდამენტურ პრინციპსაც... ”

თბილისის პოზიცია უცვლელია და ის ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმების გაფორმების ალბათობას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი დოკუმენტს საქართველო და რუსეთი მოაწერენ ხელს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG