Accessibility links

logo-print
წლევანდელი შემოდგომა ფესტივალებით დატვირთული გახლდათ. ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მოჰყვა. თბილისშივე ჩატარდა მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი". ახლა კი საფესტივალო ციებ-ცხელებამ თელავში გადაინაცვლა.

თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული კლასიკური მუსიკის ფესტივალი აღდგა.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა, მით უმეტეს, რომ შემსრულებელთა შორის მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსთა სახელებიც გვხვდება.

ფესტივალი ბეთჰოვენისა და ყანჩელის მუსიკით გაიხსნა. შესრულდა ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია, სამმაგი კონცერტი ფორტეპიანოს, ვიოლინოსა და ვიოლენჩელოსთვის და ყანჩელის ახალი ნაწარმოები "Ex contrario". საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი "სომფონიეტა", რომელიც სრულიად ახალგაზრდა მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული, უკვე თამამად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქმე გვაქვს უაღრესად ცოცხალ, ენერგიულ და პროფესიულ ორკესტრთან. ვფიქრობ, სიმბოლური იყო ის მოვლენაც, რომ ახალგაზრდა მუსიკოსების გვერდით ორკესტრში უფროსი თაობის ბრწყინვალე შემსრულებლები თამაზ ბათიაშვილი და ნოდარ ჟვანია ისხდნენ. ორკესტრმა, მიუხედავად მცირერიცხოვნებისა, დიდი ენთუზიაზმით შეასრულა ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია. ორკესტრს ბრწყინვალე მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს მუსტონენი დირიჟორობდა. ბეთჰოვენს ყანჩელის მუსიკა მოჰყვა, თუმცა ნაწარმოების შესრულებას თითქოს დამატებით კულმინაციად დაერთო მცირე კონფუზიც: სცენაზე ასულმა კომპოზიტორმა მადლობა გადაუხადა იმ მსმენელებს, რომლებიც მაინცდამაინც პაუზების დროს ახველებდნენ. მართალი რომ გითხრათ, პირადად მე ხველება არ გამიგონია, მსმენელი გაფაციცებით უსმენდა უაღრესად ამაღელვებელ მუსიკას და, ცოტა არ იყოს, გაუგებარი დარჩა, რატომ გამოთქვა კომპოზიტორმა შენიშვნა მუსიკალურად საკმაოდ მომზადებული პუბლიკის მიმართ. და ისიც საინტერესოა, მისცემდა თუ არა იგი შენიშვნას ხველებისთვის ფრანგ, გერმანელ ან ავსტრიელ მსმენელს. პუბლიკის კულტურის საკითხი თანამეროვე საქართველოში, ვფიქრობ, ცალკე საუბრის თემაა (ასევე ცალკე საუბრის თემაა ე.წ. სატელეფონო სიმფონიაც, რომელიც, როგორც წესი, ფონად მიჰყვება ხოლმე თეატრალურ ან მუსიკალურ წარმოდგენას - ქართველებს ტელეფონის გამორთვა არ გვიყვარს), მაგრამ თელავის პუბლიკა ამ მხრივ ნამდვილად არ იმსახურებდა საყვედურს.

კონცერტის კულმინაცია ბეთჰოვენის სამმაგი კონცერტი გახლდათ. ასრულებდნენ ელისო ვირსალაძე, პაველ ვერნიკოვი და ნატალია გუტმანი. ორკესტრს კვლავაც ანდრეს მუსტონენი ხელმძღვანელობდა. უაღრესად რთული კონცერტი, როგორც მოსალოდნელი იყო, საოცარი ოსტატობითა და ვირტუოზულობით შესრულდა. განსაკუთრებით ელისო ვირსალაძესა და მევიოლინე პაველ ვერნიკოვს გამოვარჩევდი. ნატალია გუტმანი თითქოს ოდნავ დაღლილი ჩანდა. თუმცა ამ ასპექტს ნამდვილად არაფერი დაუკლია ბრწყინვალე შესრულებისთვის.

ფესტივალი 22 ოქტომბერს დაიხურება. ასე რომ, წინ არანაკლებ საინტერესო მუსიკალური დღეები გველის.
XS
SM
MD
LG