Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდა ქართლში ”ადრეული აღდგენის” პროგრამა კვლავ გაგრძელდება


ევროპელი დიპლომატები შიდა ქართლში
ევროპელი დიპლომატები შიდა ქართლში
შიდა ქართლში ადრეული აღდგენის ხელშეწყობის ორწლიანი პროგრამა დასრულდა. პროგრამა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა. ევროპელმა დიპლომატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს ის ობიექტები დაათვალიერეს, რომელთა აღდგენა პროგრამის ფარგლებში მოხდა. ქარელში დევნილთა დასახლებაში მინიატრაქციონი და სტადიონი გაიხსნა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის მიზანია 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული რეგიონების ხელშეწყობა. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია ინფრასტრუქტურის აღდგენა, მიკროფინანსირება და პროფესიული განათლება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სკოლების, ხიდების და წყალგაყვანილობის სისტემების აღდგენა, მიკრობიზნესების ხელშეწყობა, ახალი სახელობო პროგრამების დანერგვა. გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის იენს ვანდელის განცხადებით, პროგრამის მიზანი ომისგან დაზარალებული რეგიონების აღდგენა და განვითარებაა.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ყველა პროექტს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ახორციელებდა. მხარის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს პროექტები დასრულდა ხელისუფლება აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს როგორც ევროკავშირთან, ისე გაეროსთან იმისთვის რომ ახალი პროექტების განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყოს.

ევროპელი სტუმრები სათამაშო მოედნის გახსნაზე
ევროპელი სტუმრების მიერ დევნილთა დასახლებაში გაკეთებულმა ატრაქციონმა და სათამაშო მოედანმა ყველაზე მეტად პატარები გაახარა. ქარელის პროფესიული სასწავლებლის შენობაში ჩასახლებულმა დევნილებმა კი საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს და მათი მოგვარება ხელისუფლებას მოსთხოვეს. მათი თქმით, საჭიროა სასოფლო სამეურნეო მიწების გადაცემა და ბავშვებისთვის სასკოლო მიკროავტობუსის დანიშვნა.

ადრეული აღდგენის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ოცზე მეტი შენობის, სასმელი და საირიგაციო წყლის სისტემების აღდგენა და შეკეთება. 3000-ზე მეტმა ადამიანმა ბიზნესის წამოსაწყებად მიკროსესხი და კონსულტაცია მიიღო, ხოლო გორის უნივერსიტეტში თხუთმეტზე მეტი სახელობო პროგრამა და პროფესიულ საგანმანათლებლო კურსი დაინერგა. ორწლიანი ინიციატივის დასრულების შემდეგ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებენ საქართველოს ხელშეწყობას ეკონომიკური განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის საკითხებში.
XS
SM
MD
LG