Accessibility links

logo-print

სითბური გამონაბოლქვის შემცირების ”ევროპული მენეჯმენტი” თბილისში


ევროპელი მერები თბილისის კონფერენციის გახსნაზე

ევროპელი მერები თბილისის კონფერენციის გახსნაზე

თბილისი ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებს შორის პირველი დედაქალაქია, რომელმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე ხელი მოაწერა ე.წ. "მერების შეთანხმებას". შესაბამისად, აიღო ვალდებულება, ჩაერთოს ისეთი გლობალური პრობლემების დაძლევაში, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, ენერგეტიკული მარაგის უსაფრთხოება, ყველა მოქალაქისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და სხვა.

”CO2-ის შემცირება აქტუალური თემაა ყველასთვის. მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეცდება ტრანსპორტის სფეროში, მუნიციპალურ და სხვა შენობებში CO2-ის შესამცირებლად მრავალი ღონისძიება გაატაროს ", - გვითხრა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ზვიად არჩუაძემ. მისივე თქმით, საქართველოში თბილისი ჯერჯერობით ერთადერთი ქალაქია, რომელიც ”მერების შეთანხმებას” შეუერთდა. მთლიანობაში შეთანხმების ხელმომწერია 2000-ზე მეტი ქალაქი ევროკავშირის წევრი 27 და პარტნიორი 10 ქვეყნიდან. მათ შორისაა 21 დედაქალაქი ევროკავშირიდან და სამი არაწევრი ქვეყნიდან. ეს ერთობლივად შეადგენს 127 მილიონ მოსახლეზე მეტს და CO2-ის გამოყოფის 132 მილიონზე მეტი ტონით შემცირების შესაძლებლობას ყოველწლიურად. ასეთია ევროკომისიის ზოგადი გათვლები. ”მერების შეთანხმებაში ჩართული ქალაქებისათვის უფრო მეტი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ახალი პროექტის მეშვეობით, რომელიც 2011 წლიდან დაიწყება. თბილისის კონფერენციაზე კი უმთავრესად ”მერების შეთანხმების” ფარგლებში განიხილება ქალაქებისა და რეგიონების, კერძოდ პარიზის, ვარშავის, ბარსელონის, ბურგასისა და ლვოვის, ასევე ქალაქების ქსელებისა და მხარდამჭერი სტრუქტურების მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

"კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვექნება საუბარი სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე. ეს, რა თქმა უნდა, არის გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხები. ვინაიდან საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დადის თითოეული ადამიანის თვითშეგნებაზე და მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ჩვენ საზოგადოებას დავანახოთ მნიშვნელოვანი მომენტების დანერგვისა და პრაგმატული სიახლეების საჭიროება".

კონფერენციის გახსნის წინ თბილისის მერმა გიგი უგულავამ აღნიშნა: "CO2-ის შემცირების მიზნით შემუშავდება სტრატეგიული გეგმა. კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად კი გათვალისწინებული იქნება როგორც საბიუჯეტო სახსრები, ასევე კერძო პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ფინანსები”.

უგულავას თქმით, თბილისის მერია კლიმატურ ცვლილებებთან, ენერგორესურსების უზრუნველყოფასა და ჯანსაღი გარემოს შექმნასთან დაკავშირებულ პროექტებს ისეთი მიმართულებებით ახორციელებს, როგორიცაა მუნიციპალური მომსახურება, ქალაქის დასუფთავება და ტრანსპორტის რეგულირება. გამონაბოლქვის შემცირების მიზნით გახმაურებული ინიციატივა დედაქალაქში ელექტრონული ტრანსპორტის, კერძოდ ტრამვაის ამუშავების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

თბილისის კონფერენციისა და ”მერების შეთანხმების” ხელმომწერი ქალაქების წარმომადგენელთა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სითბური გაზების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებაა. პარიზის მერიამ, მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ ქალაქში საცობების მოსპობისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 10 000 ველოსიპედი შეიძინა და სიმბოლურ ფასად აქირავებს. თბილისის კონფერენციაში მონაწილე პარიზის მერის მოადგილემ დენის ბაუპინმა მერიის განზრახვაც გაგვაცნო:

"ჩვენ პარიზში გადავწყვიტეთ CO2-ის ემისია 25 პროცენტით შევამციროთ. შესაბამისად, ბევრ რამეს ვაკეთებთ ტრანსპორტის ალტერნატიული ენერგიებისა და შენობების განახლების მიმართულებით. რასაც კონფერენციაზეც გავიმეორებ, არის ის, რომ ევროპისა და ევროპის გარეთ ქალაქებმა ერთად უნდა ვიმუშაოთ. გავაერთიანოთ ჩვენი გეგმები და გამოცდილება, რათა გლობალურ დათბობას შევებრძოლოთ".

მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქების მერებისა და მერიის წარმომადგენლების გარდა, თბილისის კონფერენციაში მონაწილეობენ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებიც: ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი. კონფერენციის ორგანიზატორი ევროკავშირია.
XS
SM
MD
LG