Accessibility links

logo-print

მოსკოვის საქალაქო საბჭომ პუტინის მოკავშირე მერის პოსტზე დაამტკიცა


სერგეი სობიანინი ინაუგურაციის ცერემონიაზე

სერგეი სობიანინი ინაუგურაციის ცერემონიაზე

მოსკოვს ახალი მერი ჰყავს - 42 წლის სერგეი სობიანინი. ამ პოსტზე მისი დანიშვნის ცერემონია ხუთშაბათს გაიმართა მოსკოვში: „ვფიცავ, რომ მოსკოვის მერის პოსტზე მუშაობისას დავიცავ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, ფედერალურ კანონმდებლობას და ქალაქ მოსკოვის წესდებასა და კანონებს", - განაცხადა სობიანინმა. - "პატიოსნად და კეთილსინდისიერად შევასრულებ ჩემზე დაკისრებულ ვალდებულებებს; ვემსახურები ქალაქის განვითარებასა და მის მცხოვრებთა კეთილდღეობას“.

სობიანინის მიერ დადებულ ფიცს ცერემონიაზე მისული რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევიც გამოეხმაურა: "მთავარი, რაც ამ ფიციდან გამომდინარეობს, ის არის, რომ თქვენ მოსკოველებს კეთილსინდისიერად უნდა ემსახუროთ. მათ, მოსკოვის ქალაქის საბჭოს გზით, ეს წუთია მოგანიჭეს ძალაუფლება. ეს დიდი ნდობაა, და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეძლებთ ის გაამართლოთ".

მოსკოვის მერის პოსტზე დამტკიცებამდე სობიანინი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის აპარატის ხელმძღვანელი იყო. ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა, ბევრის აზრით, სწორედ პუტინის მხრიდან მოსკოვზე დაწესებული კონტროლის გაძლიერებას მოასწავებს.

რუსეთის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე ის ხუთშაბათს, ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე გამართულ კენჭისყრაზე დიდი უპირატესობით დაამტკიცა ქალაქის საბჭომ. ამ კენჭისყრას ბევრი უბრალო ფორმალობად აღიქვამდა, ვინაიდან პუტინის პარტია - „ედინაია რასია“ - ქალაქის საბჭოს 35 ადგილიდან 32-ს ფლობს. სობიანინის კანდიდატურას მხარი ამ პარტიის ყველა წარმომადგენელმა დაუჭირა. „ედინაია რასიას“ ერთადერთი ოპოზიცია საბჭოში კომუნისტური პარტიაა, რომლის ორმა წარმომადგენელმა ხმა სობიანინის წინააღმდეგ მისცა. კიდევ ერთი კომუნისტი დეპუტატი კი კენჭისყრას არ დასწრებია.

სობიანინი ამ თანამდებობაზე ცვლის იური ლუჟკოვს, რომელიც გასულ თვეში, მწვავე საჯარო დაპირისპირების ფონზე, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დაითხოვა. მოსკოვის მერის პოსტზე 18 წლის განმავლობაში მუშაობისას ენერგიულ და პოპულისტ ლუჟკოვს ხშირად ექმნებოდა კონფლიქტი კრემლთან. სობიანინის შემთხვევაში კი - პუტინთან მისი სიახლოვის გათვალისწინებით - ასეთი რამ ნაკლებად სავარაუდოა.

კრემლმა ლუჟკოვს მასშტაბურ კორუფციაში დასდო ბრალი - მათ შორის მომგენიანი კონტრაქტების იმ სამშენებლო ფირმისთვის გადაცემის გზით, რომელიც მის მილიარდერ ცოლს ეკუთვნოდა.

ახალმა მერმა - სობიანინმა - დამტკიცების დღეს ქალაქის საბჭოს უთხრა, კორუფციას შევებრძოლები და მოსკოვის მენეჯმენტს გამჭვირვალეს გავხდიო: „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კორუფციასა და ბიუროკრატიას მოსკოვის ბევრი - და ან საერთოდ ყველა - კონკურენტუნარიანი უპირატესობის გაუფასურება შეუძლია. ნათელია, რომ ქალაქს უფრო ღია და ეფექტიანი მართვის სისტემა ესაჭიროება. ეს ეხება როგორც ადმინისტრაციულ პროცედურებს, ისე საბიუჯეტო პოლიტიკის პრიორიტეტებს“, - განაცხადა მან.
ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა

ამასთან, სობიანინის თქმით, მოსკოვის ადმინისტრირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ.

„ყველა მოხელემ იცოდეს, რომ მის ქმედებებს მოქალაქეები აკონტროლებენო“, - განაცხადა მოსკოვის ახალმა მერმა.

თუმცა ამ დაპირებების და გეგმების მიუხედავად, ბევრს მიაჩნია, რომ სობიანინის მოსკოვის მერად დანიშვნის მთავარი მიზეზი ვლადიმირ პუტინთან მისი სიახლოვეა. მათ შორის არის ანალიტიკოსი კირილ როგოვი, რომლის თქმითაც: „სობიანინი ზუსტად, სრულად, უნაკლოდ და ერთგულად შეასრულებს [პუტინის] დავალებებს“.

როგოვის აზრით, მთავარი დავალება, რომელიც სობიანინს მიეცემა, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის მიერ არჩეული კანდიდატისთვის მოსკოვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა იქნება. მედვედევს და პუტინს ნათქვამი აქვთ, რომ ერთმანეთში შეთანხმდებიან, რომელი მათგანი იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა ანალიტიკოსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის სავარძლის დაბრუნებას პუტინი შეეცდება.

როგოვის თქმით, სობიანინი იმ ბიზნესმენებთან და ოლიგარქებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც კეთილდღეობა პუტინის პოლიტიკური მფარველობის პირობებში მოიპოვეს. ბიზნესელიტის ეს წარმომადგენლები კი დროდადრო კონფლიქტში შედიან ე.წ. „სილოვიკებთან“, ან „ძალოვანების“ ჯგუფთან - უშიშროებისა და სამხედრო სტრუქტურების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც პუტინმა დანიშნა წამყვან თანამდებობებზე.

ამდენად, როგოვის აზრით, სობიანინს შეუძლია პუტინს პირადი ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს, ვინაიდან მისი მოსკოვის მერის პოსტზე დანიშვნა გარკვეულად დააბალანსებს ამ ფარულ ბრძოლაში ჩართულ პოლიტიკურ კლანებს.
XS
SM
MD
LG