Accessibility links

logo-print
უნდა ვაღიარო, რომ რესპონდენტების პოვნა გამიჭირდა. იმიტომ კი არა, რომ ვერ ვიპოვე, არა, სულაც არა. ისინი მრავლად იდგნენ პოლიციის აკადემიის მთავარ ჭიშკართან, მზის გულზე. ზოგი ტესტირებაზე შესვლას ელოდა, ზოგი უკვე გამოსულიყო და, ასე ვთქვათ, შიგნიდან გამოტანილ ამბებს ყვებოდა. ზოგი სიგარეტს აბოლებდა. ჰო, სიგარეტზე გამახსენდა: თუ გაუმართლებთ და ტყის მცველის სტატუსს მოიპოვებენ, მაშინ სიგარეტის მოწევისაგან თავის შეკავებაც მოუწევთ, რა თქმა უნდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაინც. ისე კი, უნდა ვაღიარო, რომ მიკროფონის დანახვამ პოტენციური ტყის მცველები, ცოტა არ იყოს, დააფრთხო:

- აი, ამან მიიღო მონაწილეობა.
- არა, არა, არ მიმიღია.
- მე არა, მე ველოდები.
- სხვას შეეკითხე, რა!
- აი, გოგონებს ჰკითხეთ რა...

გოგონები ცივ უარს მეუბნებიან, არა, ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა, ჩვენ ჩვენებს ველოდებითო, მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე გამიმართლა, 40 წლის მანანა სკამზე ზის, მუხლებზე ჩანთა უდევს და ტესტირების მორიგ ეტაპს ელოდება, კონკურსში მონაწილეობის მოტივაცია მან ასე ახსნა: "ცხოვრება გაძნელდა და სამსახური მჭირდება. ვიცი, მარტივი არ იქნება, მაგრამ შევეცდები, რომ დავძლიო. უნარ-ჩვევებში მოვემზადე და პროფესიულ მასალასაც გადავხედე. ისე კი სასოფლო-სამეურნეო მაქვს დამთავრებული და ვფიქრობ, რომ გამიმართლებს. მომიწევს ტყეში ბევრი სიარული და მზად ვარ ვიარო”.

აი ეს ახალგაზრდები, შლაგბაუმთან რომ ჩაცუცქულან ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსიდან რამდენიმე წუთია გამოვიდნენ, კითხვებს უხალისოდ უფრო სწორად, ძალისძალად პასუხობენ: მათი აზრით, ტესტები საშუალო სირთულის იყო, ძირითადად "უნარ-ჩვევების" ტიპის.

სწორი კადრის შერჩევა წარმატების ერთ-ერთი საფუძველიაო - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე. პოლიციის აკადემიაში გამართულ ტესტირების პროცესს ის პირადად ადევნებდა თვალს. როგორც ის ამბობს: ტყის მცველთა შესარჩევ კონკურსში კონკურსანტთა რამდენიმე თვისებაზე იქნება გამახვილებული ყურადღება: პირველი ეს არის კომუნიკაბელურობა და მოსახლეობასთან სწორად მიდგომისა და დალაპარაკების უნარი; მეორე ეს არის ზოგადი უნარები და ის აზროვნება, რომელსაც ყოველდღიურად აწყდება თითოეული ტყის მცველი; და ბოლო ეტაპი, ეს იქნება ფიზიკური ნორმატივები, რადგან საქართველოს ტყეში საკმაოდ რთული რელიეფური მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ გვჭირდება ფიზიკურად მომზადებული ტყის მცველები”, - ამბობს პაპუნა ხაჩიძე.

რეგისტრაცია კონკურსში მონაწილე 1000-მდე მსურველმა გაიარა. მათ შორის არიან ქალებიც. პაპუნა ხაჩიძე იმედს გამოთქვამს, რომ ისინი ტესტირებას დაძლევენ და მოხვდებიან იმ 480 კონკურსანტს შორის, რომლებსაც ტყის მცველის სტატუსი მიენიჭებათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დღეს იმაზე გაცილებით ნაკლები ტყის მცველი ჰყავს, ვიდრე უნდა ჰყავდეს.

"ერთ ტყის მცველზე საშუალოდ 5000 ჰექტარი ფართობი მოდის, მაშინ, როდესაც აღნიშნულ ფართობზე მინიმუმ 5 ადამიანი მაინც უნდა იყოს მიმაგრებული. გარდა ამისა, ისინი ტექნიკურად არ არიან სათანადოდ აღჭურვილნი: მხოლოდ იმისათვის, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს საშეშე მერქნით, ტყის მცველი კონკრეტულად ამ მისიით ტყეში წელიწადში საშუალოდ ორასჯერ მაინც უნდა შევიდეს. გარდა ამისა, ტყის მცველის მოვალეობაა ხანძრების პრევენცია, ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები, კანონიერების დაცვა და ა.შ. ეს კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან, ერთ ადამიანს დაახლოებით 5000 ჰექტარი აბარია", - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

შერჩეული კონკურსანტები, სპეციალური ნორმატივების ჩაბარების შემდეგ, ორთვიან სტაჟირებას პოლიციის აკადემიაში გაივლიან, რის შემდეგაც 2011 წლის პირველი იანვრიდან შესაბამის რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში დასაქმდებიან.
XS
SM
MD
LG