Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკურ უმცირესობებს ნატოზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ


ნატოს და საქართველოს დროშები
ნატოს და საქართველოს დროშები
საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა ერთ-ერთი შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გამართეს. რამდენად სრულყოფილად არის არაქართველი მოსახლეობა ინფორმირებული ნატოს შესახებ და დღეს რომ მათ ჰკითხონ, სურთ თუ არა საქართველო გახდეს ევრო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, როგორი იქნება ათიათასობით აზერბაიჯანელი თუ სომეხი, ან თუნდაც სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქის პასუხი?

ლინას ლინკევიჩიუსი - ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში, ერთ-ერთია ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებიდან, რომელიც კვირეულის განმავლობაში საქართველოს სტუმრობს და სხვადასხვა სფეროში ნატოს გზაზე დამდგარი საქართველოს მიღწევებს აკვირდება. ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის და ზოგადად ნატოს მიმართ მათი დამოკიდებულების საკითხი ერთ-ერთია, რომელიც მათი ვიზიტის განმავლობაში განიხილება. უმცირესობებთან საუბრის შემდეგ ლინას ლინკევიჩიუსს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეთნიკურად არაქართველმა მოსახლეობამ, ნატოზე ბევრი არაფერი იცის:

”ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ინფორმაცია ჩვენთვის გახლდათ ის, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იღებენ თუ არა ნატოს შესახებ საკმარის ინფორმაციას საკუთარ ენაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველებმა, გააცნობიეროს რისკენ ისწრაფვის საქართველო - როდესაც ნატოში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს. რაც უფრო მეტი იცის ხალხმა, მით უკეთესია საქართველოსთვის. მე ასე გავიგე, რომ ეთნიკურ უმცირესობებში ნატოს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა იყო, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის აქტიური მუშაობის შემდეგ სურათი შეიცვლება”.

ნატოში საქართველოს გაწევრიანების თვალსაზრისით ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების აზრი ძირითადად ორად იყოფა და ეს დამოკიდებულებები გეოგრაფიული ნიშნითაც სხვადასხვაა:

”ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, განსხვავება არის რეგიონების მიხედვითაც და ეს რუკა ძალიან ლოგიკურად ნაწილდება. ყველაზე მაღალი ნატოს მიმართ მხარდაჭერა საქართველოს დიდი ქალაქებშია. ასევე იმ რეგიონებში, რომლებმაც ყველაზე მეტად იწვნიეს აგვისტოს ომის მთელი სიმძიმე”.

შესამჩნევად დაბალია ამ მხრივ მხარდაჭერა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ამბობს ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ გოგოტიშვილი. ის გვეუბნება, რომ ათეულ ათასობით ადამიანისათვის ერთ წელში აზრის შეცვლა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ისინი ინფორმაციას არაქართული მედიისგან იღებენ, მეტად რთულია. თუმცა ის იქვე შენიშნავს, რომ ეს მხოლოდ ნატოს საინფორმაციო ცენტრის მოსაგვარებელი პრობლემა არ არის და ამ საქმეში სახელმწიფო პოლიტიკის წილი გაცილებით დიდი უნდა იყოს.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი კი, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, გვეუბნება, რომ ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილის აზრი ნატოზე ეყრდნობა ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდგომ უკვე რუსეთის მიერ შექმნილ ნატოს უარყოფით იმიჯს, და ეს ლოგიკურიც იყო, ამბობს იაკობაშვილი, რადგან განხილვათა უმრავლესობა ქართულ ანუ ეთნიკური უმცირესობებისათვის გაუგებარ ენაზე მიმდინარეობდა:

”ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ის პროექტი, რასაც ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს, ამ განწყობებს აუცილებლად შეცვლის. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ხალხს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნიან, რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს ნატოს წევრობა და შიში, რომ ვიღაცას იძულებით წაიყვანენ ნატოს ჯარში, გაქრება”.

ინფორმაციის დეფიციტზე ლაპარაკობს აგიტ მირზოევი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელი. შესაბამისად, არაქართველ მოსახლეობას უჭირს ნატოს მნიშვნელობის შეფასება; არ იციან, რა ეტაპი უნდა გაიაროს ქვეყანამ გაწევრინებამდე ან საერთოდ რაში სჭირდება საქართველოს ნატოს წევრობა:

”ამ საკითხზე ხალხში ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობს, რადგან დიდი საინფორმაციო ვაკუუმია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს დროულად და რაც მთავარია ადამიანურ ენაზე უნდა ავუხსნათ რას ნიშნავს ნატო ჩვენთვის”.

საინფორმაციო ვაკუუმის, უფრო სწორედ კი რუსული პროპაგანდის ლოგიკური შედეგი იყო, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული მოსახლეობის უარი - ნატოში გაეწვრიანებაზე, რასაც აგიტ მირზოევი მოსახლეობაში გაჩენილი მათთვის უცნობი კულტურების, გაერთიანებების მიმართ შიშით ხსნის.

ნატოს მიმართ ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერაზე ლაპარაკისას უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი. რომელიც ფიქრობს, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით ნატოში ინტეგრაციას 60% უჭერდა მხარს, დღეს რომ იგივე გამოკითხვა ჩატარდეს, მაჩვენებელი 20%-ით გაიზრდება. მისი აზრით, ამას ცხადია, თავისი მიზეზები აქვს, და აი ერთ-ერთი მათგანიც:

”აზერბაიჯანულენოვან გაზეთ ”გურჯისტანში” და სომხურენოვან ”ვრასტანში” თვეში ერთხელ იბეჭდება მასალა, თუ რა არის ნატო; რას გვაძლებს ნატო არა მხოლოდ პოლიტიკური პოზიციიდან, არამედ ეკონომიკური, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა.შ...”

გაზეთებში საინფორმაციო ჩანართების გარდა ახლა ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროგრამაც ხორციელდება - სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის უფროსკლასელებისა და კოლეჯების სტუდენტებისათვის ნატოს თემატიკაზე და, რაც მთავარია, მათთვის გასაგებ ენაზე სპეციალური სემინარები ტარდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG