Accessibility links

“პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით“ - ეს ჰქვია ეპისტოლარული ჟანრის წიგნს, რომელიც ქართული ემიგრაციის მეორე თაობის ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს მოიცავს. წიგნს საფუძვლად დაედო საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ყოფილი თავკაცის ლევან ზურაბიშვილის მიმოწერა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ უხუცეს ქართველ ემიგრანტთან, 92 წლის პეტრე ხვედელიძესთან, რომელიც წლების განმავლობაში „ამერიკის ხმის“ ქართულ განყოფილებაში მუშაობდა. წიგნად შეკრული წერილები, როგორც მდიდარი დოკუმენტური მასალა, უთუოდ დააინტერესებს ქართული ემიგრაციის ისტორიის შესწავლით დაკავებულ მკვლევარებსა და ლიტერატორებს. უფრო მეტს, წიგნისა და მისი მთავარი პერსონაჟების შესახებ, ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.

“პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით“ გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა და, როგორც მისი მთავარი რედაქტორი სოფიკო ჯერვალიძე ამბობს, წიგნი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში პირადი წერილების გარდა შესულია პეტრე ხვედელიძის მოგონება, ინტერვიუ ლევან ზურაბიშვილის ქვრივთან ზეინაბ კედიასთან და წერილი „მამაჩემი ლევანი“, რომლის ავტორი საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილია. სოფიკო ჯერვალიძის თქმით, წიგნის მეორე ნაწილი მოიცავს პეტრე ხვედელიძის ბიოგრაფიის ფრაგმენტებსა და ვრცელ ინტერვიუს.

“შეუძლებელია ეს წიგნი შექმნილიყო, რომ არა ბატონი პეტრე ხვედელიძე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ეს უდიდესი ისტორიული განძი სანიმუშოდ შეინახა. მივესალმები იმას, თუკი ლევან ზურაბიშვილი ამ წიგნით საქართველოში დაბრუნდება. წიგნზე მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ოჯახმა იცოდა ის, რომ მე ვაკეთებდი წიგნს, მაგრამ არ იცოდნენ წერილების შინაარსი“.

წერილების შინაარსის შესახებ რომ არაფერი იცოდა ოჯახმა, ამას ადასტურებს სალომე ზურაბიშვილი - ლევან ზურაბიშვილის ქალიშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლება წიგნის წარდგენის დროს ესაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი: „თავიდან როცა მითხრეს ასეთი წიგნი კეთდებაო, ცოტათი ეჭვი შემეპარა, რომ ასეთი რიგითი ყოველდღიური წერილებით მამაჩემის სახე სრულად გამოჩნდებოდა. რომ წავიკითხე ჩემთვის უცნობი ეს წერილები, მივხვდი, რომ მთავრი იდო: ქვეყნისთვის თავდადება და უანგარო მსახურება“.

და მართლაც, საქართველოსადმი უანგარო მსახურება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იმედი იგრძნობა წიგნში შესულ თითქმის ყველა - 45-ივე წერილში. ერთგან ლევან ზურაბიშვილი წერს:

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო აღდგება და ყოველ უსამართლობას ბოლო მოეღება და ეს მოხდება ახლო მომავალში. ასე რომ, ჩვენც ვეღირსებით მის ნახვას და ჩვენს მკვიდრ მიწაზე მისთვის მოღვაწეობას“.

თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ვერ მოესწრო. ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი და პარიზში წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს ერთი-ერთი დამაარსებელი ემიგრაციის 54-ე წელს ისე გარდაიცვალა, რომ გასაბჭოებული სამშობლო ერთხელაც კი არ უნახავს. არადა, როგორც ლევან ზურაბიშვილის მეუღლე, პირველი რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის მექი კედიას ქალიშვილი, ზეინაბ კედია ამბობს, სხვა ემიგრანტების მსგავსად, მასაც შეეძლო საქართველოში ტურისტად ჩასვლა, თუმცა შეთავაზებაზე პრინციპული უარი განაცხადა: სანამ ეგენი არიან, საქართველოში ვერ დავბრუნდებიო და სხვებსაც მოუწოდა: ტურისტები ხომ არ ვართ, აქეთ-იქით ვიაროთ, პოლიტიკული ლტოლვილები ვართ და ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც დევნილებს შეჰფერისო. ნიშანდობლივია, რომ ლევან ზურაბიშვილმა ბოლომდე უერთგულა საქართველოს მოქალაქეობას, რომელიც მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების სანაცვლოდაც არ დათმო. პუბლიცისტი პაატა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ წიგნის გამოცემა დიდად წაადგება ქართული ემიგრაციის კვლევასა და შესწავლას:

„დღეს აშკარაა, რომ როგორც აქ, საქართველოში იქ, ემიგრაციაშიც იყო კარგიც და ცუდიც; იყო ჭკვიანიც და არცთუ მთლად ჭკვიანიც; სამწუხაროდ, იყო მოღალატეც... და კარგია, რომ ეს ყველაფერი თავის განზომილებებს იძენს. ამ წიგნის გამოცემით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით. ლევან ზურაბიშვილი უბრუნდება საქართველოს არამხოლოდ როგორც ღირსებული ემიგრანტი, არამედ საზოგადოდ ღირსეული ქართველი მოღვაწე მთელი ისტორიის განმავლობაში“.

წიგნიდან მკითხველი შეიტყობს, თუ როგორ ცხოვრობდა ქართული ემიგრაცია, რას საქმიანობდნენ მისი წევრები, როგორ იყო საქართველოზე ზრუნვითა და ფიქრით გაჟღენთილი მათი საჯარო ცხოვრება თუ ყოველდღიურობა. ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თავმჯდომარე, მწერალი როსტომ ჩხეიძე ამბობს, რომ წიგნი “პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით“ მნიშვნელოვანია ყველასთვის ვისაც ესმის ნამდვილი ლიტერატურისა და ობიექტურად აღდგენილი ისტორიის ფასი. როსტომ ჩხეიძე სინანულით იხსენებს ივანე მაჩაბლის წერილების დაკარგვის ფაქტს, იმას თუ როგორ უთხრა უარი ვასილ მაჩაბელმა იალია ჭავჭავაძეს პარიზიდან ძმის მიერ გამოგზავნილი წერილების ივერიაში გამოქვეყნებაზე:

„...უთხრა, რომ საამისო არაფერია, ეს ხომ ჩვენი პირადი მიმოწერაა და ჯობია, რომ არ დაიბეჭდოსო. როცა ილია ჭავჭავაძე გთავაზობს, ალბათ უნდა დაუჯერო, რადგანაც საბოლოო ჯამში ეს წერილები, მეტად ძვირფასი დოკუმენტები დაიკარგა. ჩვენ არავის მოვუწოდებთ, რომ წერილები წერონ... თუმცა, რატომაც არა, ვწეროთ წერილები, ვიცოდეთ, რომ დღევანდელი საქართველოს ბედისწერა ისევეა შემოსანახი, როგორც ის ეპოქა ემიგრაციაში, რომელიც ჩვენამდე ლევან ზურაბიშვილმა და პეტრე ხვედელიძემ მოიტანეს“.

პეტრე ხვედელიძე, რომლის შესახებაც როსტომ ჩხეიძე ლაპარაკობდა, 95 წელს მიტანებული ქართველი ემიგრანტია. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, მსახურობდა ქართულ ლეგიონში, რომელიც ომის მიწურულს დე გოლის ნაწილებს შეუერთდა. ომის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონში, თუმცა ვიეტნამის ომში მიღებული მძიმე ჭრილობის გამო, სამხედრო კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მოგვიანებით, 1956 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 18 წლის განმავლობაში „ამერიკის ხმის“ ქართულ განყოფილებაში მუშაობდა. იყო ამერიკის ქართველთა სათვისტომოს გამგეობის წევრი. პეტრე ხვედელიძის მდიდარ პირად არქივსა და ბიბლიოთეკას 2004 წლიდან ამრიკაში მცხოვრები მკვლევარი ციცინო ჯერვალიძე ამუშავებს. სულ მალე დღის სინათლეს იხილავს ცნობილი საზოგადო მოღვაწის რევაზ გაბაშვილის წერილები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პეტრე ხვედელიძეს აქტიური მიმოწერა ჰქონდა ილია კუჭუხიძესთან, ალექსანდრე მანველიშვილთან და ქართული ემიგრაციის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლებთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არ იქნება ბოლო წიგნი. საგულისხმა ისიც, რომ მოვლენებით მდიდარი საკუთარი ცხოვრების შესახებ მემუარებს თავად პეტრე ხვედელიძეც წერს.
XS
SM
MD
LG