Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დედაქალაქში თბილისობა 2010-ის აღნიშვნა გრძელდება


ყურძნის დაწურვის პროცესი "ვარდების მოედანზე" მოწყობილ დიდ საწნახელში, თბილისობა 2010
ყურძნის დაწურვის პროცესი "ვარდების მოედანზე" მოწყობილ დიდ საწნახელში, თბილისობა 2010
წლევანდელი თბილისობა ტრადიციულისგან ხანგრძლივობით განსხვავდება. საზეიმო ღონისძიებები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს და კიდევ 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შესაბამისად ამ დღეების მანძილზე თბილისისადმი მიძღვნილი მრავალი გამოფენა, სპორტული შეჯიბრება, კონცერტი თუ პრეზენტაცია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებების კულმინაციას კი უქმე დღეები წარმოადგენს, როდესაც დედაქალაქში რამდენიმე ბაზრობა და სახალხო სეირნობა მიმდინარეობს.

თბილისობა 2010-ის ოფიციალური ვებსაიტი
თბილისობის აღნიშვნის მესამე დღე ვარდების რევოლუციის მოედანზე საზეიმო კონცერტით, ძველი ავტომობილების გამოფენითა და ტრადიციად ქცეული ყურძნის დაწურვის ცერემონიალით დაიწყო. დიდი ზომის საწნახელში, რომელიც სასტუმრო რედისონის წინ ააგეს, და რომელშიც მერიის მიერ შეძენილი 7 ტონა ყურძენი მოათავსეს, პირველად თბილისის მერი გიგი უგულავა ჩავიდა. მას შეურთდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ინტერვიუ საწნახელში, მასთან ერთად ჩასულ ჟურნალისტებს, ყურძნის წურვის პროცესში მისცა:

”მიუხედავად ცუდი ამინდისა თბილისელებს არ გაგვიფუჭდება ხალისი და მინდა, რომ ეს ორი დღე იყოს განტვირთვის დღე და ყველამ დავისვენოთ”.

თბილისის მერისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიერ დაწურული დაახლოებით 3000 ლიტრზე მეტი ყურძნის წვენი სპეციალური ღვინის მოსამზადებლად გადაინახეს, დარჩენილი ყურძნის წვენი და ჭაჭა კი თბილისელებს გაუნაწილეს. მათი ნაწილი კმაყოფილია იმით, რომ უსასყიდლოდ მოპოვებული წვენით ღვინის დაყენებას შეძლებს, ნაწილი კი ყურძნის წურვაში თბილისურს ვერაფერს ხედავს და უფრო ძველებური ბაზრობა მოსწონს:

ყველის ბაზრობა "ვარდების მოედანზე", თბილისობა 2010
”აი იქით ბაზარია, რეგიონებიდან რომ ჩამოდიან და ყიდიან, ის უფრო მომწონს”.

მიუხედავად საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობისა, თბილისობის საზეიმოდ დედაქალაქის ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა.

მათთან ერთად თბილისობა აღნიშნეს უცხოელმა სტუმრებმა, 43 ქალაქის მერმა და ვიცე-მერმა, რომლებიც თბილისში ევროპის მერების კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. უცხოელი სტუმრები მტკვარზე ტივით გაასეირნეს და ტივზევე გაშლილი სუფრით გაუმასპინძლდნენ. ამ აქციის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი საუბრობს:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტივით სეირნობა საოცარი ტრადიციაა, და გვინდა, ეს შევინარჩუნოთ. ტივზე მიგვყავს ის სტუმრები, რომლებიც თბილისში არიან ჩამოსული და გვინდა, მათ ვანახოთ ის ცოცხალი ტრადიცია, რომლითაც თბილისი მდიდარი იყო”.

ტივით სეირნობის საშუალება რიგით თბილისელებს კვირა დღესაც ექნებათ. გაგრძელდება ბაზრობებიც. მომდევნო კვირის სამუშაო დღეებში კი თბილისობის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, მათ შორის თბილისის მეცამეტე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი. თბილისობის აღნიშვნა 30 ოქტომბერს AlterVision-ის კონცერტით დასრულდება.
XS
SM
MD
LG