Accessibility links

რამდენად მყარია ნატო-რუსეთის დაახლოების სურვილი?


ანგელა მერკელი, ნიკოლა სარკოზი და დმიტრი მედვედევი

ანგელა მერკელი, ნიკოლა სარკოზი და დმიტრი მედვედევი

რადგან ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს სამხედრო ცხოვრებაში საინტერსო არაფერი მომხდარა, ამიტომ საერთაშორისო სამხედრო სიახლეებზე, უფრო ზუსტად ძველი მტრების - ნატოს სამხედრო ბლოკისა და რუსეთის დაახლოების მცდელობაზე ვისაუბრებთ. ამის ნათელი დადასტურება იყო გასულ კვირაში საფრანგეთში გამართული სამი ქვეყნის - საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების სამიტი. საფრანგეთში მყოფმა დმიტრი მედევდევმა განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს ნატოს ლისაბონის სამიტში და მზად არის განიხილოს ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში რუსეთის მონაწილეობა, რაც რუსეთის ლიდერის თქმით, ჯერ არც ნატოსთვის არ არის ბოლომდე გასაგები და არც - რუსეთისათვის.

„ჩვენ ახლა ვაფასებთ ამ შემოთავაზების იდეას. თუმცა, ვფიქრობ, რომ თავად ნატომაც უნდა გაარკვიოს, თუ რა სახით წარმოუდგენიათ მათ რუსეთის ჩართვა ამ სისტემაში. რა შედეგს მოიტანს ეს. როგორი სახით შეიძლება გაფორმდეს შეთანხმება და როგორ უნდა ვიმუშაოთ სამომავლოდ. სწორედ ამ წინადადების შეფასების საფუძველზე შეიძლება გავცეთ პასუხი შეკითხვას, თუ როგორ შეიძლება ვიმუშავებთ სამომავლოდ ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვსი სისტემის შექმნის კუთხით“.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას რუსეთი სულ რაღაც ერთი წლის წინათ გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პირველადი გეგმა ითვალისწინებდა ე.წ. მესამე პოზიციური რაიონის შექმნას. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკაში განლაგდებოდა რადარი, პოლონეთში კი გზაგადამჭრელი რაკეტები, ევროპისაკენ გაშვებული საკონტინენტთაშორისო რაკეტების შეჩერების მიზნით.

ეს გეგმა, რომელსაც მოსკოვი მწვავედ ეწინააღმდეგებოდა, ობამას ადმინისტრაციამ ჩაანაცვლა ახლით, რომელიც საზღვაო და სახმელეთო რაკეტების განთავსებას ითვალისწინებს. რუსეთის წარმომადგენლები თავიდან მშვიდად შეხვდნენ შეერთებული შტატების გეგმას პოლონეთში მოკლე მანძილის, „პეტრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ. თუმცა თებერვლის დასაწყისში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ მან შეიძლება რუსეთის სარაკეტო ძალების მოქმედებას შეუშალოსო ხელი. ამასთან, გენერალმა მაკაროვმა უნდობლობა გამოხატა იმ თვალსაზრისის მიმართ, რომლის თანახმადაც, ეს ანტისარაკეტო სისტემა მხოლოდ საფრთხის მატარებელი ქვეყნების - მაგალითად, ირანის ან ჩრდილოეთ კორეის - პოტენციური თავდასხმის მოგერიებას ისახავს მიზნად:

„[რუსეთის ბირთვული] დოქტრინის დასკვნით, [შეერთებული შტატების] ანტისარაკეტო სისტემის დაარსება და განვითარება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არის მიმართული. მიუხედავად იმ სახელმწიფო მოღვაწეების განცხადებებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ამით ჩვენი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, ეს ასე ნამდვილად არ არის“, - აცხადებს მაკაროვი.

გასულ კვირაში საფრანგეთში გამართულ სამიტზე მედვედევმა დიპლომატიურად აუარა გვერდი მოსკოვის ტრადიციულ „საფრთხეებზე“ და „შიშებზე“ საუბარს. სამაგიეროდ რამდენჯერმე ახსენა „კომპრომისი“, რომელიც მოახლოებულ ლისაბონის სამიტზე შეიძლება იქნეს მიღწეული ევროპის სანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის საკითხში. ასეთი პოლიტკორექტულობის მაგალითს მედვედევს მისი კოლეგები, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლ სარკოზი აძლევდნენ, რომლებიც რუსეთის ლიდერს უქებდნენ მზადყოფნას, ჩაერთოს არსებული, თუ „სამომავლო საფრთხეების ერთობლივად გადაჭრის პროცესში“.

„ვფიქრობ, რუსეთმა თავად უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, თუ რას ფიქრობს ევროპის ანტისარაკეტო სისტემაზე. ამაზე მე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე მოხარული ვარ, რომ არსებობს ფუნდამენტური მზადყოფნა განხილულ იქნეს ასეთი საკითხები და ნატოს თანამშრომლობას რაციონალური ფონი შევუქმნათ. ჩემი აზრით, და ეს რუსეთმაც არაერთგზის გაიმეორა, - ისეთი დიდი საფრთხეები, როგორიცაა ტერორიზი, არშემდგარი სახელმწიფოები, ბირთვული იარაღი, - ყველა ჩვენგანისათვის წარმოადგენს საფრთხეს და, სადამდეც კი შესაძლებელია, მათთან გამკლავებას ერთად უნდა ვეცადოთ“, - განაცხადა სამიტზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

თუმცა ღიად დარჩა კითხვა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ჰიპოთეტური სამომავლო თანამშრომლობა ევროპის ანტისარაკეტო თავდაცის სისტემის შექმნის მიმართულებით? რუსული გამოცემა “ეჟენედელნი ჟურნალის” სამხედრო მიმომხილველ ალექსანდრ გოლცს ამ შეკითხვაზე თავისი ვარაუდი აქვს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გოლცმა განაცხადა, რომ პერსეპქტივაში რუსეთი მხოლოდ შეზღუდულ ანტისარაკეტო თავდაცვის სიტემაში მონაწილეობას დათანხმდება. ექსპერტის განმარტებით, იგულისხმება, მოწინააღმდეგეების სარაკეტო იერიშებისაგან საომარი მოქმედებების რომელიმე კონკრეტული თეატრის დაცვა:

„უფრო ზუსტად, მომზადება და კოორდინაცია იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რომელიმე სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ძალების უსაფრთხოება და დაცვა პოტენციური მოწინააღმდეგის სარაკეტო იერიშების შემთხვევაში. უნდა ითქვა, რომ რუსეთი და ნატო საკმაოდ წინ წავიდნენ ამ საქმეში. ერთობლივი საშტაბო-სამეთაურო სწავლებებიც კი გაიმართა - ერთი შეერთებულ შტატებში და მეორე რუსეთში - თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ინსტიტუტის ბაზაზე; რითაც გასაგები გახდა, ასეთი შეზღუდული ანტისარაკეტო თავდაცის სისტემის არეალის არქიტექტურა“.


რუსეთთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის ნატო კონცეპტუალურ საფუძველსაც ქმნის. ლისაბონის სამიტზე მიღებული იქნება ალიანსის ახალი, ათწლიანი სტრატეგია, რომელშიც, ნატო არსებობის განმავლობაში პირველად, რუსეთი არ იქნება მოხსენიებული როგორც „საფრთხე“. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ცოტა ხნის წინათ რუსეთს უწოდა „პარტნიორი” მათ შორის, ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შესაძლო შექმნის თვალსაზრისით. რუსეთის ხელისუფლებაც ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად საუბრობს ნატოსთან შეხედულებების დაახლოებასა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავებაზე. სამხედრო მიმომხილველი ალექსანდ გოლცის დაკვირვებით, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გარანტია ვაშინგტონისაგან და ბრიუსელისაგან, რომ „უახლოეს ხანებში ნატოს გაფართოება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე აღარ მოხდება”... თუმცა ლისაბონის სამიტი ალბათ უფრო უკეთ გასცემს პასუხებს შეკითხვაზე, თუ რამდენად მყარი და გულწრფელია ნატოსა და რუსეთის დაახლოების სურვილი.
XS
SM
MD
LG