Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია თომაძე


საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გია თომაძე
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გია თომაძე
რადიო ”თავისუფლების” დილის სტუმარი საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გია თომაძე იყო. საუბრის თემა კი ორგანოთა დონაციის - სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მეთოდს მიეძღვნა. 23 ოქტომბერს, საქართველომ „ორგანოთა დონაციის მე–12 ევროპულ დღეს (12th EODD)“ უმასპინძლა, რომლის ძირითადი მიზანი ტრანსპლანტაციის მნიშვნელობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო. როგორც გია თომაძემ საუბრისას აღნიშნა, მსოფლიოში ყოველ 30 წამში ერთი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო იღუპება, რომ დონორის მოძიება ვერ ხერხდება: ”დღესდღეობით საქართველოში 108 ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ორგანო აქვთ გადანერგილი. მათგან 101-ს გადანერგილი აქვს თირკმელი, შვიდს კი - ღვიძლი. ეს რაოდენობა ძალიან მცირეა, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ათასზე მეტი ადამიანი დიალიზს იკეთებს, დანარჩენი კი აღნიშნული პროცედურის ჩატარებას ელოდება. მოგეხსენებათ, რამდენადაა ასევე გახშირებული ციროზი, კარდიომიოპათია... შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მსგავსი დაავადებების მქონე ადამიანები იღუპებიან”, - აღნიშნავს გია თომაძე. მისივე თქმით, თუკი ადამიანს გაუჩნდება სურვილი, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოები სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქნეს გამოყენებული, ამისათვის არსებობს სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა, რომლის შევსების შემდეგ, მათ ეძლევათ დონორის ბარათი, რაც მოწმობს იმას, რომ მათი ორგანოები სიკვდილის შემდეგ, გადანერგვისათვის იქნება გამოყენებული: ”წარმოიდგინეთ, რომ გარდაცვლილმა ადამიანმა შესაძლებელია სიცოცხლე შეუნარჩუნოს, სიცოცხლე აჩუქოს ექვს-შვიდ მომაკვდავ ადამიანს”, - ამბობს გია თომაძე.
XS
SM
MD
LG