Accessibility links

logo-print

საარჩევნო გარემოზე ზრუნვა - არგუმენტები და კონტრარგუმენტები


”ქართული აკადემია” პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის მუშაობის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციის უმთავრესი ადრესატია ის 8 პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლებმაც ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი შექმნეს და მასზე მუშაობის ერთობლივად დაწყების მიზნით საგანგებოდ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ოპოზიციურ ”რვიანს” ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია. შესაბამისად, ოპოზიციის მომხრე ძალების ერთი ნაწილი - მათ შორის, ”ქართული აკადემია” - მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსზე არდაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბს ეძებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქართული აკადემია” მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით 8 რეიტინგული პარტიის ერთობლივმა გეგმამ ხელისუფლება კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა: შეთავაზებულ პოლიტიკურ დიალოგზე ის უარს ვერ იტყვის, მაგრამ ვინაიდან სამართლიანი არჩევნები მის ინტერესებში არ შედის, ჩიხში მომწყვდეული, თავის გადარჩენას პოლიტიკური პროცესის ესკალაციითა და ოპონენტების ხისტი გამოწვევით ცდილობს. ასე აფასებს შექმნილ ვითარებას ”ქართული აკადემიის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თემურ ნანეიშვილი, და ასახელებს ორ ფაქტს, რომლებიც სწორედ ამ ესკალაციის კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ. ესაა: 130 000 ხელმოწერით ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა კანონპროექტის დაბლოკვა, რომელიც არჩევნების ბიომეტრულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებას გულისხმობდა, და ლილოს ბაზრობის ცნობილ ინციდენტში ”ეროვნული ფორუმის” წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის, დაკავება:

”ფორუმი ითვლება ამ ინიციატივის სათავეში. მთავრობას უნდა რამენაირად გაამწვავოს სიტუაცია. მაგათ ურჩევნიათ რევოლუციური გზით განვითარდეს მოვლენები და რევოლუციური გზით განვითარებულ მოვლენებს არ დაუჭერს არც უცხოეთი და არც ჩვენი საზოგადოება მხარს”.

თემურ ნანეიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ამ ნაწილთან ხელისუფლების დიალოგის დაწყება მხარდაჭერილი იდეაა როგორც საზოგადოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. პროექტი 8 პარტიამ 4 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს წარუდგინა, 12 ოქტომბერს კი დიპლომატიურ კორპუსს გააცნო. ცვლილებების პროექტი ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს. ესენია: საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ცვლილებების პროექტს ”თავისუფალი დემოკრატები”, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, „ახალი მემარჯვენეები“, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ხალხის პარტია, „საქართველოს გზა“ და „ეროვნული ფორუმი“ თითქმის სამი თვის განმავლობაში აჯერებდნენ. ვინაიდან ოპოზიციური „რვიანის“ მიერ პოლიტიკური დიალოგის შეთავაზებას მმართველი პარტია ჯერ არ გამოხმაურებია, ”ეროვნული ფორუმის” აზრით, ”ქართული აკადემიის” ვარაუდი, რომ ხელისუფლება რეპრესიული მანქანის გაძლიერებითაა დაინტერესებული, გასაზიარებელია.

”კი, ამას ჰგავს. ეს ასეა და მათი მიზანია, რომ ჩვენი მხრიდან გამოიწვიონ ისეთი ქმედებები, რომლებიც, ფაქტობრივად, ჩაშლის ამ პროცესს. ამ შეთავაზების შემდეგ ხელისუფლება არის საკმაოდ მძიმე ვითარებაში. მან ან უარი უნდა თქვას ამ პროცესზე, ან არადა, უნდა მიიღოს ის, რასაც ვთავაზობთ. მისი ამოცანაა, რომ პროცესი დაწყებამდე ჩაშალოს, ამიტომ მიმართავს ამ რეპრესიულ ღონისძიებებს იმისათვის, რომ ჩვენ წყობიდან გამოგვიყვანოს და ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი ვთქვათ”, - ამბობს ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი.

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ამ მოსაზრებაზე კომენტარსაც კი ზედმეტად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ მზადაა, ოღონდ დათქმებისა და ულტიმატუმების გარეშე:

”მიზანი არის, რომ პოლიტიკური პარტიების მაქსიმალური ჩართულობა იყოს და სამუშაო ფორმატი იქნეს იმდაგვარი, რომ მუშაობა კონსენსუსზე ორიენტირებული აღმოჩნდეს. ჩვენი ინიციატივა დაფიქსირებული იყო უშუალოდ მაისის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენი პოზიცია იყო მუშაობის განახლება ახალ ფორმატში იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც 2010 წლის არჩევნებზე გამოვლინდა”.

საარჩევნო კოდექსის დახვეწა და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მრავალი წელია არც ოპოზიციის პოლიტიკური კალენდრიდან ქრება და არც ხელისუფლებისა. მიმდინარე წლის შემოდგომა, როგორც ჩანს, ამ მხრივ, კიდევ ერთი ათვლის წერტილია.
XS
SM
MD
LG